geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:42
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების შედეგად ბიუჯეტი 60 მლნ–მდე ლარს დაზოგავს"
2017-03-20 12:40:58
+
-

რითი ხსნის ხელისუფლება ჯანდაცვის პროექტში ცვლილებების შეტანას ახლა? აპირებენ თუ არა ისინი ოპოზიციის შენიშვნების გაზიარებას? რა თანხა დაიზოგება აღნიშნული ცვლილებებით და სად წავა დაზოგილი სახსრები? - ამ თემებზე რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „პოლიტკომერსანტი" ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ისაუბრა.

 


- რამ განაპირობა ამ ცვლილებების აუცილებლობა?

 

- დღეს ჩვენ უნივერსალური ჯანდაცვისკენ მივდივართ, რომელიც გულისხმობს საყოველთაობასაც და მიზნობრიობასაც. საყოველთაობა არის ის, რომ სახელმწიფო პოლიტიკაა განსაზღვრული, რომლითაც თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თანასწორი ხელმისავდომობა ხარისხიანი ჯანდაცვის მიმართ ფინასნური ძნელბედობის გარეშე. ხოლო ფინანსური ძნელბედობა ღარიბის შემთხვევაში დგება 100 ლარის ქონაში, შეძლებული მოქალაქის შემთხვევაში 5000 ლარის ქონაში. აქ დგება მიზნობრიობის თემა, შესაბამისად, პაკეტები უნდა იყოს მორგებული - ღარიბისთვის მეტი, მდიდრისთვის ნაკლები.

 

- ეს ცვლილებები გარკვეულწილად ემთხვევა ოპოზიციის მოთხოვნებს, შეიძლება ითქვას, რომ გაითვალისწინეთ მათი შენიშვნები?

 

- მე პირადად ვცდილობ ყველას შენიშვნა გავითვალიწინო, თუ ის ჭკვიანურია, მიუხედავად იმისა რომელი პოლიტიკური პლატფორმიდან მოდის, მაგრამ აქ ამაზე საუბარი არ არის. ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში გვეწერა, რომ ამას გავაკეთებდით. ეს გაგრძელდება, დღეს რაც ჩამოყალიბდა, ეს არის პირველადი დიზაინი, რომელიც ბოლო 4 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, მაგრამ რეფორმის გაღრმავებასთან ერთად მომავალ წლებში ეს ასევე შეიცვლება, უფრო კარგად გამოიკვეთება ეს ჯგუფები და გადანაწილდება შესაბამისად. ჯერ გვაქვს ეს და ამით მე მინდა ვთქვა ძალიან მკაფიო რაღაც, რომ აქამდე კრიტერიუმი, რომელიც არსებობდა 435 ათასი ადამიანი 2013 წლის ივლისში, როგორც კი შემოვიდა საყოველთაო ჯანდაცვა,  დარჩა მის გარეშე, მათ ვისაც ჰქონდათ კერძო დაზღვევა, ეს იყო მაშინ კრიტერიუმი და ის აღარ გამოდგებოდა 2017 წლის პირველი მარტისთვის, რადგან ნაწილმა კერძო დაზღვევა დაკარგა, ნაწილმა იყიდა კერძო დაზღვევა და არ იყო წყალგამყოფი ხაზი.

 

- რამდენს დაზოგავთ ბიუჯეტში ცვლილებების შემდეგ?

 

- ამ ცვლილებებით ჩვენი ამოცანა არ არის თანხების დაზოგვა, ამის ამოცანაა გასწორება და სოციალური სამართლიანობა. მარტივი მათემატიკით რომ გითხრათ, თუ აქამდე დაზღვევა არ ეკუთვნოდა 535 ათას ადამიანს და მათ ჰქონდათ კერძო დაზღვევა, დღეს ამ სისტემიდან ამოვარდება მხოლოდ 32 ათასი ადამიანი, რომელსაც შემოსავალი აქვს 40 000 ლარის ზემოთ და შეზღუდული პაკეტი ექნება 300 ათას ადამიანს, რომელთაც შემოსავალი 900 ლარიდან 3600 ლარამდე აქვთ. ანუ რეალურად უფრო მეტმა ადამიანმა მიიღო უფრო მეტ სერვისზე ხელმისაწვდომობა, ვიდრე ეს აქამდე იყო.

 

- რა თანხა გამოთავისუფლდება და რისკენ იქნება მიმართული აღნიშნული თანხები?

 

– მთლიანად, იმ რეფორმის შედეგად, რაც გატარდება, დაახლოებით 60 მილიონი ლარი უნდა დაიზოგოს. აქედან დაახლოებით 7 მილიონი იქნება მიმართული მედიკამენტების დანახარჯებისკენ უმწეო მოსახლეობისთვის და მთლიანობაში ეს თანხები მიემართება ისევ და ისევ პაკეტის გაფართოებისკენ.

 

–ჩვენ ვხედავდით წლის ბოლოს როგორ სჭირდებოდა თანხების დამატება ამ პროგრამას 2017 წლის ბოლოს ჩვენ უნდა ველოდოთ იმავეს გამეორებას?

 

– თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ეროვნული მასშტაბით, არა.

 

- რა ტიპის კრიტიკულ შენიშვნებს ელით ამ პროექტის მიმართ?

 

- არის გარკვეული შენიშვნები და იქნება ყველა შემთხვევაში, რადგან ეს არ არის იდეალური გადაწყვეტილება. ჩვენ გავაგრძლებთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღოთ.

 

- რა შეიძლება იყოს ამ ცვლილებების შემდეგი ეტაპი?

 

- წელს ალბათ, ამ კუთხით სხვა ცვლილებები არ შევა ანუ მოთხოვნის მხარეს, მაგრამ მიწოდების მხარეს, ანუ სამედიცინო მომწოდებლებლები, დაფინანსების მეთოდები, შერჩევითი ხეშეკრულებები - ამ კუთხით გაგრძელდება ის ცვლილებები, რომლებიც დაანონსებულია.