geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:38
„ტურისტს, როგორც ერთჯერადი შემოსავლის წყაროს, ისე არ უნდა შევხედოთ"
2017-06-16 10:00:50
+
-

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის განცხადებით, ტურისტს, როგორც ერთჯერადი შემოსავლის წყაროს, ისე არ უნდა შევხედოთ და ქვეყნიდან კმაყოფილი გავუშვათ, რომ მეორედაც ჩამოვიდეს. 

 

როგორც მან რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „ბიზნესის ადვოკატი" აღნიშნა, ქვეყანაში მომსახურების დონე ძალიან დაბალია და თუ ეს არ გამოსწორდა, საიმიჯო კამპანიების ჩატარება სიტუაციას ვერ გააუმჯობესებს.

 


„ყველამ კარგად ვიცით, ქვეყანაში როგორი მომსახურების დონეც არის. ბოლო პერიოდში მარკეტინგული და პიარის თვალსაზრისით კარგი ნაბიჯები გადაიდგა. თუნდაც ტურიზმის ადმინისტრაციამ გასულ წელს და წელსაც ძალიან კარგი სამუშაოები გაწია. ამან კარგად იმუშავა, მაგრამ მეორე საკითხია, ტურისტს აქ რას ვახვედრებთ. ინდივიდუალური მეწარმეების თემას მინდა შევეხო. მომსახურების დონე დღეს დაბალი გვაქვს. ხშირია შემთხვევა, რომ ტურისტისთვის მომსახურებაზე სხვა ფასია, ქართველისთვის - სხვა. რაოდენ კარგი საიმიჯო კამპანიაც არ უნდა ვაწარმოოთ, მსგავსი მიდგომა უარყოფით შედეგებს მოგვიტანს. ყველაზე კარგი რეკლამა არის აქ ჩამოსული ადამიანი, რომელიც უკან ბრუნდება სამშობლოში. აქედან მომსახურების გამო უკმაყოფილოს რომ გავუშვებთ, იმედი აღარ გვქონდეს, ის მეორედაც ჩამოვიდეს. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით მომსახურების ხარისხის დონის აწევაა საჭირო. ამ მხრივ გარკვეული კამპანიები დაწყებულია. რამდენიმე სემინარიც გაიმართა. ტურისტს, როგორც ერთჯერადი შემოსავლის წყაროს, ისე არ უნდა შევხედოთ",- აღნიშნა ბაირახტარმა.

 

კითხვაზე - ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი, გესთჰაუზები თუ საოჯახო სასტუმროები მსხვილ უცხოურ სასტუმროთა ქსელებს კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ბაირახტარი პასუხობს, რომ ამ ორ მიმართულებას სხვადასხვა დონის მომხმარებელი ჰყავს.

 


„დიდი ინვესტორები, რომლებიც შემოდიან და ინვესტიციას ახორციელებენ სხვადასხვა სასტუმროებსა და დაწესებულებებში, რადიკალურად განსხვავდებიან იმ საშუალო ტიპის სასტუმროებისგან, რომლებიც ქვეყნის შიგნით, ბანკიდან აღებული კრედიტებით აშენებენ თავის ბიზნესს. ალბათობა, რომ ეს დიდი სასტუმროები ადგილობრივთან კონკურენციაში შევიდნენ, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამ ყველაფერს თავისი სეგმენტი ჰყავს. როდესაც საშუალო დონის ოჯახი თბილისიდან ან სხვა რეგიონებიდან საკურორტო ზონაში დასასვენებლად ჩადის, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაისვენოს და შესაბამისად, გესთჰაუზში ან საოჯახო ტიპის სასტუმროში წავა. ამდენად, ორივე მიმართულებას თავისი მომხმარებელი ჰყავს და ერთამენთის გადაფარვის საფრთხეს, მე პირადად ვერ ვხედავ",- განაცხადა ბაირახტარმა.

 


მისივე თქმით, იმის გამო, რომ საბანკო სფეროში მაღალი საპროცენტო განაკვეთია, მცირე და საშუალო ბიზნესი იძულებული ხდება, თავის მომსახურებას ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი დაადოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ისევ თავად ზარალდება: „ბაზარზე ყველაფრის ფასს მოთხოვნა-მოწოდება განსაზღვრავს. ის მცირე ბიზნესი, ვისაც მომსახურებაზე ადეკვატური ფასი ვერ ექნება, კონკურენტუნარიანიც ვერ გახდება. თანაც არაადეკვატური ფასდადების შემთხვევაში, პირველ რიგში, თავად ის ინდმეწარმე დაზარალდება. რაც შეეხება ე.წ. ქართულ კრედიტებს, დღეს ისეთი საპროცენტო განაკვეთია, რომ ბიზნესის დაწყება ძალიან რთულია. თითქმის შეუძლებელიც კი. ინდმეწარმეს ძალიან უჭირს, რომ 12-15%-იან სესხს მოემსახუროს. თან ბიზნესი განავითაროს და თან ოჯახი შეინახოს. ამ სფეროში აუცილებლად არის მოსაძებნი გამოსავალი, თუმცა ეს საკმაოდ გრძელი თემაა".