geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:29
პარიზის ტერაქტი ISIS-მ მოაწყო - საფრანგეთში ტერორისტული თავდასხმების ქრონიკა
2017-04-21 08:55:42
+
-

20 აპრილს, პარიზის ცენტრში მომხდარი ტერაქტი 2015 წლის იანვრის შემდეგ შემდეგ რიგით მეთერთმეტეა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპის სახელმწიფოებიდან საფრანგეთში ყველაზე მეტი ტერაქტი მოხდა. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, პარიზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

 

„იმედინიუსმა“ საფრანგეთში ტერაქტების ქრონიკას გადახედა:


პარიზი, 2017 წლის 20 აპრილი. 20 აპრილს, საღამოს, ელისეს მინდვრების ქუჩაზე ავტომანქანიდან გადმოსულმა ისლამისტმა რადიკალმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაჭრილია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელწმიფომ" აიღო.

 

ნიცა, 2016 წლის 14 ივლისი. ბასტილიის აღების დღეს, სატვირთო მანქანა, რომელსაც მართავდა ტუნისის მოქალაქე ნიცის ხალხით გადატვირთულ სანაპიროზე ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა. მან სანაპიროზე 1,8 კილომეტრი გაიარა მანევრებით, რათა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დაჯახებოდა. დაიღუპა 84 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე.

 

მანიავილი, 2016 წლის 13 ივნისი. წარმოშობით მაროკოელი საფრანგეთის მოქალაქე, პარიზის შემოგარენში, მანიავილში, დანით თავს დაესხა პოლიციელს მის სახლთან ახლოს. შემდეგ ამ პოლიციელის სახლში გამაგრდა და მის ცოლს დანით ყელი გამოჭრა. თავდამსხმელმა სახლიდან Facebook-ით ტრანსლიაცია დაიწყო და ორმაგი მკვლელობა აღიარა. მას მძევლად ჰყავდა აყვანილი პოლიციელის 3 წლის შვილი, რის გამოც სამართალდამცველები მასთან მოლაპარაკებებს ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს, პოლიციამ სახლი შტურმით აიღო და ტერორისტი მოკლა. პოლიციელის მცირეწლოვანი ვაჟი უვნებლად გადარჩა. პოლიცია ამტკიცებს, რომ დამნაშავე "ისლამური სახელმწიფოს" ბრძანებით მოქმედებდა.

 

პარიზი, 2016 წლის 7 იანვარი. სატირულ ჟურნალზე Charlie Hebdo-ზე თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ, ტუნისელი მიგრანტი პარიზის გუტ დ'ორის რაიონში, ხორცისსაჭრელი დანით თავს დაესხა პოლიციის განყოფილების დაცვის თანამშრომელს. კაცი მანამდე მოკლეს, ვიდრე მან პოლიციელები დაჭრა. ტერორისტს ჯიბეში უპოვეს ბარათი ტექსტით, რომლითაც ის "ისლამურ სახელმწიფოს" ერთგულებას ეფიცებოდა.

 

ვალანსი, 2016 წლის 1 იანვარი. ალპებში, რონის რეგიონის ქალაქ ვალანსში, ტუნისური წარმოშობის 29 წლის საფრანგეთის მოქალაქემ ავტომანქანა ოთხი სამხედროსკენ მიმართა, რომლებიც ადგილობრივ მეჩეთს იცავდნენ. სამხედროებმა ცეცხლი დროულად გახსნეს. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მძღოლი დააკავეს. პოლიციამ დაასკვნა, რომ ის მარტო მოქმედებდა, თუმცა მის კომპიუტერში უამრავი ექსტრემისტული მასალა იპოვეს.

 

პარიზი, 2015 წლის 13 ნოემბერი. "ისლამური სახელმწიფოს" წევრი ბელგიელი ისლამისტების ორგანიზებით, ტერორისტების ჯგუფმა პარიზის რამდენიმე უბანში ერთდროულად ტერაქების სერია მოაწყო. პარიზის კაფეებში, ჯგუფ The Eagles of Death Metal-ის კონცერტზე და სტად-დე-ფრანსის სტადიონთან ახლოს მოწყობილი თავდასხმების შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი, 350-ზე მეტი დაშავდა. 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში ტერაქტების სერია იგივე დაჯგუფების წევრებმა მოაწყვეს.

 

2015 წლის 21 აგვისტო. Thalys-ის მატარებელში, 25 წლის მაროკოელი იარაღით, დანით და ავტომატით შეიარაღებული მგზავრებისთვის ცეცხლის გახსნას შეეცადა. თუმცა მისმა ავტომატმა ვერ გაისროლა, რა დროსაც ვაგონში შემთხვევით მყოფმა რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ ის გააუვნებელყო. ტერორისტი მატარებელში ბელგიის ტერიტორიაზე ჩაჯდა, ტერაქტის მოწყობას კი საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ შეეცადა.

 

სან-კანტენ-ფალავიე, 2015 წლის 26 ივნისი. საფრანგეთის მოქალემ იასინ სალიმ, რომელიც მიწოდების სერვისში მუშაობდა, თავის დირექტორს თავი მოჰკვეთა და ნაჭერში გახვეული ისლამისტური შინაარსის წარწერით, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე დატოვა. მოგვიანებით, ამ ქარხანაში გაზის ავზების აფეთქებას შეეცადა, თუმცა დააკავეს. დამნაშავე ხელისუფლებას სავარაუდო ტერორისტების სიაში ჰყავდა. რამდენიმე თვეში მან ციხეში თავი მოიკლა.

 

ვილჟუიფი, 2015 წლის 19 აპრილი. 24 წლის ალჟირელმა, პარიზის რამდენიმე ეკლესიაზე თავდასხმა დაგეგმა. მან 33 წლის ფრანგი ქალი მისსავე მანქანაში მოკლა, მაგრამ შემთხვევით დანით თავი ფეხში დაიჭრა, ექიმებს გამოუძახა, რის შემდეგაც ის დაიჭირეს. მას აღმოაჩნდა უამრავი ირაღი. იმავდროულად პოლიციამ დაადგინა მისი კავშირი სირიელთან, რომელმაც მას ეკლესიებში ტერაქტების მოწყობა უბრძანა.

 

ნიცა, 2015 წლის 3 თებერვალი. 30 წლის ისლამისტი კაცი დანით შეიარაღებული თავს დაესხა ნიცაში ებრაული ცენტრის დაცვის თანამშრომლებს. სამი ადამიანი დაშავდა. ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე თავდამსხმელი თურქეთში დააპატიმრეს იმის ეჭვით, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა გადასვლას და საფრანგეთში გააბრუნეს.

 

პარიზი, 2015 წლის 7-9 იანვარი. 7 იანვარს, ძმებმა კუაშებმა სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციის შენობაში ცეცხლი გახსნეს. მოკლეს 12 ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი. ოფიციალური ვერსიით თავდასხმა ჟურნალზე შურისძიება იყო, რომელმაც წინასწრმეტყველი მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა. იმავე დღეს, კუაშების თანამზრახველმა თავისი სახლის მეზობლად ადამიანს იარაღიდან ესროლა, მაგრამ ვერ მოკლა. მეორე დღეს მან მოკლა პოლიციელი და დაჭრა შემთხვევითი გამვლელი ქუჩაში. 9 იანვარს ძმებმა კუაშებმა მძევლები აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს ტერორისტები მოკლეს. იმავე დღეს მათმა თანამზრახველმა ათობით ადამიანი მძევლად აიყვანა სუპერმარკეტში, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. შტურმის დროს ტერორისტიც მოკლეს, რომელიც აცხადებდა, რომ "სილამური სახელწიფოს" წევრია.