geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:16
„პატრიარქის ან სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა“ - პროკურატურის განმარტება და ახალი ბუნდოვანება საქმეში
2017-02-16 11:25:17
+
-

„პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არაპატრიარქის, - აცხადებენ "რეზონანსთან" საუბრისას მთავარ პროკურატურაში და ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს, რადგან მათ არსად უთქვამთ - პატრიარქი. "მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ," - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში, სადაც აღნიშნავენ იმასაც, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი, საუბარია "ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან". კონკრეტულად ბრალდებაში ვისზეა საუბარი, ამის შესახებ პროკურატურაში არ საუბრობენ, თუმცა, დიდი ალბათობით საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებია საზოგადოებაში ყველა ილია მეორის მკვლელობის მომზადებაზე საუბრობს, სასულიერო პირებიც სწორედ პატრიარქზე აკეთებენ აქცენტს, უფრო მეტიც, როდესაც პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და "ქართული ოცნების" დეპუტატები ღიად აცხადებენ, რომ სწორედ უწმინდესის მოწამვლა იგეგმებოდა, რატომღაც პროკურატურას ამდენი დღის განმავლობაში გარკვევით არ უთქვამს, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე არ არის საუბარი. "რეზონანსთან" საუბრისას მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ამბობს, რომ მთავარმა პროკურორმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ პატრიარქზე საუბარი არ არის. "ბრიფინგზე მთავარ პროკურორს ჰკითხეს, იყო თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ილია მეორე, ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ - არა, მე პატრიარქი არსად მიხსენებია. ჩვენ პრესრელიზში, თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ განმცხადებელმა, რომელიც პროკურატურაში მოვიდა, თქვა, რომ უნდა მოეხდინათ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ციტატა მისი განცხადებიდან მოვიყვანეთ, თორემ უკვე მეოთხე აბზაცში წერია ის, რაც გამოძიებით დადგინდა - ანუ, იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა პატრიარქის გარემოცვიდან და აქ საუბარი არ არის მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე. უბრალოდ განცხადება კარგად არის წასაკითხი. თუმცა არ ვიცი, რატომღაც ასე აიტაცეს და გადაწყვიტეს. "გამოძიებით დადგინდა"-ში რაც წერია, ესაა მნიშვნელოვანი," - ამბობს სუხიაშვილი.

 

თუკი მაღალ იერარქზე და საერთოდაც პატრიარქზე არ იყო საუბარი, რის საფუძველზე ისაუბრა პატრიარქზე პრემიერმა, თან როდესაც კვირიკაშვილმა თქვა, რომ მას გამოძიებიდან აქვს ინფორმაცია? ამ შეკითხვაზე პროკურატურაში პასუხი არ აქვთ. „მესმის, მაგრამ ეს (ჩვენი) უწყების ბრალი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ. ვისზეა საუბარი, მე არ ვიცი. მე ვხელმძღვანელობ იმით, რაც მთავარმა პროკურორმა თქვა და რაც ოფიციალურად გვაქვს გაცხადებული," - დასძენს სუხიაშვილი.

 

პროკურატურის ამ განცხადების შემდეგ, რაც ოფიციალურად იმის უარყოფას ნიშნავს, რასაც დღეებია ხელისუფლებისგან მტკიცებით ფორმაში ვისმენთ, კითხვები უფრო მეტი გააჩინა იმაზე, რატომ კეთდებოდა აქცენტი პატრიარქზე და რატომ ამტკიცებდნენ ამას ხელისუფლების წარმომადგენლები. საგულისხმოა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან, რადგან ეს იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული და მას ინფორმაცია სწორედ პროკურატურისგან აქვს, რის გამოც სახელმწიფომ პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანა საქმე და ბერლინის კლინიკაში, სადაც პატრიარქი მკურნალობს, დაცვა გააგზავნა. ასევე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ "უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან და ეს არ იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ ეკლესიაზე არამედ ადარტყმა სრულიად საქართველოზე."

 

"ოცნების" დეპუტატები, მამუკა მდინარაძეც და ეკა ბესელიაც ანალოგიურად პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობაზე საუბრობდნენ, თუმცა როდესაც "რეზონანსი" შეეცადა მათგან მოესმინა, რაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა, კომენტარი ვერ მივიღეთ. მდინარაძემ არც სატელეფონო შეტყობინებებს და არც ზარებს არ უპასუხა, ბესელიამ კი შეკითხვაზე, "საიდან აქვს ინფორმაცია, რომ სწორედ პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდა და არა სხვისი?" - მოგვწერა, რომ "უკვე საუბრობენ კიდეც საჯაროდ და პროკურატურამაც ისაუბრა", დანარჩენს კი გამოძიება გვეტყვის. "მე რაც ვთქვი, ის ვთქვი! კარგად ვიცი, რასაც ვამბობ და სად გადის პრეზუმფციის ზღვარი," - მოგვწერა ბესელიამ.

 

ის, რომ ოფიციალურ ბრალდებაში პატრიარქის მოწამვლაზე საუბარი არ ყოფილა, ამის შესახებ განცხადება პირველად სახალხო დამცველმა დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეზე დაყრდნობით განაცხადა, თუმცა არ თქმულა, ბრალდებაში ვისი სახელი ეწერა. სახალხო დამცველის განცხადება დაადასტურა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამაც, თუმცა ამ საქმეზე სხვა არაფერი უთქვამს და მიზეზად საქმის დეტალების გაუთქმელობაზე ხელწერილი დაასახელა. სამშაბათს ღამით ადვოკატმა გიორგი ნოზაძემ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, განჩინებაში დაფიქსირებულია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება. მოგვიანებით კი "რუსთავი 2"-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, თქვა, რომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერში, რაც პროკურატურას ე.წ. ციანიდის საქმეში უდევს, არა რომელიმე მაღალ იერარქზე, არამედ შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი და ჩანაწერი "საყდრისის მცველის" ჟურნალისტის, ირაკლი მამალაძის გაკეთებულია და რომ სწორედ ამ ჩანაწერის საფუძველზე დააკავეს დეკანოზი და ჟურნალისტი საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმეა. ირაკლი მამალაძე კი ამბობს, რომ ის ბრალდების ერთ-ერთი მოწმეა და საქმეში უმძიმესს დანაშაულზეა საუბარი. 

 

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი დეკანოზზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე თავისი ნათესავია და თან, მასთან მეგობრობდა. ნათესაობას და მეგობრობას კი უარყოფს მოწმე ჟურნალისტი. ასევე გუშინ გამოიკვეთა ბრალდების კიდევ ერთი მოწმე, ცნობილი ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც დღეს საპროკურორო საბჭოს წევრია და ხელისუფლებასთან ასოცირებულ პირად მიიჩნევა. დაკითხულია ასევე პატრიარქის დაცვის უფროსიც, თუმცა ყველა მათგანი დუმს, რადგან ყველა მათგანს პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა. უფლებადამცველი მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ საკვირველია, როდესაც ადვოკატები არ აცხადებენ, რა წერია ბრალდებაში. გაუთქმელობის ხელწერილი საქმის შინაარსის გაუთქმელობას გულისხმობს და არა ბრალდებაზე დუმილს და ყველა მხრივ გასაიდუმლოებული საქმეები ეჭვს იწვევს და გამოცდილებაც გვაქვს, საქართველოში გასაიდუმლოებულ საქმეებში მტკიცებულებებს როგორ კერავან. "შორენა თეთრუაშვილი არ არის მაღალი იერარქი, ის საერთოდ სასულიერო პირიც არ არის. როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განჩინება, რომლის თანახმადაც მითითებულია რომ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა იმის გამო, რომ ბრალი ედებოდა მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეს გავახმოვანე. როდესაც ეს ფაქტი გავასაჯაროვე, რატომღაც დეკანოზის ადვოკატებმა იმაზე დაიწყეს საუბარი, შენ განჩინება საიდან გაქვსო. განჩინება არ მაქვს, მაგრამ მე ის ვნახე," - ამბობს ნოზაძე, რომელიც თვლის, რომ დიდი ალბათობით საქმეში არანაირი მტკიცებულები არ არსებობს და ფალსიფიკაცია მიდის, ამიტომაც არის საქმე გასაიდუმლოებული. "პროკურატურა და პოლიტიკოსები პირდაპირ პატრიარქზე მიანიშნებენ, ამით საზოგადოების დაზაფვრა ხდება. ამით ეკლესიას ადგება ზიანი, ვხედავთ უკვე როგორი რიტორიკით გამოდიან მეუფეები და ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. ვთვლი, რომ ვინც ეს საქმე დაგეგმა, სწორედ იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ ეკლესიაში დაპირისპირება უფრო გაღრმავებულიყო",- აცხადებს ნოზაძე, რომლის თქმით, პროკურატურას როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, კარგა ხნით არ გამჟღავნდებოდა ბრალდების ნაწილი, დროის გასვლის შემდეგ კი უკან მიდევნებული ლამპარივით იქნებოდა.

 

„რეზონანსი“