geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:40
McDonald's-ი ოლიმპიური თამაშების სპონსორობაზე უარს ამბობს
2017-06-19 10:00:01
+
-

McDonald's-ი უძველესი და ყველაზე პოპულარული სპორტული შეჯიბრის ოლიმპიური თამაშების სპონსორი აღარ იქნება. ორ მხარეს შორის თანამშრომლობას საფუძველი 1968 წლის გრენობლის (საფრანგეთი) ოლიმპიადაზე ჩაეყარა, როდესაც კომპანია ტურნირზე მონაწილე სპორტსმენებს ჰამბურგერებით ამარაგებდა.

 

McDonald's-ი აშშ-ს ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური სპონსორი 1976 წელს გახდა და მას შემდეგ კომპანია ოლიმპიურ თამაშებთან ასოცირდებოდა. 1984 წელს კომპანიას ჰქონდა კამპანია სლოგანით „როდესაც აშშ იმარჯვებს, შენც გამარჯვებული ხარ" - კამპანიის მიხედვით, თუკი აშშ ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს აიღებდა, მომხმარებელს მედლის შესაბამისად, უფასო „ბიგ მაკი," კარტოფილი ფრი ან „კოკა-კოლა" ერგებოდა. თუმცა კამპანია ფინანსურ კატასტროფად იქცა, ვინაიდან ოლიმპიადას საბჭოთა კავშირმა ბოიკოტი გამოუცხადა და შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიიღო. აშშ-მ კი, შესაბამისად, იმაზე მეტი მედალი მიიღო, ვიდრე ნავარაუდევი იყო.

 

ამის მიუხედავად, McDonald's-ი 2018 წლის ოლიმპიადის სპონსორი ისევ იქნება, რომელიც ფიონგჩანგში (სამხრეთ კორეა) ტარდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რესტორანი წარმოდგენილი იქნება ოლიმპიურ პარკსა და ოლიმპიურ სოფელში. ასევე, როგორც ოლიმპიადის სპონსორს, კომპანიას სამხრეთ კორეაში რეკლამის განთავსების უფლება ექნება.

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მარკეტინგის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაიკლ პეინმა CNNMoney-ისთვან საუბრისას აღნიშნა, რომ McDonald's-ის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო: „კომპანია ოლიმპიადას უკვე ძალიან დიდი ხანია ასპონსორებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული," განაცხადა მან.

 

უკანასკნელ პერიოდში ოლიმპიადის სპონსორობაზე უარი არაერთმა დიდმა კომპანიამ განაცხადა. მათ შორის არიან Budweiser, TD Ameritrade, AT&T, Citi და Hilton-ი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ სასპონსორო კონტრაქტი აშშ-ს ოლიმპიური კომიტეტთან და არა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან აკავშირებდათ.

 

ავტორ(ებ)ი: CNNMoney