geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:16
Bloomberg: ბრიტანეთს ხელსაყრელი სავაჭრო გარიგებების უზრუნველსაყოფად ძირეული ცვლილებები გატარება მოუწევს
2017-05-17 20:00:12
+
-

"ბრიტანეთის მთავრობას ესაჭიროება ძირეული ცვლილებების გატარება ხელსაყრელი სავაჭრო გარიგებების უზრუნველსაყოფად" - ამ სათაურით აქვეყნებს ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგი" ჯილ უარდის ავტორობით სტატიას, რომელშიც ვკითხულობთ:

 


"ლონდონმა უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა ვაჭრობაში პოლიტიკისადმი, თუკი მას სურს სხვა ქვეყნებთან ახალი სავაჭრო გარიგებების მიღწევა და ურთიერთობათა დალაგება მას შემდეგ რაც ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს - ნათქვამია სამთავრობო ინსტიტუტის მიერ მომზადებულ საანგარიშო მოხსენებაში.

 


წარსულში, ათეული წლების განმავლობაში ბრიტანეთი ერთიან ევროპულ ბაზარზე თავისუფალი წვდომით სარგებლობდა. მაგრამ ამჟამად ქვეყანას ევროპის ბლოკსა და დანარჩენ მსოფლიოსთან ახალი სავაჭრო ურთიერთობების დალაგება მოუწევს. რა თქმა უნდა, ახალი მოლაპარაკებების წარმატებულობისთვის საჭირო გახდება ბრიტანეთის მთავრობაში გარკვეული სტრუქტურული გაუმჯობესება.

 


პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მარტში დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაყრის საკითხებზე. როგორც ცნობილია, ეს მოლაპარაკებები ორ წელს გასტანს. ბრიტანეთის პრემიერი ყველას ჰპირდება მეტად "გაბედულსა და ამბიციურ შეთანხმებას" ევროკავშირსა და ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან.

 


უნდა ითქვას, რომ ხსენებული მოლაპარაკებები სერიოზული დაბრკოლებების გარეშე არ დაწყებულა, რამეთუ ბრიტანელმა ოფიცილურმა პირებმა დაუყოვნებლივ მოინდომეს ვაჭრობის საკითხებზე დიალოგის დაწყება. ამავე დროს, ევროკავშირის სურვილია პირველ რიგში- შეთანხმება მისი რიგებიდან ბრიტანეთის გასვლის საფასურის შესახებ.

 


აღსანიშნავია, რომ ბრიუსელი ასევე მოითხოვს გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთა უფლებების უზრუნველყოფას. უნდა ითქვას, რომ ბრიუსელი ამასაც არ კმარობს. იგი მოითხოვს ლონდონისგან, რომ მან არ აწარმოოს დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებთან არავითარი სავაჭრო მოლაპარაკებები მანამ, სანამ ბრიტანეთი არ დატოვებს ევროკავშირს, ანუ სანამ არ დასრულდება ე.წ.-ლი "ბრექსიტი".

 

 

სამთავრობო ინსტიტუტის ზემოხსენებულ საანგარიში მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირთან წარმოებული მოლაპარაკების პროცესში, ბრიტანეთი აშკარად განიცდის მომზადებული ექსპერტების ნაკლებობას. ამგვარად, მიზანშეწონილი იქნებოდა ბრიტანეთისთვის ისეთი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც რჩევებს გაუწევს ლონდონს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

 

 

გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობამ გარკვეული პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს არსებულ სავაჭრო შეთანხმებებს ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა კანადა, სინგაპური, სამხრეთი კორეა, შვეიცარია და თურქეთი. საჭიროა ასევე ბრიტანეთის ტრადიციულ სავაჭრო პარტნიორებთან - ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან სავაჭრო ხელშეკრულებათა განახლება" - აღნიშნულია საანგარიშო მოხსენებაში.

 

 

"იმისათვის, რათა ბრიტანეთი წარმატებული იყოს ახალი სავაჭრო შეთანხმებების დადებაში, სახელმწიფო მოხელეებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ბიზნესებსა და სხვა სექტორებთან, ასევე გამოავლინონ საჯარო გამჭვირვალება, განავითარონ ექსპერტიზა ყველა საჭირო სფეროში. რაც შეეხება ქვეყნის პარლამენტს, მან კენჭი უნდა უყაროს ყველა სავაჭრო შეთანხმების მიღება-არმიღებას, სანამ ეს შეთანხმებები რატიფიცირებული იქნება.

 

 

საანგარიშო მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ არაა მიზანშეწონილი შეერთებულ შტატებთან სწრაფად ახალი სავაჭრო ხელშეკრულების დადება, რამეთუ დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, არ გადაუხვევს თავის წინასაარჩევნო რიტორიკას საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებზე. გარდა ამისა, შესაძლოა, შედეგობრივად ნაკლებად ნაყოფიერი აღმოჩნდეს მოლაპარაკებები ბრაზილიასა და ჩინეთთან.

 

 

 

 

ამასთანავე, ნაკლებად სასურველია ბრიტანეთისთვის ერთბაშად მრავალ ქვეყანასთან სავაჭრო მოლაპარაკებების წარმოება, რამეთუ ეს უკანასკნელი შეიძლება უსასრულოდ გაჭიანურდეს, თუკი მხედველობაში მივიღებთ ბრიტანეთის შეზღუდულ დროსა და რესურსებს. ამიტომაც ლონდონისთვის უმჯობესი იქნებოდა თავდაპირველად მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნებთან მოლაპარაკებისთვის პრიროტეტის მინიჭება.

 

უნდა აღინიშნოს რომ სამთავრობო ინსტიტუტის მიერ მომზადებული საანგარიშო მოხსენება ეყრდნობა 25-ე ინტერვიუს ვაჭრობის სფეროში ამჟამიდელსა და ასევე ყოფილ ოფიციალურ პირებთან- ევროკავშირის, ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან" - წერს Bloomberg-ი.

 

ავტორ(ებ)ი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი