geo eng rus
სამშაბათი, 27 ივნისი, 2017. 02:33
ზაზა სინაურიძე: "სამშობიარო კლინიკების სელექტიური კონტრაქტირება დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობას შეამცირებს"
2017-02-17 14:30:07
+
-

ინტერვიუ VIP კლასის სამშობიარო PINEO სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორ ზაზა სინაურიძესთან


-ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებას პირველი მარტიდან დაიწყებს. კლინიკები, რომლებიც ვერ მიიღებენ სპეციალურ დონეს და წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარე არ ეყოლებათ, ვეღარ ჩაერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. იწონებთ თუ არა თქვენ ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და რა შედეგების მიღებას ელოდებით?


-ეს პროცესი სწორი და კარგია. დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო, რადგან ბაზარზე სამეანო დაწესებულებები საკმაოდ დიდი რაოდენობებით არის წარმოდგენილი.ასეთ მდგომარეობაში კი მომხმარებლისთვის ძალიან რთულია სწორი კრიტერიუმებით მოახდინოს არჩევა. უნდა არსებობდეს რეგულირება, რომელიც დაწესებულებებს ხარისხობრივად განასხვავებს. ჩვეულებრივ მომხმარებელს ამის უნარი არ გააჩნია, რადგან ამისთვის სპეციფიური ცოდნაა საჭირო. ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულების შეფასებაა. აქედან გამომდინარე, ეს ნაბიჯი აბსოლუტურად სწორი იყო. დაიდო ხარისხობრივი პარამეტრები და ამის შეფასებით სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ის დაწესებულება, რომელიც ამა თუ იმ პარამეტრს ვერ დააკმაყოფილებს სახელმწიფო დაზღვევას გამოეთიშება. რაც ყველაზე მთავარია, ეს პარამეტრი ცვლადი უნდა იყოს. დღეს დაიდო ისეთი პარამეტრი, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალეა, ღიაა და ცვლადია. სწორედ ამის გამო დაიწყეს სელექტიური დაფინანსება.


რაც შეეხება შედეგებს, ჯანდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებით გააუმჯობესებს ვითარებას. პირველი, შეამცირებს დედათა და ბავშვთა ავადობის და სიკვდილიანობას და მეორე, შეამცირებს საკეისრო  კვეთებს. მთლიანობაში, ამაღლდება ხარისხი.


-ბევრი სამშობიარო დადგება დახურვის წინაშე?


-დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში არ იქნება, ეს მის დახურვას არ ნიშნავს. არავინ არ ხურავს ამ კლინიკას ეს არის ერთგვარი სტიმული, რომ გააუმჯობესონ სერვისი, ხარისხი და შესაბამისად, ბაზარზე წარმოდგნილ მოთამაშეებში იმ თამასას დაეწიოს რაც დევს. თუ ასწიეს ხარისხი, შემდეგ მოხვდებიან სელექტიურ კონტრაქტირებაში. გარდა ამისა, იქ არის საკეისრო კვეთის პროცენტი. ასევე არის რამოდენიმე პარამეტრი, რის მიხედვითაც კლინიკების შეფასება მოხდება.


-საკეისრო კვეთის პროცენტი ლიმიტირებულია?


-ლიმიტირებული არ არის, მაგრამ არის გარკვეული ზღვრული ნიშნული, რომლის ზემოთაც მსოფლოში არ არსებობს. დღეს საქართველოში საკეისრო კვეთები არასწორი ჩვენებებით კეთდება.


-რა ეშველებათ იგივე ძირადღირებულ კლინიკას, რომელსაც შესაძლოა, წლის განმავლობაში 500 მშობიარე არ ჰყავდეს?


-ძვირადღირებული კლინიკა თუ არის, ეს იმას ნიშნავს,რომ ორიენტირებულია ისეთ ფენაზე, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ასეთ კლინიკებს თავისი სეგმენტი ჰყავს.


-საწყის ეტაპზე სელექტიური კონტრაქტირება 3 დიდ ქალაქში -თბილისში, ქუთაისა და ბათუმში დაიწყება. თქვენი აზრით, რეგიონებში არსებულ სამშობიაროები რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან?


-რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ქუთაისში და ბათუმში ყველა მოქმედი სამშობიაროსთვის ეს დიდი ნიშული არ არის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, სადაც წელიწადში 500 მშობიარე არაფერი არ არის. მინიმუმი 2000 და მეტია. ნებისმიერი პრაქტიკოსი ექიმი, თუ არ იღებს მშობიარობას, არ აკეთებს ოპერაციას და არაკეთებს რაიმე პროცედრას, ძალაუნებურად ავიწყდება, მისი უნარ-ჩვევა ქვეითდება. შესაბამისად, თუ 500 -ზე ნაკლები მშობიარე ჰყავს, გამოდის, რომ დღე-ღამეში 1.5 მშობიარეა. ეს ძალიან ცოტაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ნიშნული რაიონებს არ ეხება. რაიონებში 500 კი არა 100 არ ჰყავთ ხანდახან.


-ბევრი კლინიკაა ისეთი,რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ ნორმებს ვერ დააკმაყოფილებს?


- რამდენადაც ვიცი, პირველადი მონაცემებით ბევრი არ არის. საქართველოს მასშტაბით შესაძლოა ეს 4-5 კლინიკა იყოს.


-სელექტიური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება, თუმცა, მოგვიანებით. ამ პროცესის სამეანო დაწესებულებებით დაწყება გამართებული იყო?


-ბაზარი ყველაზე მეტად სამეანო დაწესებულებებით არის გაჯერებული. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ:1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში წელიწადში 120 000 მშობიარობა იყო და იმ პერიოდში თბილისში მუშაობდა 6 სამეანო დაწესებულება. დღეს მშობიარობა განახევრებულია და ის დააახლოებით 60 000-ს შეადგენს. ამის გათვალისწინებით კი, მარტო თბილისში 22 სამეანო დაწესებულებაა. აქედან გამომდინარეობდა ზუსტად ის, რომ აქცენტი ხარისხზე გაკეთდა.


-ჯანდაცვის სამინისტრო საკეისრო კვეთების დაფინანსების მექანიზმის შეცვლას გეგმავდა. გასულ წელს თქვენც ჩვენთან საუბარში აცხადებდით, რომ აუცილებელია, შემცირდეს საკეისროს ტარიფი, ფიზიოლოგიურისა კი გაიზარდოს და, შესაბამისად ღირებულება გათანაბრდეს. იგი ოპტიმალურ ღირებულებად ორივე მომსახურებაზე 700 ლარს ასახელებს.ამ მხრივ რა ხდება?


-ამაზე მუშაობა საკმაოდ აქტიურად გრძელდება. ალბათ ამ წლის განმავლობაში წინ გადადგმული ნაბიჯები იქნება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი