geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:43
"ოტიას ეზო" - ოტია იოსელიანის მეურნეობა წყალტუბოში
2017-06-15 10:00:05
+
-

28 წლის ოტია იოსელიანი წყალტუბოში ოჯახურ მეურნეობას „ოტიას ეზოს" უძღვება. ის პროფესიით არქიტექტორია, თუმცა როგორც „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, მეურნეობა არქიტექტურასთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი საქმეა.

 

„ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლმუზეუმში მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნდა. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ.

 

 


სახლმუზეუმის პირველ სართულზე მარანია განთავსებული, სადაც სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი. როგორც მწერლის შვილიშვილი ოტია იოსელიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, სამომავლოდ მეურნეობის გაფართოება და „ოტიას ეზოში" სხვადასხვა სახის სიახლის დანერგვა სურს.

 

„ოტიას ეზო" საოჯახო მეურნეობაა, სადაც ნატურალურ პროდუქციას ტრადიციული მეთოდებით ვამზადებთ. წელს მეურნეობას პირველ სართულზე ღვინის მარანი დავამატეთ, ანუ ჩვენთან მოსული სტუმარი იმერულ ღვინოს დააგემოვნებს. პირველი სართულზე სარდაფი იყო და ჩვენ მას მარანის სახით ფუნქცია შევძინეთ. მსგავსი ტიპის შატო აღმოსავლეთში ჩემ მეგობრებსაც ჰქონდათ და ამ ადგილის ასე მოწყობა მათ მირჩიეს." - განაცხადა ოტია იოსელიანმა.

 

 

როგორც იოსელიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მათთან სხვადასხვა სახის ღვინის წარმოება ხდება.


„ჩვენ ქარხნის ღვინოს არ ვაწარმოებთ, ეს ოჯახის ღვინოა. ვამზადებთ, ციცქა ცოლიკაურს, კრახუნას და წელს ოცხანურ საფერეს დავამატებთ. ბოთლი ღვინის ფასი 15-დან 25-ლარის ფარგლებში მერყეობს." - განაცხადა იოსელიანმა.

 

ახალგაზრდა მეწარმემ „კომერსანტთან" სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

 

„პირველ სართულზე ლანჩ მენიუს დამატებას ვაპირებთ, თუმცა ის გადაპრანჭული ქართული სუფრის მსგავსი არ იქნება. ამჟამად ინვესტორის მოძიების პროცესში ვარ, რადგან მინდა ტრადიციული არქიტექტურით ეზოში ხის სახლები ჩავდგა და ტურისტები იქ მივიღო. ვფიქრობ, რომ თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებ, ჩემი მეურნეობა წარმატებული იქნება. წყალტუბოში ბევრი ტურისტი ჩამოდის და ეს ჩემი მეურნეობა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს მას."

 

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე