geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:29
„პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა იგივეა, არასრულწლოვანი რომ გავათხოვოთ“
2017-04-19 13:06:22
+
-

„ძალიან უცნაური მოვლენა იყო, როდესაც ვენეციის კომისიას გაატანეს რაღაც ისე, რომ კომისიის წევრები საერთოდ საქმის კურსში არ იყვნენ. ნებისმიერი კომისიის წევრი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდა, თუნდაც იმით, რომ იმ დროისთვის არსებობდა რაღაც პროექტი, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ. ამან გააჩინა განცდა, რომ ხელისუფლებას მაგიდის ქვეშ უკვე გამზადებული ჰქონდა დოკუმენტი და კომისია სჭირდებოდა უბრალოდ ფასადისა და საქმიანი პროცესის ილუზიის შესაქმნელად“, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

„რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, აქ არის 2 მთავარი პრობლემა, ეს არის საარჩევნო კანონმდებლობა, სადაც მთავარი ე.წ. ნაშთების საკითხია, რაც ლოგიკურია, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია და მეორე, პრეზიდენტის არჩევნები, რაც პოლიტიკური ძალებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც შუალედური არჩევნები. პრეზიდენტის პერსონასა და მის არჩევითობას რომ თავი გავანებოთ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია პარტიებისთვის, რათა საკუთარი ძალები საპრალემნტო არჩევნებამდე რაღაც პერიოდიოთ ადრე მოსინჯონ, ახლა ვხედავთ, რომ კომისია ალბათ ვერანაირ ფორმალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და თუ მიიღებს, ეს იქნება ერთი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება, რაც ამ პროცესის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს გააჩენს. ხელისუფლებას აქვს ნებისმიერი ფორმალური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მაინც ჯიუტად გაიტანოს თავისი, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ასე იქცევა, ეს მისთვის კარგად არ მთავრდება. ამის ძალიან ბევრი ისტორიული მაგალითი გვაქვს. თუნდაც, მიშა სააკაშვილის სახით, რომელმაც ასევე მოსინჯა, საკუთარი გემოვნებით შეექმნა კონსტიტუცია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რითაც დაამთავრა, გვახსოვს ყველას", - აღნიშნავს ხუხაშვილი.

 

„ვენეციის კომისია უყურებს სამართლებრივ საკითხებს. მან არ შეიძლება, გააკეთოს დასკვნა, საპარლამენტო რესპუბლიკა სჯობს თუ ნახევარდ საპარლამენტო. ეს არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური კონსესუსის შედეგად გადასაწყვეტი საკითხი. როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია, რომ პრეზიდნეტი პირდაპირი წესით აირჩეს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ირიბი წესით არჩევა ზოგადად ცუდია, უბრალოდ, ამ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც არათუ მულტიპარტიული დემოკრატია, არამედ საერთოდ პარტიული სისტემები არ არის განვითარებული, პრეზიდენტის, თუნდაც სუსტი ბალანსის ინსტრუმენტის ამოგდება სახელმწიფო მმართველობის სისტემიდან , არის ძალიან სახიფათო. ჩვენ ოდესმე შეიძლება გადავიდეთ საპარლამენტო მმართველობაზე, მაგრამ ამის წინაპირობები ქვეყანაში ახლა არ არსებობს. დღეს პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა იგივეა, არასრულწლოვანი რომ გავათხოვოთ. ეს ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული და შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი დემოკრატია არ არის სრულწლოვანებში გადასული და მისი გათხოვება ამ ეტაპზე, დანაშაულის ტოლფასია. ვენეციის კომისია არ არის ვალდებული, ჩვენი ქვყენის პროცესებში სშემოვიდეს და რეალური ვითარება გაანალიზოს. ის მხოლოდ სამართლებრივ მხარეს სწავლობს და მეტს არაფერს", - დასძენს ექსპერტი.

 

რაც შეეხება კითხვას - თუკი ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ცალმხრივად მოუწევს, რა შედეგების მომტანი იქნება მისთვის? გია ხუხაშვილი პასუხობს - „ხელის გადაგრეხით, სხვისი აზრის არგათვალისწინებით, ფეხების ბაკუნითა და გაჯიქებით ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს გვინახავს და არახალია ამ ქვეყანის ცხოვრებაში. საკაშვილმაც ასე გააკეთა. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, კონსტიტუცია მოირგო თავის თავზე. სად არის ახლა სააკაშვილი? ეს არის თუ არა რამის მააჩვენებელი ხელისუფლებისთვის?! შეიძლება, არც არაფრის, მაგრამ ისინი ნელნელა ადგებიან იმ გზას, რასაც სააკაშვილი დაადგა თავის დროზე. უნდათ, რომ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს დაუქვემდებარონ სახელმწიფო ინტერესებეი, ეს მათი პასუხისმგებლობის ზონაა, მათ მისი გაკეთების ფორმალური ინსტრუმენტები აქვთ, მაგრამ შედეგი, როგორც ამ ქვეყნის ისტორია აჩვენებს, მათთვის სასურველი არ იქნება“.

 

„რეზონანსი“