geo eng rus
სამშაბათი, 27 ივნისი, 2017. 02:34
საქართველომ და აზერბაიჯანმა შესაძლოა, ერთობლივი ტურისტული მარშრუტები შექმნან - ანალოგიური პროექტი სომხეთთანაც განიხილება
2017-02-17 18:30:40
+
-

სომხეთის შემდეგ საქართველოსთან ერთიანი ტურისტული მარშრუტის შექმნის იდეას აზერბაიჯანიც განიხილავს. აღნიშნული საკითხი თურქეთში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველო–აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრებმა განიხილეს. როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, საჰინ მუსტაფაევთან შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ტურიზმი იყო.

 

 

"აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ძალიან მეგობრული და შედეგიანი იყო, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან. შეხვედრისას განვიხილეთ ისეთი კონკრეტული თემა, როგორიც არის, მაგალითად, შესაძლებლობა, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს და აზერბაიჯანს შექმნან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ტურისტული მარშრუტი, რათა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყონ. მარტივად შეგვიძლია ჩვენ ჩვენი ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ქალაქები და კურორტები დავუკავშიროთ ერთმანეთს, გავითვალისწინოთ ჩვენს საჰაერო სივრცეში რეისების რაოდენობა, მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტები და აქაც ერთმანეთს მივეხმაროთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

მინისტრის თქმით, არსებობს ბევრი თანხვედრის წერტილი. "კონკრეტულ თემებზე თანამშრომლობა, კონკრეტულ კომპანიებთან ურთიერთობა, ხელშეწყობა მათი ბიზნესურთიერთობების დამყარებისთვის არის ყველაზე მარტივი, სწორი და სწრაფი გზა, რათა ჩვენი ეკონომიკის ზრდას ხელი შევუწყოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

აქამდე საქართველოსთან ერთიანი ტურისტული მარშრუტის შექმნის იდეა სომხეთშიც გააჟღერეს. 2016 წლის ბოლოს სომხეთის და საქართველოს ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა ერთიანი ტურისტული პაკეტის შექმნა და რეგიონალური ტურიზმის განვითარება განიხილეს. მაშინ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასოციაციების წევრი კომპანიებთან ერთად სომხეთშიც იმყოფებოდნენ.

 

 

როგორც მაშინ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მეხაკ აპრესიანი აცხადებდა, თანამშრომლობა საქართველოსთან როგორც სახელმწიფოებრივ, ისე კერძო სექტორის დონეზე ყოველწლიურად ღრმავდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის და თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს. „უკვე გვაქვს შეთანხმებები საქართველოს ტურიზმის ნაციონალურ ადმინისტრაციასთან"-განაცხადა აპრესიანმა და დასძინა, რომ ასევე მიღწეულია შეთანხმება ირანთან ტურისტული პაკეტის ფორმირებაზე სამმხრივ ფორმატში - სომხეთს, საქართველოს და ირანს შორის.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"