geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:42
„საარსებო მინიმუმი და მინიმალური ხელფასი ერთმანეთს არ უნდა გაუტოლდეს"
2017-06-19 10:00:51
+
-

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის ვეფხია გიორგაძის განცხადებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 2300 კილოკალორია არ არის საკმარისი. ამის შესახებ მან რადიო "კომერსანტის" გადაცემაში "პროფესიონალები" ისაუბრა.

 

საარსებო მინიმუმი აპრილთან შედარებით, 2,4 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 20 თეთრი შეადგინა.
მაისში საარსებო მინიმუმი წლიურად 13,4 ლარითაა გაზრდილი.

 

"საარსებო მინიმუმი მაქსიმუმს არის მიღწეული და იანვრის შემდეგ, ყოველ წინა თვესთან შედარებით, ორი ლარით არის გაზრდილი. როგორც იცით, საქსტატი საარსებო მინიმუმს იმ მეთოდოლოგიით ითვლის, რაც ყველა ქვეყანაში ერთია, თუმცა პრობლემა არის არა მეთოდოლოგიაში, არამედ მეთოდიკაში. ანუ როგორ უნდა გადანაწილდეს თითოეული კილოკალორია ადამიანზე, რომ მან სრულფასოვნად შეძლოს ძალების მოკრება, აღდგენა და შემდეგი დღისთვის აღდგენილი ძალებით და შემართებით სამუშაოს შესრულება შეძლოს. 2300 კილოკალორია არ არის საკმარისი", - აღნიშნა გიორგაძემ.

 

მისი თქმით, სასურსათო და არასასურსათო პროდუქტის გადანაწილება არა 70/30%-ზე, არამედ 55/45-ზე უნდა იყოს.

 

„დღეს, საარსებო მინიმუმში სასურსათო პროდუქტს 70% უკავია, ხოლო არასასურსათოს - 30%. რა თქმა უნდა, ეს პროცენტი შესაცვლელია იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებიც არის საზღვარგარეთ აღებული. აუცილებელია ზამთრისა და ზაფხულის კალათის შემოღება მოხდეს. ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2014 წელს დათვალა და გადანაწილებაც შესაბამისად მოხდა. კალათში 55% სასურსათო პროდუქტმა უნდა დაიკავოს, 45% - არასასურსათო პროდუქტმა. ასეთ გადანაწილებას ვემხრობი, რადგან ეს კალორიები დიეტოლოგმა და პროფესიონალმა ადამიანებმა გამოთვალეს",- განაცხადა გიორგაძემ.

 


კითხვაზე, უნდა გაუტოლდეს თუ არა საარსებო მინიმუმი მინიმალურ ხელფასს, ვეფხია გიორგაძე პასუხობს, რომ სხვა ქვეყნებს მსგავსი პრაქტიკა აქვს, თუმცა საქართველო იმ დონეზე განვითარებული არ არის, რომ საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის გატოლება მოხდეს.

 

 

„საარსებო მინიმუმის მინიმალურ ხელფასთან გატოლება ძალიან ცუდი იქნება. კარგი იქნებოდა, რომ საარსებო მინიმუმი მინიმალურ ხელფასთან არ შეგვედარებინა. საარსებო მინიმუმი ეკონომიკაში მხოლოდ ინდიკატორი უნდა იყოს. საზღვარგარეთ მსგავსი პრაქტიკა არის და იქ საარსებო მინიმუმი და მინიმალური ხელფასი ერთმანეთს უტოლდება, მაგრამ ისინი სხვა დონის ქვეყნები არიან და ჩვენ - სხვა. ამ ქვეყნებში სახელფასო ანაზღაურება გაცილებით მაღალია. ასეთი გატოლება ჩვენისთანა განვითარების ქვეყნის ბიუჯეტს მძიმედ დააწვება, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს. ამ გადაწყვეტილებით მათ სრულ განადგურების პირამდე მივიყვანთ", - აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი