geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:24
"საქართველოს რკინიგზა" სადგურებში რეკლამის განთავსებაზე ინტერესთა გამოხატვას ხელახლა გამოაცხადებს
2017-04-21 10:20:56
+
-

„საქართველოს რკინიგზა" რკინიგზის სადგურებში რეკლამის განთავსების 20-წლიანი უფლების მოსაპოვებლად ინტერესთა გამოხატვას ხელახლა გამოაცხადებს. როგორც „საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, ამ ეტაპზე პროექტის თავიდან შემუშავება მიმდინარეობს.

 

„რეკლამის განთავსებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ თებერვალში, თუმცა იმის გამო, რომ სასურველი წინადადება ვერ მივიღეთ, პროექტს თავიდან ვამზადებთ, რომლის დასრულების შემდეგ რეკლამის განთავსებაზე ინტერესთა გამოხატვას ხელახლა გამოვაცხადებთ.

 

ინტერესთა გამოხატვაში განაცხადი რამდენიმე კომპანიამ წარადგინა, თუმცა გარანტიები არ გვქონდა, რომ ის დაპირებები შესრულდებოდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ახალი პროექტი შეგვემუშავებინა და ინტერესთა გამოხატვა ხელახლა გამოგვეცხადებინა", - განუცხადეს „კომერსანტს" „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

როგორც ცნობილია, „საქართველოს რკინიგზამ" სადგურებში რეკლამის განთავსებაზე 20-წლიანი უფლების მოსაპოვებლად ინტერესთა გამოხატვა თებერვალში გამოაცხადა. როგორც მაშინ gbc.ge წერდა, განაცხადი კომპანიებმა ALMAS-მა, BIG BORDI-მა, DBS-მ, FAVORITI-მ და ზაზა მეფარიშვილმა წარადგინეს. ALMAS-ი უფლების მოსაპოვებლად, თითო სადგურში, ყოველთვიურად 20 500 ლარის გადახდას სთავაზობდა „ჯიარ ქონების მართვს", BIG BORDI - 16 005 ლარს, DBS - 20000 ლარს, FAVORITI - 15 000 ლარს, ხოლო ზაზა მეფარიშვილი 30 500 ლარს. სატენდერო კომისიამ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიეღოს შუალედური, ან საბოლოო გადაწყვეტილება.

 

პირობის მიხედვით კი, გამარჯვებული შეძლებდა საქართველოს ტერიტორიაზე, 23 სადგურში, შიდა და გარე პერიმეტრზე თავისი და/ან მესამე პირების საქონლის და/ან მომსახურების რეკლამის განთავსებას და ამ მიზნით, წინასწარ შეთანხმებულ ადგილებზე წინასწარ შეთანხმებული პარამეტრების მქონე სარეკლამო კონსტრუქციების დამონტაჟებას. ასევე სადგურების ტერიტორიაზე სარეკლამო აქციების განხორციელებას, რაც გულისხმობდა ფლაერების, ბუკლეტების, ჟურნალების გავრცელებას.

 

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი