geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:15
„აშშ-ის განელებული ინტერესი?“ - NATO-ს მინისტერიალი ბრიუსელში
2017-02-16 09:30:02
+
-

ბრიუსელში იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც სამხედრო ხარჯების გაზრდისა და ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ მსჯელობენ. 15 თებერვალს დაწყებულ შეხვედრაში პირველად იღებს მონაწილეობას აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი, ჯეიმს მატისი. შეხვედრის დაწყებამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოთქვა რწმენა, რომ მინისტერიალზე დაადასტურებენ ტრანსატლანტიკური ალიანსის დიდ მნიშვნელობას. იქვე სტოლტენბერგმა NATO-ს წევრებს მოუწოდა, უჩვენონ შეერთებულ შტატებს თავიანთი ძალისხმევა თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად.

 

შეერთებული შტატებისაგან NATO-ს დანარჩენი წევრები იმის დასტურს მოელიან, რომ ვაშინგტონი ალიანსის ერთგულია. მინისტრების შეხვედრის დაწყებისას სტოლტენბერგმა შემდეგი უთხრა ჟურნალისტებს: „სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის გზავნილი იქნება გზავნილი ტრანსატლანტიკური ერთობის, ჩვენი ერთად დგომისა და ერთმანეთის დაცვის მნიშვნელობის შესახებ და NATO-ს მიმართ აშშ-ის ძალიან მტკიცე ვალდებულების შესახებ".


აშშ-ის პრეზიდენტ დონალ ტრამპს NATO „მოძველებულად" ჰყავს მოხსენიებული და ნათქვამი აქვს, რომ შეერთებული შტატები „ნატოელი“ მოკავშირეების მხარდაჭერას შეასუსტებს, თუ ისინი თავდაცვისათვის განკუთვნილ ხარჯებს არ გაზრდიან. მაგრამ 14 თებერვალს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს NATO-ს. „ორჯერ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მისი გზავნილია, რომ მტკიცედ უჭერს მხარს NATOს, რომ ემხრობა თავდაცვის დაფინანსების გაზრდას, მაგრამ ასევე მხარს უჭერს რუსეთის მიმართ NATOს ორგვაროვან მიდგომას: ეს ნიშნავს, რომ სანამ ძლიერი ვართ, სანამ ინვესტიციებს ვაკეთებთ ჩვენს თავდაცვაში, შეკავებისთვის განკუთვნილ ზომებში, შეგვიძლია რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმოება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს მინისტრების ამ შეხვედრაში პირველად მონაწილეობს აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი, ჯეიმს მატისი, რომელმაც ალიანსის შიგნით სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფასი იცის პრაქტიკიდან. „2014 წლის მოვლენებმა თვალები აგვიხილა და უნდა გავაგრძელოთ მორგება იმასთან, რაც გამოიკვეთა, როგორც გამოწვევები ჩვენი უსაფრთხოებისათვის. ალიანსი რჩება ძირითად საფუძვლად აშშ-ისათვის და მთელი ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისთვის (...) როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ის მტკიცედ უჭერს მხარს NATOს", თქვა აშშ-ის ახალმა თავდაცვის მინისტრმა და შეეხო რა ალიანსის ხარჯებსა და მის დაფინასებას, შენიშნა, რომ გადასახადის ამერიკელ გადამხდელებს დიდხანს აღარ შეუძლიათ არაპროპორციულად იკისრონ თავიანთი წილი დასავლური ფასეულობების დაცვაში. მატისმა თავის კოლეგა მინისტრებს უთხრა, თუ თქვენს ქვეყნებს არ სურთ NATO-ს მიმართ აშშ-ის განელებული ინტერესი იხილონ, თითოეულის მთავრობამ საერთო თავდაცვის მხარდაჭერა უნდა აჩვენოსო.
აშშ-ის მედიაში ალიანსის შეხვედრის გახსნამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა ახალი ფრთოსანი რაკეტა განათავსა, რაც აშშ-თან 1987 წელს დადებული შეთანხმების დარღვევაა. სტოლტენბერგმა თქვა, რომ NATOს სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების საშუალო და მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ნებისმიერი დარღვევა: „ეს ხელშეკრულება ერთობ მნიშვნელოვანია, რადგან ამ ხელშეკრულებით განადგურდა ბირთვული იარაღის ყველა კატეგორია და ის იარაღი, რომელიც ევროპას და NATOს მოკავშირეებს უქმნიდა საფრთხეს, სანამ ეს იარაღი ამ ხელშეკრულების ძალით განადგურდებოდა 80-იანი წლების ბოლოს".

 

NATO-ს შეხვედრის თემაა ტერორიზმთან ბრძოლაა. სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს უთხრა, გადავწყვეტთ ჩვენი გაერთიანებული ძალების სამეთაურო საკვანძო პუნქტის შექმნას სამხრეთის რეგიონისთვის, იტალიაში, ნეაპოლშიო. ეს ერაყსა და ლიბიაში კრიზისების დროს ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარებაო.

 

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა ახსენა საქართველოსთან NATO-ს თანამშრომლობის საკითხიც. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მინისტერიალი დასრულდება NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრით, რომელზეც განიხილავენ რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებას და საქართველოს რეფორმებს, რომლებიც ქვეყანას NATO-სთან აახლოებს. უკვე ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელმაც ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.

 

„რადიო თავისუფლება“