geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:15
OPEC-ის წევრები ნავთობის მოპოვებას წლის ბოლომდე არ შეამცირებენ
2017-05-18 10:00:03
+
-

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი OPEC-ის წევრები ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გააგრძელებენ, რეალური შედეგი საპირისპირო იქნება.

 

გასული წლის ბოლოს, OPEC-ის წევრებმა ყოველდღიურად 1.8 მილიონი ბარელით ნაკლები ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილება 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაშია ქმედითი და მის განახლებაზე სასაუბროდ OPEC-ის წევრები მომავალ კვირას იკრიბებიან. შეთანხმების მთავარი მიზანი გლობალურ ბაზარზე ჭარბი ნავთობის რაოდენობის შემცირებაა, რაც „შავი ოქროს" ღირებულებას დაარეგულირებს.

 

რეალურად, შეთანხმება ქმედითი არ ყოფილა. „OPEC-ის წევრები ხშირად არღვევენ შეთანხმებას" - აღნიშნული სტატია CNNMoney-მ ჯერ კიდევ იანვარში გამოაქვეყნა, სადაც ნავთობმომპოვებელი ქვეყნების კარტელის გადაწყვეტილება სკეპტიკურად იყო შეფასებული.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: აშშ-ს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. დონალდ ტრამპის სურვილია, რომ აშშ-მ უფრო და უფრო მეტი ნავთობი მოიპოვოს. „არასოდეს მესმოდა, ჩვენი რეზერვების გათვალისწინებით, თუ რატომ უნდა იყოს ამერიკა OPEC-ის ტყვე: იმ ორგანიზაციის, რომლის რამდენიმე წევრი ამერიკასთან დაპირისპირებული ქვეყანაა," - წერდა ტრამპი თავის ერთ-ერთ წიგნში.

 

OPEC-ის უკანასკნელი ანგარიშით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ჭარბი რაოდენობის პრობლემა კვლავ აქტუალურია. ანგარიშის მიხედვით, ბაზარზე ბალანსის მისაღწევად, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით კოლექტიური თანამშრომლობაა საჭირო.



OPEC-ის მიხედვით, ზემოთაღნიშნულში მთავარი „ბრალი" აშშ-ს მიუძღვის, სადაც ადგილობრივი კომპანიები ნავთობს კვლავ სწრაფი ტემპით მოიპოვებენ. ეს კი OPEC-ის მიზანს, „შავი ოქროს" ღირებულების $50-დან $60-მდე დასტაბილურებაში, ხელს უშლის.

 

OPEC-ის შემდეგი შეხვედრა 25 მაისს, ვენაში არის დაგეგმილი. სავარაუდოდ, შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების შემცირებასთან მიღებული გადაწყვეტილება 3, ან 6 თვით გახანგრძლივდება.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი: CNNMoney, CNBC