geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:28
საქართველოში ავტომობილების 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა
2017-04-21 13:20:06
+
-

გასულ წელს საქართველოში ავტოპარკი 8%-ით გაიზარდა. ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის სტატისტიკით, ქვეყანაში სულ 1 126 470 ავტომანქანაა რეგისტრირებული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის მიხედვით, რომელთა უმრავლესობა რუხი/ვერცხლისფერი (29%) და თეთრი (16%) ფერისაა. ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2007 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1,3%-ს შეადგენს. 

 

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES-BENZ-ის და OPEL-ის მარკის ავტომანქანები. 2016 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა NISSAN-ის (31%-ით) და TOYOTA-ს (31%-ით) რაოდენობები.

 

როგორც პირველადი რეგისტრაციებიდან ირკვევა, კაცები უპირატესობას MERCEDES-BENZ- ის მარკის ავტომანქანებს ანიჭებენ, ხოლო ქალები - TOYOTA-ს. მოდელებიდან კაცებში პირველ ადგილზეა MERCEDES-BENZ E, ხოლო ქალებში ლიდერობს NISSAN TIIDA.

 

3 წლამდე ასაკის ავტომანქანებიდან 2016 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო TOYOTA (1398), რომელსაც მოსდევს FORD (350), HYUNDAI (290), MERCEDES-BENZ (269), SKODA (227) და ა.შ.

 

2016 წელს იმპორტის მოცულობა 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტ-რეექსპორტი 16.7%-ით შემცირდა. იმპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა დეკემბრის თვეში (მთელი იმპორტის 14.7%), ხოლო ექსპორტ-რეექსპორტისა - ოქტომბრის თვეში (მთელი ექსპორტ-რეექსპორტის 12.6%).

 

ამავე მონაცემებით, იმპორტიორ ქვეყნებში იაპონია კვლავ ლიდერია. იაპონიიდან იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 45% შეადგინა.

 

ამასთან, მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მოთხოვნადია „ჰეტჩბეკი " ძარის ტიპის მქონე ავტომანქანები. როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD, რომელიც სამგზავროების 47%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების - 30%-ს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების 89% კერძო პირების მფლობელობაშია. ავტოტრანსპორტის 36,7% თბილისში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
ირიცხება.

 

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი