geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:43
პერიოდული გამოცემების გასაყიდად თბილისის ქუჩებში სტელაჟები განთავსდება
2017-06-15 10:00:21
+
-

ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების გასაყიდად, თბილისის ქუჩებში მალე, გარევაჭრობის წესის გათვალისწინებით სტელაჟები დაიდგმება. სპეციალური სტელაჟების მომზადება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაევალა​.

 

​როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პორტალ "კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა, გარევაჭრობის ახალი წესის შესახებ პროექტი დედაქალაქის საკრებულოს უახლოეს დღეებში წარედგინება, სადაც საუბარი იქნება გარევაჭრობასთან დაკავშირებულ ძირითად ჩარჩო - რეგულაციებზე, წესებსა და ქალაქის ადმინისტრაციასთან შეთანხმების ფორმებზე.

 

"დროა, ქალაქი, ერთხელ და სამუდამოდ, გადავიდეს გარევაჭრობის ცივილურ წესზე. გარეთ უნდა გაიყიდოს მხოლოდ ისეთი საქონელი, რომელიც არ ფუჭდება, მაგალითად პრესა, წიგნები, სუვენირები და ა.შ. ამ ეტაპისთვის, ვიდრე ახალ წესს არ მივიღებთ, პრესას არ შევეხეთ, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საზოგადოებისთვის, მათთვის ვამზადებთ სპეციალურ სტელაჟებს. გვინდა, რომ პრესის გავრცელებაც მოწესრიგებული სტელაჟებიდან განხორციელდეს", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

დავით ნარმანიას განმარტებით, მოსახლეობა საკმაოდ აქტიურად ითხოვდა, რომ ქალაქის სხვადასხვა ადგილები გაეთავისუფლებინათ გარევაჭრობისგან, რადგან რიგ ადგილებში გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ასევე, ადგილი ჰქონდა სურსათის უვნებლობის წესების დარღვევას.

 

 

„პირადად მივიღე ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს ადგილები გაგვეთავისუფლებინა. გვესმის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაჭრობენ, არ ულხინთ, ამიტომ წინასწარ მოვეთათბირეთ ბაზრობების ადმინისტრაციებს, რომ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ვაჭრობის გადასახადისგან გაგვეთავისუფლებინა ეს მოქალაქეები", - განაცხადა თბილისის მერმა.