geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:40
ქართული წიგნის კუთხე მსოფლიოს 25 ქვეყანაში არსებობს
2017-02-16 16:00:37
+
-

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ძალისხმევით, ქართული წიგნის კუთხე უკვე მსოფლიოს 25 ქვეყანაში არსებობს. უახლოეს მომავალში კი, რომსა და მილანშიც გახსნიან.

 

​მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ქართული წიგნის მარტივად გაგზავნის მიზნით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია "ინექსფონს" შორის დღეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და "ინექსფონის" წარმომადგენელმა რატი ახვლედიანმა.
​როგორც "სითი კვირას" ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუმარტეს, მემორანდუმის თანახმად "ინტელექსპრესი" და მის ჰოლდინგში შემავალი კომპანიები: "ინექსფონი", "ინექს გრუპი", "ინექსთრეველი", "დიადემა" და "გიუაანი" ჩაერთნენ ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობაში, რომელიც საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნას ითვალისწინებს.

 

​მათივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ეროვნული ბიბლიოთეკა, რომსა და მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების თხოვნით, ევროპის ამ ქალაქებში ქართული წიგნის კუთხეებს გახსნის და "ინექსფონისა" და "ინექს თრეველის" მხარდაჭერით, მათთვის შეძენილი წიგნების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, მემორანდუმის მიზანია, ქართული კულტურის საზღვარგარეთ გატანა, რათა ერთი მხრივ, ქართველ ემიგრანტებსა და მათ საკვირაო სკოლებს დაეხმარონ, მეორე მხრივ, უცხოელებს გააცნონ ქართული კულტურა.

 

თავის მხრივ ჰოლდინგის წარმომადგენელი რატი ახვლედიანი აცხადებს, რომ მათი საქმიანობა ძირითადად ემიგრანტებს უკავშირდება და მაქსიმალურად ცდილობენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს სამშობლოსთან აქტიური კონტაქტის მარტივი საშუალება ჰქონდეთ.

 

"ამდენად, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მსგავს ღონისძიებასა და აქციაში. რომსა და მილანში ქართული წიგნის კუთხეების გახსნა ჩვენი ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. ვიმედოვნებთ, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას",- აცხადებს რატი ახვლედიანი.

 

 

"სითი კვირა"