geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:24
გზაზე, რომელიც მოვლა–შენახვას არ ექვემდებარება, ასფალტს წყლით სავსე ორმოებზე აგებდნენ – ვის ეკისრება ბიუჯეტიდან თანხის "წყალში გადაყრაზე" პასუხისმგებლობა?
2017-04-20 10:20:21
+
-

ეს ფოტოები, „კომერსანტის" ჟურნალისტის მიერ 2016 წლის 5 ნოემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის შესასვლელშია გადაღებული. ფოტოზე აშკარად ჩანს, რომ გზის მონაკვეთს წყლით სავსე ორმოებზე აგებენ. ასეთ დროს დაგებული გზა კი ცხადია, რომ ხარისხიანი ვერ იქნება. თანაც, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი მოვლა-შენახვას არ ექვემდებარება, გამოდის, რომ ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა მართლაც "წყალში გადაიყარა". ასეთ დროს კი პასუხისმგებლობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასაც თანაბრად ეკისრება. თუმცა, აქ საქმე ცოტა უფრო რთულადაა, კერძოდ,  სტატიის პირველად მომზადებისას შესაბამის უწყებებში "კომერსანტს" განუცხადეს, რომ გზის ამ მონაკვეთის მოვლა გარდაბნის გამგეობის მოვალეობაში შედის, ახლა კი გაირკვა, რომ მარტყოფის შესასვლელზე პასუხისმგებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტია. 

 

 

"კომერსანტმა" მარტყოფში შესასვლელ გზასთან დაკავშირებით თავდაპირველად სტატია 2016 წლის ნოემბერში დაწერა. მაშინ ჩვენ დავინტერესდით, თუ რომელი კომპანია აგებდა გზას აღნიშნულ მონაკვეთზე და საერთოდ, მიმდინარეობდა თუ არა მონიტორინგი. ამ კითხვით, ჯერ საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ. როგორც მაშინ უწყებაში გვითხრეს, სამუშაოებს ისინი არ ახორციელებენ და შესაბამისად, მათ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადაგვამისამართეს.



გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა „კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ორმოულების ამოვსება ხდება. თუმცა იმის შესახებ, რომ გზაზე ასფალტის დაგება წყლით სავსე თხრილებზე ხდებოდა, გამგებელმა არაფერი იცოდა. რაც შეეხება კონტროლს, ჯამარაული აცხადებდა, რომ დაგებულ გზაზე მონიტორინგი განხორციელდებოდა მას შემდეგ, რაც სამუშაოები უკვე დასრულდებოდა.

 

 

„კომერსანტის" ჟურნალისტს აღნიშნულ მონაკვეთზე გავლა ორიოდე დღის წინაც მოუწია, თუმცა ამოვსებული ორმოულებიც დაზიანებული დახვდა. მარტყოფის შესასვლელში გზა პრაქტიკულად, არ არსებობს. დეტალების გარკვევისთვის ჩვენ თავდაპირველად ისევ გარდაბნის გამგებელს დავუკავშირდით. ამჯერად გაირკვა, რომ გზას არა მუნიციპალიტეტი, არამედ საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგებს. როგორც გოჩა ჯამარაულმა „კომერსანტს" განუცხადა, „ეს არის ცენტრალური გზა, რომელიც გზების დეპარტამენტს ეკუთვნის და გამგეობა მანდ ვერაფერს ვერ აკეთებს. მე ვარ პასუხისმგებელი შიდა გზებზე და არა ცენტრალურ გზებზე, გზის მაგ მონაკვეთზე კი პასუხისმგებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტია", - აღნიშნა "კომერსანტთან" საუბრისას გოჩა ჯამარაულმა.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განაცხადეს, რომ მარტყოფში შესასვლელი ცენტრალური გზა მოვლა-შენახვას აღარ ექვემდებარება და ის უკვე კაპიტალური რეაბილიტაციის გეგმაში არის ჩასმული. „ახლა ველოდებით დაფინანსებას. სავარაუდოდ, იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის რეაბილიტაციის გეგმაში მოხვდება და მომავალი წლიდან დაიწყება კაპიტალური შეკეთება. ორმოულების ამოვსება გზის ამ მონაკვეთს აღარ შველის", - განუცხადეს „კომერსანტს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

 

 

1 Jan, 1970