geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:45
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამედროვე საკვლევი ლაბორატორია დაათვალიერა
2017-03-20 18:46:06
+
-

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევით ცენტრში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ახალი ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლაშა კომახიძესთან ერთად დაათვალიერა.

 

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ლაბორატორიაში შეძენილია თანამედროვე ტიპის სხვადასხვა დანიშნულების საკვლევი აპარატურა გაზის ქრომატოგრაფი ტანდემური მასსპექტრომეტრით, სამმაგი კვადრუპოლის ტიპის (GC-MS/MS), რომელიც სასურსათო პროდუქტებში და სასმელ წყალში პესტიციდების ნარჩენი აქტივობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული დანადგარებით, შესაძლებელია სასურსათო პროდუქტში, სარგავ-სათესლე მასალაში და ცხოველთა საკვებში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის განსაზღვრა, სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დიგნოსტიკა.

 

 

 

ახალი აპარატურა ხელს შეუწყობს ადამიანის საკვები პროდუქტების კვლევას, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვას, ქართული წარმოების პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის ზრდას.

 

 

 

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი 2016 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 924 000 ლარით დაფინანსდა. სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის" საგამოცდო ლაბორატორიამ აკრედიტაცია ISO 7025-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გაიარა და დღეისათვის საქართველოში ლაბორატორიული გამოკვლევების ყველაზე ფართო სფეროთია წარმოდგენილი. ასევე სსიპ „ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს" მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სერთიფიკატი.