geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:26
ბიზნესისთვის აუცილებელი კანონების მიღება ისევ დროში ჭიანურდება - როდის და რა კანონპროექტის მიღებას გეგმავს პარლამენტი?
2017-03-20 09:30:11
+
-

თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონში ცვლილებები, ანტიდემპინგური კანონი, სასოფლო-სამეურნეო მოწების უცხოელებზე გასხვისება, დეპოზიტების დაზღვევა, სივრცითი მოწყობა და მშენებლობის კოდექსი - ეს იმ რეზონანსული კანონპროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა ვერ მიიღო და განსახილველ-დასამტკიცებლად მე-9 მოწვევის პარლამენტს გადმოაბარა. ამ კანონპროექტების მცირე ნაწილი სესიებზე უკვე აქტიურად იხილება, ნაწილი კი ისევ ინიციატივად რჩება.

 

 

„კომერსანტი" მუდმივად წერდა იმაზე, რომ მიღებულ კანონებზე მეტად მერვე მოწვევის პარლამენტმა საზოგადოებას თავი უფრო იმ კანონპროექტებით დაამახსოვრა, რომელთა დამტკიცებისადმი დიდი მოლოდინი იყო, თუმცა მათი კანონად ქცევა ვერ მოხერხდა და ისინი დეპუტატებმა დასამტკიცებლად მომდევნო მოწვევის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დაუტოვეს.

 

 

"კომერსანტი" დაინტერესდა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული კანონპროექტები, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა ვერ მიიღო, რა ეტაპზეა ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში? 

 

 

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეფორმა, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ წამოიწყო საპენსიო რეფორმაა. რეფორმა ძალაში 2018 წელს უნდა შევიდეს და ის ეტაპობრივად დაგროვებით პენსიაზე გადასვლას გულისხმობს. ხელისუფლებაში დღეს აცხადებენ, რომ კანონპროექტი პარლამენტში 2017 წლის შემოდგომაზე შევა. მომზადებული კანონპროექტის თანახმად, დაგროვებითი პენსია არასავალდებულო და ნებაყოფლობითია.

 


დღეს არსებული მოდელის შესაბამისად, საპენსიო რეფორმა ორი კომპონენტისგან შედგება - პირველი - შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს და მეორე - დაგროვებითი საპენსიო სისტემა. დაგროვებითი მოდელის კონცეფციის თანახმად, თანამონაწილეობის პრინციპი იქნება შემდგნაირი, კერძოდ, საპენსიო ფონდში მოქალაქე განახორციელებს 2%-იან შენატანს, ასევე დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან მას საპენსიო ანგარიშზე დამატებით 2-2% გადაურიცხონ. მთლიანი შენატანი 6% იქნება.

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით საპენსიო რეფორმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ღია განხილვები მარტში დაიწყება.

 

"საპენსიო რეფორმის მიმართულებით ვაპირებთ, რომ უახლოეს პერიოდში, რაც მთავარია დასრულდეს კანონის დრაფტინგი, რომელშიც ჩართულია მსოფლიო ბანკი ADB და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. მარტიდან ჩვენ ვიწყებთ ღია განხილვებს, პირველ რიგში ბიზნესწრეებთან და ბიზნესასოციაციებთან და შემოდგომაზე კანონს შევიტანთ პარლამენტში. მისი იმპლემენტაციის პერიოდზე დღეს მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც მთავრობაში, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება 2018 წელი, შუა თუ წლის ბოლო ჯერ არ ვიცით, ვნახოთ", - აცხადებდა ერთი თვის წინ გიორგი გახარია.

 


დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონპროექტის განხილვა-დამტკიცება ვერ მოასწრო მერვე მოწვევის პარლამენტმა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ მთავრობამ კანონპროექტი რამდენიმე კვირის წინ მოიწონა. მაშინ ითქვა, რომ უახლოეს დღეებში დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნებოდა. კანონის ამოქმედება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება.

 


არსებული კანონპროექტის მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება. თავდაპირველად დაზღვევა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და ის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება. ასევე, როგორც ცნობილია დაზღვეული იქნება დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში, როგორც ლარში ასევე დოლარში. შესაბამისი ფონდის მოცულობა თავდაპირველად 20 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც სრულად კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ.

 


"საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე" მუშაობა 2014 წლის ბოლოდან მიმდინარეობს, თუმცა, ამ დრომდე მისი განხილვა პარლამენტში არ მომხდარა. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტრო და დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ არსებული კოდექსი მოძველებულია და ის დარგის გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. ახალი კოდექსის თანახმად, მშენებარე ობიექტს ზედამხედველობა ან სახელმწიფომ ან კერძო აკრედიტებულმა ინსპექტორმა უნდა გაუწიოს. სავალდებულო ხდება არქიტექტორებისა და ინჟინრების სერტიფიცირებაც. შემოდის საჯარო სივრცეებთან მიჯნის ზონის ცნებაც.

 


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დღეს აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე უკვე შესულია და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, იმის გამო, რომ ამ საკითხზე მთავრობამ დამატებითი კონსულტაციები ითხოვა, მისი განხილვა-მიღება იმიტომ გაჭიანურდა. ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რათა კანონპროექტზე მუშაობის დროს საპარლამენტო ჩართულობა გაიზარდოს.
კაკულიას განცხადებით, პარლამენტში შესულია სხვადასხვა ავტორების ალტერნატიული წინადადებაც, რომლის განხილვაც აუცილებლად მოხდება.

 


გაჭიანურებული კანონპროექტების ნუსხაში ხვდება ანტიდემპინგური კანონიც. კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2014 წლის იანვარში ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. კვირიკაშვილის თქმით, კანონის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების არასამართლიანი კონკურენციისგან დაცვაა.მაშინ კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ კანონმდებლობა ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებოდა და შეიძლება იმპორტიორისთვის მიუღებელი, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლისთვის მოსაწონი ყოფილიყო.

 


ყოფილი მინისტრისა და ამჟამად პრემიერის პროგნოზმა გაამართლა - ანტიდემპინგურ კანონპროექტს ბიზნესის ნაწილი მართლაც უარყოფითად შეხვდა და ეს კონკურენციის შეზღუდვად აღიქვა.

 


ანტიდემპინგური კანონპროექტი უკვე დიდი ხანია პარლამენტიდან მთავრობამ გამოითხოვა. როგორც პარლამენტარი თემურ მაისურაძე „კომერსანტთან" მიმდინარე წლის მაისში აცხადებდა, კანონპროექტში დასამატებელი იყო იმ დოკუმენტების სია, რომელიც საჭიროა დემპინგური ფასების ბრალდებით კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად. თუმცა, ამ დრომდე მთავრობას კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოსთვის არ დაუბრუნებია. პარლამენტარი მაშინ ფიქრობდა, რომ კანონპროექტის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ „ვიღაცას ამის მიღება არ სურს".

 


დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური მუშაობს და უახლოეს მომავალში ის საერთო კონსულტაციებსაც გეგმავს.

 


გაჭიანურებულ კანონპროექტებს შორის არის კანონი „სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების" შესახებაც, რომელიც არარეზიდენტ პირებზე მიწის მიყიდვის წესებს არეგულირებს. აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია განმარტავს, რომ მისი განხილვები საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად დაიწყება.

 


დანელიას თქმით, კანონპროექტის განხილვა აუცილებლად საჯაროდ მოხდება. მისი განცხადებით, უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი საკმაოდ დიდი ხნის, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული პრობლემაა, რომელიც დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ერთხელ და სამუდამოდ ვერ მოგვარდა.

 

 

„ჩვენ გვინდა, რომ ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით ეს პრობლემაც მაქსიმალურად დაჩქარებული ვადებით დავარეგულიროთ", - აღნიშნა დანელიამ.

 

 

დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს, „ამიტომ, ჩვენ მოგვიწევს დისკუსია ღია ფორმატში, თუმცა ერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს რეგულაციას როგორც ხელმისაწვდომობის, ასევე პრივატიზების, იჯარის და არბიტრაჟის ნაწილშიც. მნიშვნელოვანია დარგის ჩართულობა, რადგან საზოგადოებრივი აზრის იყოს გათვალისწინებული.

 

 

ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისება აუცილებლად უნდა გავამკაცროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ხელმოუწვდომებლი იყოს ინვესტორებისთვის. ხელმისაწვდომობა შესაძლებელია მხოლოდ განონაკლისის სახით დავუშვათ. მიწას სჭირდება დაცვა, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ საჭირო და მნიშვნელოვანია, ფრთხილად მოვეკიდოთ ამ საკითხს და სწორად მივიღოთ გადაწყვეტილება.

 


უცხოელებზე მიწის მიყიდვის დარეგულირება „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უცხოელებსა და უცხოურ ფირმებზე მიწის გასხვისებაზე მორატორიუმით დაიწყო. მიწის გასხვისების აკრძალვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა. ვადის ამოწურვამდე კი მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ. კანოპროექტი მინისტრთა კაბინეტმა 2014 წლის სექტემბერში მიიღო, თუმცა, პროექტს კანონის ძალა ამ დრომდე არ მიუღია. მოხსნილია მხოლოდ მორატორიუმი.

 

 

უკვე განხილვაშია თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი - ამ ცვლილებების მიღება საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება. პროექტი  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას გულისხმობს.

 

 


ავტორი:სოფო ქსოვრელი

 

 

1 Jan, 1970