geo eng rus
სამშაბათი, 28 მარტი, 2017. 05:49
ხმაურის შეზღუდვაზე კანონს ზაფხულამდე მიიღებენ – "თუ ვინმეს ბიზნესის ხმაურის ფონზე წარმოება სურს, ობიექტზე ხმის იზოლირება უნდა მოახდინოს"
2017-02-16 09:30:25
+
-

ხმაურზე შეზღუდვის დაწესების საკითხი ისევ გააქტიურდა. ამჯერად ხმაურის საკანონმდებლო რეგულირებისა და ხმაურის ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულომ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. ერთ–ერთი ვერსიით, შესაძლოა, ღამის კლუბებს სპეციალური ტექნიკით იზოლირება მოუწიოთ. 

 

საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი შინაარსის 771 მუხლის დამატებას ითვალისწინებს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, სახალხო დამცველმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განიხილეს. წარმოდგენილ დოკუმენტში დასაშვები და დაუშვებელი ხმაურის სიდიდე დეციბალებითაა განსაზღვრული, დასაშვები ნორმის ზემოთ არსებულ ხმაურზე კი შესაბამისი სანქციებია დაწესებული.

 


ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოიწვევს დადგენილ ნორმაზე 40 დეციბელზე მეტ ხმაურს, პირველ ჯერზე მიიღებს გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორება გამოიწვევს დაჯარიმებას: დღის საატებში ფიზიკური პირის - 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ღამის საათებს ფიზიკური პირი 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. სამართალდარღვევის ყოველი შემდგომი გამეორება გაორმაგებულ დაჯარიმებას გამოიწვევს.

 

კანონპროექტის ინიციატორი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავჯდომარე თედო კობახიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უფრო ფართო სპექრტში გადავიდა. 

 

„ჩემს მიმართვაში სიახლე იყო ის, რომ თუ აქამდე სანქცირება კონკრეტული ჯარიმების სახით იწყებოდა, ახლა პირველ ეტაპზე გაფრთხილება, ხოლო შემდგომ უკვე საჯარიმო სანქციები იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უფრო ფართო სპექტრში გადავიდა. კერძოდ კი, როგორ და რა კუთხით უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი ისე, რომ არც მოქალაქეების უფლებები იქნას დარღვეული და ამავდროულად არც ბიზნეს-სექტორი არ დაზარალდეს. მომავალი კვირას ჩვენ ისევ შევიკრიბებით, სადაც იმ წინადადებების შეჯამება მოხდება, რომელიც წინა შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი. რეალურად ახალი მოწვევის პარლამენტის მხრიდან ამ წინადადებასთან დაკავშირებით დადებითი განწყობა უკვე არსებობს. ეს დასტურდება იმით, რომ შეიქმნა სამუშაო კგუფი და მუშა პროცესი მიმდინარეობს." - განაცხადა კობახიძემ.

 

კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს სურს, რომ ბიზნესი ხმაურის ფონზე აწარმოოს, მაშინ მან შენობის, ობიექტის იზოლირება ისე უნდა მოახდინოს, რომ არავინ შეაწუხოს.

 

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მოქალაქეებზე იქნება მორგებული და ბიზნეს სექტორი არ დაზარალდება. შეხვედრაზე კონკრეტული სასტუმროს მფლობელები საუბრობდნენ იმაზე, რომ უწყვეტი ხმაური მათ ბიზნესს ხელს უშლის. იმ შემთხვევაში თუ ადამიანს სურს, ბიზნესი ხმაურის ფონზე აწარმოოს, მაშინ მან შენობის იზოლირება უნდა მოახდინოს. ასე ის სხვას ხელს არ შეუშლის.


ტექნიკა ძალიან წინაა წასული და კლუბების იზოლირება შესაძლებელია. შორს რომ არ წავიდეთ, ავიღოთ თურქეთის მაგალითი, სადაც 24 საათიანი გართობით ხელი არავის ეშლება. ვვარაუდობთ, რომ გაზფხულის სესიაზე პარლამენტის მიერ ხმაურის შეზღუდვაზე კანონის მიღება უნდა მოხდეს." - აღნიშნა თედო კობახიძემ.

 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, ხმაურის გამო სხვადასხვა სასტუმროს მეპატრონეები ზარალდებიან.

 

"მე როგორც ძველი თბილისის მაჟორიტარი, თავიდანვე ამ საკითხის ლობისტი ვიყავი, რადგან ძველი თბილისის მოსახლეობას ეს პრობლემა ყველაზე მეტად აწუხებს. ბოლო შეხვედრა, რომელიც შედგა,  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ ფაქტის გამო ჰოსტელებისა და პატარა სასტუმროს მეპატრონეები დაზარალებულები არიან, რადგან ხმაურის გამო მათთან სტუმრები არ ჩერდებიან. ფაქტი ერთია, რომ პრობლემა არსებობს და მას გადაჭრა სჭირდება. ამ პრობლემის თაროზე შემოდება დაუშვებელია." - განუცხადა „კომერსანტს" ბექა ოდიშარიამ.

 

ოდიშარიას განცხადებით, თუ ჩვენ ევროპელობა გვსურს, მაშინ სტანდარტებიც შესაბამისი უნდა გვქონდეს.

 

"ჩვენ თუ გვსურს ვიყოთ ევროპა, მაშინ სტანდარტებიც ევროპოული უნდა გვქონდეს. იქ ვერცერთ ტურისტულ ზონაში ვერ გაიგებთ დამაყრუებელი მუსიკის ხმას, რომელიც მომიჯნავე შენობებამდე აღწევს. მოწადინებულები ვართ, რომ კანონი მალე მივიღოთ და ზაფხულის მოსვლამდე ადამიანებს დასვენების საშუალება მივცეთ. კანონს საგაზაფხულო სესიებზე მივიღებთ, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. ხმაური, რომელიც საცხოვრებელ სახლებში აღწევს, ის უნდა დარეგულირდეს. ჩვენთან კლუბებში იზოლირება უნდა მოხდეს." - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კანონპროექტის მიხედვით ხმაურზე რეაგირებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოახდენს შემდეგი სქემით: მოქალაქე 112-ში დარეკავს, ზარი საპატრულო ეკიპაჟებთან გადამისამართდება, ხოლო ეკიპაჟი, რომელიც შესაბამისი აპარატით აღჭურვილი იქნება, გამოძახების ადგილზე მისული სახლში შემომავალ ხმაურს გაზომავს. იმ შემთხვევაში თუ ზღვარგადასული ხმაური დადასტურდება, პატრული დაჯარიმების ოქმს გამოწერს.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 

 

 

 

1 Jan, 1970