geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:41
ინვესტორი შეაშინეს - რა ბედი ელის სასტუმრო საქართველოს
2017-03-17 10:00:29
+
-

როდის დატოვებენ სასტუმრო „საქართველოს" დევნილები და როდის დაიწყება მისი რეკონსტრუქცია მარტის ბოლოს გაირკვევა, საკითხზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისაუბრეს.

 

სასტუმროს მომავალ მფლობელს, არაბ ინვესტორებს საქართველოში 21 მარტს ელიან. როგორც მათი ქართველი პარტნიორები აცხადებენ, პოტენციურ მყიდველს ქონების შესაძენად თანხის ნაწილი გადახდილი აქვს, 27 დეკემბერს უნდა გადაეხადა 1 მლნ დოლარი, რათა დევნილების გამოსახლება დაწყებულიყო, თუმცა პროცესი გაჭიანურდა - ინვესტორი ფრთხილობს.

 

„ვიღაცეებმა რომლებმაც ნახეს, რომ საქმე კეთდებოდა, შეაშინეს ინვესტორი, რომ შესაძლოა დევნილებს არ დაეტოვებინათ შენობა", - აცხადებს კომპანია „საქართველოს" წარმომადგენელი, იურისტი შალვა კაციაშვილი.

 

მისი თქმით, ინვესტორი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეხვედრას გამართავს დევნილთა სამინისტოშიც, რათა დარწმუნდეს, რომ პრობლემები არ შეექმნება.

 

დევნილების განსახლებისთვის არაბული კომპანია 1 მლნ დოლარს იხდის, დაახლოებით ამდენივეს ამატებს სახელმწიფოც, რომელიც მზადაა თანხა შეუფერხებლად გამოყოს. სასტუმროში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიც შენობის დატოვების მზადყოფნას გამოთქვამენ.

 

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა დავით კოდუამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი სასტუმრო საქართველოს შენობა და შპს „საქართველოს" 73%-იანი წილი არაბულ „არაბელა ინვესტ გრუპს" მიყიდა.

 

მყიდველმა გამყიდველს ჯამში 16,5 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს, თუმცა აქედან დიდი ნაწილი 12 მილიონამდე თანხა პირდაპირ ბანკ „ქართუში" არსებული დავალიანების დაფარვას მოხმარდება. კიდევ 1 მლნ აშშ დოლარი კი, სასტუმროში მცხოვრები დევნილების გამოსახლებისთვის დაიხარჯება.

 

მხარეებს შორის ხელშეკრულება ოქტომბრის დასაწყისში გაფორმდა და ახლა შპს „საქართველოში" 73,28% წილზე განვადებით ნასყიდობა ვრცელდება. შენობის მფლობელი არაბული კომპანია ვალდებულების შესრულების შემდეგ გახდება და გავრცელებული ინფორმაციით აბუ-დაბის შეიხის ოჯახი ადგილზე 7 ვარსკვლავიანი სასტუმროს ააშენებს.

 

 

gbc.ge