geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:41
დიმიტრი ქუმსიშვილმა AIIB-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის რანგში მმართველთა საბჭოს დღევანდელი დისკუსია წაიყვანა
2017-06-17 14:04:59
+
-

როგორ შეუძლია აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) დაეხმაროს ქვეყნებს, მოიზიდონ კერძო კაპიტალი და შესაბამისად, რა ინსტრუმენტების განვითარებაა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით - ეს იყო ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ წაიყვანა.

 


როგორც "კომერსანტს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციურ და სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა.

 


„საქართველო ძირითად ინფრასტრუქტურაში უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში 5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვა ამ მიმართულებით," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ამჟამად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საჯარო და კერძო პარტნიორობის კანონზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უკვე მომზადებულია და მალე წარედგინება მთავრობას განსახილველად. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება კერძო სექტორის მოზიდვას. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა უნდა განავითაროს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა დამატებითი გარანტიები კერძო სექტორისათვის, რისკის შემცირება და მინიმიზაცია, ასევე, სხვა მასტიმულირებელი ინსტრუმენტები," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


პირველმა ვიცე-პრემიერმა 16-17 ივნისს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. წელს აღნიშნული შეხვედრა კორეის რესპუბლიკაში ჩატარდა.