geo eng rus
სამშაბათი, 27 ივნისი, 2017. 02:32
პატრიარქი მამა გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმაურება - მიმართვა ბერლინიდან
2017-02-17 08:30:35
+
-

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. ვრცელდება ილია მეორის მიმართვა ბერლინიდან, სადაც პატრიარქი მისი ოპერაციის შესახებ და მამა გიორგის დაკავებაზე. 


„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა , გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია, ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ.

 

მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

 

ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება",- აღნიშნავს პატრიარქი მიმართვაში.

 

ბერლინიდან, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიმართვას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია „ფეისბუქის“ გვერდზე ორ ნაწილად ავრცელებს.

 

ილია მეორეს ლაპარასკოპიული მეთოდით 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ბერლინში ჩაუტარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობას ექიმები დადებითად აფასებენ და მას სავარაუდოდ, კლინიკიდან ორშაბათს გაწერენ. 

 

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას, პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი. მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.