geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:29
HaMa.ge – „წლის ბოლომდე პროდუქციას ექსპორტზე გავიტანთ"
2017-03-20 10:00:00
+
-

„დღეს ბევრი კომპანიაა, რომელიც ხელნაკეთ ნივთებს ქმნის, თუმცა ჩვენ კომპანიას თავისი ხაზი აქვს" - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „არტ-ბიზნესი" ახალგაზრდა მეწარმემ, Hama.ge-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი ჯიქიამ განაცხადა.

 

- რას სთავაზობს HaMa.ge მომხმარებლებს და რამდენი წელია რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ?


- ბაზარზე დაახლოებით ერთი წელია რაც აქტიურად ვმოღვაწეობთ. ჩვენ ბრენდს 15-მდე განსხვავებული პროდუქცია აქვს. ესენია ხელნაკეთი ბლოკნოტები, სასაჩუქრე ყუთები, სანათები, საათები და ა.შ. ჩვენ გვაქვს ის უპირატესობა, რომ ნებისმიერ მომხმარებელს ისეთი ორიგინალური და განსაკუთრებული ნივთის შექმნა შეუძლია, როგორიც მას სურს. ასევე შეუძლიათ შეიძინონ არსებული, ან შეცვალონ იგი.

 

- ძირითადად შეკვეთები რა პროდუქციაზე გაქვთ?


- საწყის ეტაპზე ჩვენ მიერ შეთავაზებული დიზაინი უფრო ჭარბობდა. ახლა უკვე თითქმის სულ ახალი დიზაინი მომხმარებლების მიერ იქმნება. სოციალურ ქსელში დადებული პროდუქციის 90%-ი ისაა, რაც მომხმარებელმა შექმნა.

- როგორც ვიცი თქვენ შექმნილ ნივთებს გრავირებას უკეთებთ და ხეზე მუშაობთ. სად აკეთებთ გრავირებას და სულ რამდენი ადამიანია თქვენთან დასაქმებული?


- ჩვენ აპარატი საკუთარი სახსრებით შეძენილი გვაქვს, რისი მეშვეობითაც ვაძლევთ ხეს იმ ფორმას რაც გვსურს. აპარატი ძვირი დაჯდა და ამ ხარჯის ნელ-ნელა დაფარვა გვიწევს.


ეს საქმიანობა მეგობრებმა დავიწყეთ. საწყის ეტაპზე ვიყავით სამნი, დღეს კი ვართ ექვსნი. სამმა ბიზნეს იდეა მოვიფიქრეთ, შემდგომ მოგვემატა მხატვარი, ბუღალტერი და კიდევ ერთი თანამშრომელი. ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ. ხშირ შემთხვევაში დიდი შეკვეთების მოსწრება თავის დროზე გვიწევს. პროდუქციაზე შეკვეთები ქართველი მომხმარებლის მხრიდან უცხოეთიდანაც გვქონდა.


ნივთებს ძირითადად 13-დან 24-წლამდე ახალგაზრდები ყიდულობენ.

- როგორ ხდება თქვენი პროდუქციის რეალიზება?


- ამ ეტაპზე შეკვეთა და შეძენა მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობითაა შეასაძლებელი. ჩვენი საიტი რამდენიმე დღეში გაეშვება და იქიდანაც შეეძლება მომხმარებელს პროდუქციის შერჩევა. 

 

- კონკურენციას რითი უწევთ სხვა ხელნაკეთი ნივთების კომპანიებს?


- დღეს ბევრი კომპანიაა რომელიც ხელნაკეთ ნივთებს ქმნის, თუმცა ჩვენ კომპანიას თავისი ხაზი აქვს. ჩვენი უპირატესობა სხვებისგან განსხვავებით არის ხარისხი. ასევე გამოგვარჩევს პროდუქციის კომპლექსურობა.

 

- და რას აპირებთ მომავალში?


- უახლოესი გეგმა საიტის გაშვება და მაღაზიის გახსნაა. არის სამომავლო გეგმებში ის, რომ გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე, ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე სავარაუდოდ, ექსპორტზე გავიტანთ პროდუქციას. გვსურს ეს ევროპაში მოხდეს.


პროდუქციის დამატებას სამომავლოდ რა თქმა უნდა, ვგეგმავთ.

 

ავტორი: თამარ ჯავახიშვილი