geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:34
საიდუმლო სარკინიგზო ეშელონი აფხაზეთში - რა საბრძოლო მასალები შეიტანეს ოკუპირებულ რეგიონში?
2017-03-17 12:11:58
+
-

აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მე-7 სამხედრო ბაზამ ს-300 ტიპის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისი ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები შეიტანა. UMINT/OSINTსადაზვერვო საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების "Infomnapalm" მოხალისეებმა შეძლეს, დაეფიქსირებინათ საზენიტო-სარაკეტო სისტემების ს-300 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანის ფაქტი. საქმე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფოტო და ვიდეო მასალამაც გააადვილა. „იუთუბზე“ 2017 წლის 11 მარტს ატვირთულ ვიდეორგოლზე ნათლად ჩანს, თუ როგორ შევიდა რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონი, რომლის შემადგენლობაშიც დაახლოებით სამი ათეული ვაგონი, მათ შორის ღია პლატფორმებითა და მსხვილგაბარიტიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული სატვირთო მანქანები და სარადარო მოწყობილობები იყო - წერს „რეზონანსი“.

 

ეშელონი სამხრეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა ნოვოროსიისკი-კრასნოდარის სარკინიგზო ხაზის პარალელურად ტრასის მონაკვეთზე, ადიღესა და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ საზღვარზე.აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო შემადგენლობის ვაგონების სერიული ნომრები ემთხვევა ამავე პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეორგოლზე არსებულ ნომრებსა და იმ პლატფორმების ნომრებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. უტყუარ მტკიცებულებად კი გუდაუთის სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედროების მიერ გადაღებული და შემდეგ თავიანთ სოციალურ გვერდებზე ატვირთული ფოტოები შეიძლება ჩაითვალოს. სავარაუდოდ, ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ახალი, მესამე დივიზიონი განთავსდება ოჩამჩირის ("ნაგვალოუს" პოლიგონზე) ან გალის რაიონში, სადაც 2016 წლის ბოლოდან რუსი ოკუპანტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. კრემლის მსგავსი აქტივობა, შესაძლოა, NATO-ს ძალების შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამოჩენას და მათ მიერ ფოთის პორტის შესაძლო გამოყენებას უკავშირდებოდეს. ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ოჩამჩირის რაიონში განთავსების შემთხვევაში, მათი მოქმედების რადიუსში მთელი დასავლეთ საქართველოსა და თურქეთის ჩრდილოეთ რეგიონების ნაწილიც კი მოექცევა. გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზა მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტსაც. ჩვეულებრივი საარმიიო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გარდა, აფხაზეთში ასევე განლაგებულია საზენიტო-სარაკეტო პოლკი, რომლის შემადგენლობაში არის 16 ერთეული გამშვები პუნქტი. დივიზიონები განთავსებულია გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკის რაიონში და გულრიფშის რაიონის სოფელ აგუძერაში. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოება "ინფორმნაპალმ", რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, დაარსდა 2014 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში, მისი მიზანი იყო რფ-ის მიერ წარმოებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა და მტკიცებულებების დემონსტრირება რუსეთის აგრესიის შესახებ, რომელიც საწყის ეტაპზე შენიღბული იყო „ყირიმის თავდაცვის“ მოქმედებებისა და შიდა უკრაინული სამოქალაქო დაპირისპირების თეზისებით. 

 

დღეისათვის „ინფორმნაპალმ“ ერთ-ერთი უმძლავრესი რესურსია, რომელიც აწარმოებს საკუთარ გამოძიებებს და აქვეყნებს ცალკეულ მონაცემებს რუსეთის უკრაინაში აგრესიის დამადასტურებელ ფაქტებზე. საზოგადოების მოხალისეები გულდასმით აგროვებენ, აანალიზებენ და ფართო საზოგადოებას დონბასში რუსეთის რეგურალური არმიის მონაწილეობის ფაქტებს წარუდგენენ. გარდა მოხალისე-მზვერავებისა, რომლებიც ახორციელებენ ღია წყაროებიდან (ვიდეო და ფოტოფაქტები, თანამგზავრული სურათების მონაცემები, ინფორმაცია სოციალური ქსელების პროფილებიდან) ინფორმაციის შეგროვებას და მის ანალიზს, და ინსაიდერებისა, რომლებიც უშუალოდ ატო-ს (ანტიტერორისტული ოპერაცია) ზონაში იმყოფებიან, მოხალისე-თარჯიმნები, შეგროვებულ მონაცემებს ოც სხვადასხვა, მათ შორის ქართულ ენაზეც ავრცელებენ. როგორც ერთხელ ერთმა რუსმა ექსპერტმა აღნიშნა, რუსული არმიის ყველაზე დიდი მტერი ფოტოკამერიანი მობილურის მქონე და სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი რუსი ჯარისკაცია. მართლაც, სოციალურ ქსელებში, კერძოდ კი „იუთუბზე“ და „ვკონტაკტე.რუ“ რუს სამხედროებს, მეტწილად ახალწვეულებს, ნებსით თუ უნებლიეთ, არაერთხელ გაუვრცელებიათ სამხედრო საიდუმლო, იქნებოდა ეს ჯარებისა და მძიმე ტექნიკის გადაადგილება, თუ ახალი შეიარაღების მიღება. მსგავს ფაქტებს „ინფორმნაპალმ“-ის მსგავსი ინტერნეტჯგუფები აგროვებენ და ავრცელებენ. მათ რუსული მხარის მიერ დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტებისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალების გადაცემის ფაქტები არაერთხელ დაუფიქსირებიათ.

 

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული მხარის მიერ სამხედრო ტექნიკის შეტანას რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას არ უკავშირებს. მისი თქმით, მოსკოვის სამხედრო აქტივობა კავკასიის რეგიონში სულ სხვა მიზეზებით არის განპირობებული. "რუსეთის არმია დასახული გრძელვადიანი გეგმის თანახმად ახორციელებს მთელი შეიარაღების და ტექნიკის განახლებას (ახლის შეძენა ან მოდერნიზაცია). ამ პროცესს მთლიანად ასრულებენ 2020 წელს. გადაიარაღების პროცესის დასაწყისში პრიორიტეტად არჩეული იყო სამხრეთ სამხედრო ოლქი და დასავლეთის მიმართულება, შემდეგ უკვე სხვა სამხედრო ოლქები. ამიტომ არც ს-300, არც "ბუკ"-ის ახალი მოდიფიკაცია, არც "პანცირ", არც "ისკანდერები", არც ახალი საავიაციო ტექნიკა აღმოჩენას არ წარმოადგენს. შევიხედოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე, რომელზეც ღიადაა თითქმის ყველა სახის ტენდერი წარმოდგენილი და ანალიზისთვის სრულიად საკმარისი იქნება, როგორი მასშტაბით მიმდინარეობს ჯარის გადაიარაღება. ასეთი ტემპით დღეს მსოფლიოს არც ერთი არმიის განახლება არ ხდება. ამას ასწორი შეფასება სჭირდება", - თქვა სალუქვაძემ გამოცემასთან საუბრისას. მისივე თქმით, NATO-ს მიერ ფოთის პორტისადმი გამოწვეულმა ინტერესმა რუსეთის პოლიტიკური წრეების გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, ს-300 დამატებითი კომპლექსების აფხაზეთში გადასროლა, შესაძლოა, ერთგვარი კუნთების თამაშიც იყოს. "ყოველ ჩვენს ნაბიჯს რუსეთი დაუპირისპირებს გაცილებით სერიოზულ ზომებს, ამიტომ ყველაფერი გასათვლელია, რას და როგორ გავაკეთებთ", - აცხადებს სალუქვაძე და ამბობს, რომ თუ NATO-ს ჩვენს ტერიტორიაზე ბაზები სურს, მაშინ უნდა მიგვიღონ NATO-ში, სხვაგვარად ეს დიდი რისკის შემცველია.

 

„რეზონანსი“