geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:28
განახლებულ კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოებაზე ჩანაწერი არ გაკეთდება
2017-04-21 10:00:13
+
-

ახალ კონსტიტუციაში, რომელიც პარლამენტს განსახილველად აპრილის ბოლოს უნდა გადაეგზავნოს, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ინსპექციის შესახებ ჩანაწერი არ გაკეთდება.

 

როგორც საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ვახუშტი მენაბდემ „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ახალ კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერის გაკეთება მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობის გამო დაიბლოკა.

 

„ჩვენი ინიციატივით საქართველოს განახლებულ კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს შრომის ეფექტური ზედამხედველობა საქართველოში. ძირითად პროექტში ეს ცვლილებები არ აისახა, რადგან როგორც გაირკვა მთავრობის ეკონომიკური გუნდი იყო წინააღმდეგი. მათი შეფასებით, მსგავსი ჩანაწერის არსებობით ინვესტიციები შესუსტდება", - აღნიშნა მენაბდემ.

 

მისივე თქმით, კომისია პროექტზე მუშაობას სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაასრულებს.

 

შრომის ინსპექცია, რომელსაც სამუშაო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდა, 2006 წელს გაუქმდა. მოგვიანებით, 2015 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ამოქმედდა. თუმცა, სამოქალაქო სექტორი აღნიშნული დეპარტამენტის არაეფექტურობაზე საუბრობს. ამის მიზეზი კი ძირითადად ის არის, რომ დეპარტამენტს არ შეუძლია კომპანიაში შესამოწმებლად დამსაქმებლის გაფრთხილების გარეშე შევიდეს. ამასთან, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სანქციის დაკისრების უფლებაც არ აქვს.

 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, თავის მხრივ უწყება ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომლითაც ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილება გაიზრდება და სანქციის დაკისრების უფლებაც ექნება.

 

„ინსპექტირების ორგანოს გაძლიერება ეტაპობრივად იგეგმება და ეს სახელმწიფოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებაცაა. სამინისტრომ უკვე შეიმუშავა კანოპროექტი, რომლითაც შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობას სამინისტრო განახორციელებს. დარღვევის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება. კანონპროექტის არსებული ვარიანტი იმასაც გულისხმობს, რომ დისკრიმინაციის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანოს დამსაქმებელი კომპანიის შემოწმება გაფრთხილების გარეშეც შეეძლება,"-აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის შრომითი ურთიერთობისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროსმა ლიკა კლიმიაშვილმა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: BPN.ge