geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 02:37
ქუთაისთან მინი ქალაქი შენდება - პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება
2017-03-20 10:10:00
+
-

ქუთაისთან ახლოს მინი ქალაქი შენდება. პროექტის მიხედვით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზედა მესხეთის ტერიტორიაზე 25 ათას კვადრატულ მეტრზე მინი ქალაქი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით მოეწყობა. პროექტს თურქული კომპანია „ასალ ინშაათი" ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი კახა ბაბუნაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ პროექტი ორ ნაწილადაა დაყოფილი, ამჟამად ადგილზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს, პირველი ეტაპი 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, მეორე ნაწილი კი 2018 წლის ივლისში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონი დოლარია.


ბაბუნაშვილის თქმით, მინი ქალაქში იქნება საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და სხვა.

 


„ მშენებლობისათვის საჭირო ყველანაირი დოკუმენტაცია უკვე გვაქვს , მუნიციპალიტეტმა შემჭიდროვებულ ვადებში გასცა ყველა დოკუმენტი, რის გამოც ინვესტორი კმაყოფილია. პროექტის მიმდინარეობას არაფერი უშლის ხელს, ადგილზე 60-მდე ადგილობრივია დასაქმებული . ინვესტორმა 15 კაციანი ბრიგადა თურქეთიდან ჩამოიყვანა, რომელიც პროცესს ხელმძღვანელობს" აცხადებს ბაბუნაშვილი


მისივე თქმით, ეს თურქული კომპანიის პირველი პროექტია საქართველოში, თუმცა მათ დეველოპერული პროექტები განხორციელებული აქვთ- რუსეთში, ბულგარეთში, ერაყში, ავღანეთსა და თურქეთში.


კახა ბაბუნაშვილის განცხადებითვე „ასალ ინშაათი" დაინტერესებულია საქართველოში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობით და ამ მიზნით შეხვედრები ეკონომიკის სამინისტროში უკვე გაიმართა.



 

 

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია