geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:41
შრომის ინსპექციას ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციების დაწესების უფლება მიენიჭება
2017-03-20 14:00:46
+
-

 

ჯანდაცვის სამინისტრომ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტი მოამზადა. კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექციას ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციების დაწესების უფლება მიენიჭება. ჯარიმების ოდენობა 300-დან 4000 ლარამდე განისაზღვრება. კერძოდ, შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ხოლო, იურიდიული პირის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების, ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 600-ით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1200 ლარით გულისხმობს.

 

 

დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის, კანონპროექტში გათვალისწინებულია ფიზიკური პირის დაჯარიმება 1000, ხოლო იურიდიული პირისა 2000 ლარით.

 

 

ქმედების განმეორება ამ შემთხვევაშიც სანქციის გაორმაგებას იწვევს და პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 2000-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 4000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, საწარმოში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლის შესაძლებლობაა.

 

 

აღნიშნულ დეტალებს დამსაქმებელთა ასოციაცია ასაჯაროვებს. დეტალებზე არ საუბრობენ თავად კანონპროექტის ავტორები. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად მომდევნო ორ თვეში წარედგინება და საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პაატა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ კანონპროექტმა დამტკიცებამდე, შესაძლოა, ნებისმიერი სახის ცვლილება განიცადოს.

 

 

საქართველოში შრომითი ინსპექცია 2016 წელს ამოქმედდა. დღეისთვის ინსპექტორები დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლებიან. ქვეყანაში შრომითი ინსპექციის გამკაცრება და თავად შრომითი კოდექსის დახვეწა ევროდირექტივაა.