geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:15
The New York Times: რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ
2017-05-16 20:30:41
+
-

მსოფლიოში ნავთობის ორი უდიდესი მწარმოებელი რუსეთი და საუდის არაბეთი ნედლეულის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ, - წერს The New York Times-ი.

 

"ნავთობის გლობალური მწარმოებლები თვეების განმავლობაში ცდილობდნენ ფასთა გაზრდას, რომლებიც დაცემულია. გასულ ორშაბათს, რუსეთმა და საუდის არაბეთმა გამოაცხადეს თავიანთი მზადყოფნა გაახანგრძლიონ ნავთობის მოპოვების შემცირება მსოფლიო ბაზრების მოწესრიგების მიზნით.

 

მაგრამ, პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია. ორივე სახელმწიფოს გავლენა კლებულობს. ნავთობის მოპოვების შემცირების გახანგრძლივებას კიდევ 9 თვით, ანუ 2018 წლის მარტის ჩათვლით, მყისიერად მოყვა ნედლეულზე ფასების ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია, ანუ "ოპეკი" უნდა მიჰყვეს ამ გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, აღნიშნულ რეზოლუციას ორგანიზაციის ქვეყნები 25 მაისს ვენაში მიიღებენ.

 

შარშან, როცა ნავთობის ფასები ერთ ბარელში 30 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა, რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ ნედლეულის მოპოვების შემცირებაზე გარკვეული ვადით, რომლის შესაძლო გახანგრძლივებაზე მაშინ ჯერ კიდევ ლაპარაკიც არ იყო. ეს ნაბიჯი იყო იძულებითი თუ გავითვალისწინებთ 2014 წლის ფასებს, რომელიც 100 დოლარის ნიშნულზე მაღლა იდგა. უნდა ითქვას, რომ ნავთობის წარმოების შარშანდელი შეკვეცის შედეგად ფასებმა დაახლოებით ერთი მეხუთედით იმატა.

 

მიუხედავად ამისა, მთელმა რიგმა ფაქტორებმა განაპირობა ის ვითარება, რომ არც რუსეთი, არც საუდის არაბეთი და ზოგადად "ოპეკი" აღარ არიან დომინანტი ხმები გლობალური ნავთობის ბაზარზე. აქ გასათვალისწინებელია პირველ რიგში გაუსაღებელი ნავთობის მსოფლიო მარაგების არსებული სიჭარბე. ასევე მხედველობაშია მისაღები მიმდინარე ტენდენცია ელექტრომობილების მზარდი გამოშვებისკენ.

 

ზოგიერთი ექსპერტი იმ აზრისაა, რომ 2104 წელს ნავთობის ფასთა კოლაფსის შემდეგ "ოპეკსა" და რუსეთს თავი ისე მოაქვთ, თითქოს ისინი კვლავაც განკარგავენ გლობალურ ბაზარს. სინამდვილეში მათ მხოლოდ საერთაშორისო სენტიმენტის, განწყობის დროებითი მანიპულირება შეძლეს.

 

ეს გარკვეულად ეხმაურება წარსულს, როცა "ოპეკი", რომელიც მსოფლიო ნავთობის მესამედს აწარმოებს, წარმატებით ახერხებდა საჭიროების შემთხვევაში ნედლეულზე ფასთა გაზრდას ექსპორტის შეკვეცებით. თუმცა დღეს ვითარება სხვაგვარია და იგი არასახარბიელოა ფასთა შეკავების ტრადიციული პოლიტიკისთვის" - აღნიშნულია სტატიაში.

 

ამასთან, გაზეთის ინფორმაციით, ფასების ზრდა გარკვეულ შვებას აძლევს შეერთებულ შტატებში ფიქალის ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ამცირებდნენ ნედლეულის გამომუშავებას როცა ფასები მკვეთრად ეცემოდა.

 

მაგრამ დღეს, ბარელში 50 დოლარზე მეტი ფასების პირობებში, ფიქალის ნავთობის მწარმოებელი კომპანიები კვლავ ამოქმედნენ. რუსეთისა და საუდელთა მიერ გაკეთებული ზემოხსენებული განცხადების შემდეგ, ნავთობის მოპოვების შემცირების ვადის გახანგრძლივებას რომ ითვალისწინებს, "ბრენტის" მარკის ნედლეულის ფასი 3.3 პროცენტით გაიზარდა და მიაღწია 52,5 დოლარს.

 

ანალიტიკოსების აზრით, ფიქალის ნავთობის წარმოებითა და სხვა ენერგოწყაროებით მალევე მოხდება შევსება ბაზარზე იმ დანაკარგისა, რომელიც რუსეთმა და "ოპეკმა" წარმოშვეს ნედლეულის მოპოვების შეკვეცით. ამგვარად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფასთა შეკავების ტრადიციული მეთოდით უახლოეს ხანში მოსალოდნელი იყოს გლობალური ბაზრის რებალანსირება. სინამდვილეში, ეს მხოლოდ გაახანგრძლივებს ნავთობის მარაგების სიჭარბეს.

 

ძნელი სათქმელია, თუ საბოლოოდ რა სარგებელს მოუტანს რუსეთსა და საუდელებს გასულ ორშაბათს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ყველაფერს მოიმოქმედებენ და რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მოახერხებენ გლობალური ბაზრის სტაბილიზაციას. ამავე განცხადებით, ვენაში "ოპეკის" თათბირის გამართვამდე, ორივე ქვეყანა შეეცდება ყველანაირად დაიყოლიოს ნავთობის სხვა მომპოვებლები- გაიზიარონ შემცირების გახანგრძლივების საჭიროება. 

 

თუმცა, როგორც ერთერთი ამერიკელი ანალიტიკოსი ამბობს, რუსეთმა და საუდის არაბეთმა მხოლოდ და მხოლოდ დადებითი სიგნალი გაუგზავნეს ნავთობის გლობალურ ბაზარს, რათა არსებული მოლოდინებისთვის გადაეჭარბათ" - აღნიშნულია სტატიაში.

 

ავტორ(ებ)ი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი