geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:39
სესხები 16,6%–მა მსესხებელმა გაალარა
2017-03-17 14:00:38
+
-

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გალარების ერთჯერადი პროგრამის საბოლოო მონაცემები ჯერ დასაზუსტებელია, თუმცა პროგრამის ფარგლებში გალარდა 60 მლნ დოლარის მოცულობის პორტფელი.

 



„როგორც აღინიშნა, ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად ძალიან მოვინდომეთ და ყველაფერი გავაკეთეთ პროგრამის ამოქმედებისთვის. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც გალარების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. 4500 ოჯახი, რომელიც შემდგომში დაზღვეულია სავალუტო კურსის რყევებისგან ნიშნავს, რომ გალარების პროგრამას კარგი შედეგი აქვს. გალარების პროცესს, ასევე, მიეხმარება ჩვენ მიერ 2016 წლის ბოლოს გადადგმული ნაბიჯები და ის ცვლილებები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში. ეს ეხება 100 ათას ლარამდე სესხების გაცემის ნაწილს. თქვენ იცით, რომ ასეთი სესხები მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ლარში გაიცემა. შესაბამისად, რადგანაც ჩვენი საკრედიტო პორტფელის საშუალოვადიანობა 2,5 წელიწადია, ეს სესხები, პრაქტიკულად, ხელახლა გაიცემა. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, იმ კატეგორიის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებზედაც განსაკუთრებით საჭიროა ყურადღების მიქცევა, 100 ათას ლარამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მთლიანად ლარში იქნება გაცემული," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და დღეს სრულდება.

 

ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლო იმ პირებს, ვისაც 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში ჰქონდათ აღებული იპოთეკური სესხი და მისი მოცულობა გალარების პერიოდისთვის არ აღემატებოდა 100 ათას აშშ დოლარს. სესხების გალარება შესაძლებელი იყო იმ დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრით. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 2.5 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდებოდა 2.3 კურსით. თუმცა სესხის საპროცენტო განაკვეთი თუკი დოლარში იყო დაახლოებით 7.5%, ლარში გადადიოდა 9.75%-ში. კურსთაშორის სხვაობას აფინანსებდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროგრამის დაწყებამდე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებდა, რომ გალარების პროგრამა დაახლოებით 27,000 ფიზიკურ პირს შეეხებოდა. მთავრობამ 65 მილიონი ლარი გამოყო მოქალაქეთა ნაწილის მიერ დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაციის დროს 20-პუნქტიანი სხვაობის დასაფარად.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"