geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:14
"რეზონანსი": მსოფლიოში დოლარი სუსტდება, საქართველოში ლარი მყარდება
2017-05-18 12:40:32
+
-

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო და 2.48-იანი ნიშნულიდან კურსი 2.40-მდე ჩამოვიდა. მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არის გარკვეული წინაპირობა იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდეს და ზაფხულის პერიოდში სტაბილურობა შეინარჩუნოს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიუხედავად ამისა, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზაფხულში გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყება. ამჟამინდელი გამყარება-გაუფასურება მათ ხელოვნურ პროცესად მიაჩნიათ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ბირჟებზე დოლარის პოზიცია თანდათან სუსტდება. 6 ნოემბრის შემდეგ ამერიკული ვალუტა ევროსთან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუ იანვარში 1 ევრო 1.04 დოლარი ღირდა, დღეს უკვე 1.11-ის მაჩვენებელს გადააბიჯა.

 

გარდა ამისა, საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტები საკმაო სტაბილურობას ინარჩუნებენ. ამ ფონზე, ლარის გამყარების ტენდენცია, სავარაუდოდ, შემოდგომამდე გაგრძელდება.

 

ბოლო პერიოდში ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირებს ფინანსისტი აკაკი ცომაია. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ზაფხულში ეროვნული ვალუტის გამყარება მოსალოდნელი იყო და ასეც ხდება.

 

"თუ კარგად დავაკვირდებით, ლარი წლის ამ პერიოდში ყოველთვის მყარდება. პირველ რიგში, ეს ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირდება. ამას გარდა, ხაზი უნდა გაესვას, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, შესაბამისად, საქართველოდან ექსპორტმა შედარებით მოიმატა. ეს ძირითადი მიზეზია ლარის გამყარებისა.

 

სადამდე შეინარჩუნებს ეროვნული ვალუტა იმ ნიშნულს, როელზეც დღეს არის ან წამოვა თუ არა კიდევ უფრო ქვემოთ, ამაზე საუბარი ცოტა რთულია. ზაფხულის თვეები ამ მხრივ იმედის მომცემია, შესაბამისად, რამდენიმე თვე სავალუტო ბაზარზე ნამდვილად იქნება სტაბილურობა", - აღნიშნა ცომაიამ.

 

ლარის გამყარება და გაუფასურება ხელოვნურ პროცესად მიაჩნია ფინანსისტ დავით წიქარიძეს. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, იმისათვის, რომ სტაბილური ვალუტა მივიღოთ, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა საჭირო, რაც ქვეყანას არ გააჩნია.

 

"ამ თემაზე არაფრის თქმა არ შემიძლია. ზოგადად როგორ დგინდება კურსი, ვერ გავიგე. ასე მგონია, ვიღაცების ერთობლივი გადაწყვეტის შედეგად ხდება კურსის გამოანგარიშება. სავალუტო პროცესებზე არაფერი მოქმედებს, არც საერთაშორისო ფაქტორები და არც შიდა ვითარება. სულ სხვა სამზარეულოა. ეჭვი მაქვს, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს. ხელოვნურად მართული პროცესი მგონია, ის რაც ლარს სჭირს.

 

ამ ეტაპზე გამყარების პროცესს, გარკვეულწილად, ტურისტების ნაკადმაც შეუწყო ხელი, რამაც ქვეყანაში დოლარის შემოდინება განაპირობა. მიმაჩნია, რომ თუ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა არ გვექნება, ვერ მივიღებთ სტაბილურ ვალუტას. მთავარი ამოცანაც ეს არის, სწორი პოლიტიკა, რაც სავალუტო ბაზარზე სიმშვიდის გარანტია", - აღნიშნა წიქარიძემ.

 

საბანკო სფეროს სპეციალისტ ირაკლი ბერძენაძეს კურსის გამყარება დროებით პროცესად მიაჩნია. როგორც მან "რეზონანსთან" აღნიშნა, ბოლოდროინდელ პროცესეზე გავლენა მოახდინა ინვესტიციების ზრდამ. რაც შეეხება ტურიზმის როლს, ის ყველაზე ნაკლებად საგულისხმოა ლარის გამყარების პროცესში.

 

"ლარი მყარდება, მაგრამ ეს არის დროებითი პროცესი. ამას ხელს უწყობს ინვესტიციები და დახმარებები, რაც ქვეყანას დაუმტკიცდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. აქტიურობს სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევრობანკი და ამას ემატება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკის გამკაცრება.

 

რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, პირადად მე არ მიმაჩნია, რომ მან ლარზე რამე გავლენა მოახდინოს. რასაც ვხედავ, ჩამოსული ტურისტები კარვებით დადიან და ცდილობენ, იაფად იმოგზაურონ. წინა წელსაც იყო ტურიზმის ბუმი, მაგრამ გვახსოვს, უცებ 20 პუნქტით როგორ გაუფასურდა ივლისის ბოლოს (მერე რომ დააბრალეს `ბრექსითს~ და შოკუნიებს). საერთო ჯამში, გამყარება განაპირობა ინვესტიციების ზრდამ, საგარეო დახმარებამ იმ სამი საერთაშორისო ორგანიზაციიდან.

 

წინ გვაქვს ზაფხული. როგორც ყოველთვის, ჩვენთან სეზონურია გამყარება-გაუფასურება. ამიტომ ჯერ სტაბილურობა იქნება, მაგრამ შემდეგ ამას კურსის გაუფასურება მოჰყვება. მთავარია, ინფლაციის მაჩვენებლებს რამდენად შეინარჩუნებენ", - განუცხადა "რეზონანსს" ბერძენაძემ.

 

სპეციალისტი ასევე ეროვნული ბანკის რეფინანსირების პოლიტიკაზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ თუ სებ-მა არ შეცვალა მიმდინარე პოლიტიკა, ლარი გააგრძელებს გაუფასურებას და მის გამყარებას არც უნდა ვლეოდოთ.

 

"სებ-მა რეფინანსირების პოლიტიკა თუ ასე გააგრძელა, დღევანდელი კურსი მოგვენატრება. ასეთ შემთხვევაში ვერავინ განსაზღვრავს კურსს, ვერც გრძელვადიან და ვერც მოკლევადიან პერიოდში. რომელ პროგნოზზეა საუბარი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იმაზე ვერ ჩამოყალიბებულან, კურსზე პასუხისმგებლები არიან თუ არა.

 

რაც შეეხება ინფლაციას, ის ერთბაშად გაიზარდა, თუმცა მას შემდეგ იჭერენ სხვადასხვა მეთოდით. მიუხედავად ამისა, რაღაც კონკრეტული გზა უნდა აირჩიოს სებ-მა, თორემ წლის ბოლოს ამ ნიშნულსაც ვერ შეინარჩუნებს. რეალურად ინფლაცია არის მზარდი. დღევანდელი მიდგომით, დიდხანს ვერ მოხერხდება მისი შენარჩუნება", - განუცხადა "რეზონანსს" ირაკლი ბერძენაძემ.