geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:16
კურორტი „გომარდული" ისევ დაყადაღებულია
2017-02-17 10:00:11
+
-

აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტ „გომარდულის" საქმე ისევ მოუგვარებელია. აჭარის მთავრობის დაპირების მიუხედავად, კურორტი ყადაღის გამო ისევ პარალიზებულია. 2016 წლის ბოლოს სააქციო საზოგადოება „გომარდულის" წარმომადგენელი ბადრი ქათამაძე „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავდა, რომ კურორტს ყადაღა უახლოეს მომავალში მოეხსნებოდა და მისი განვითარება/რეაბულიტაციაც დაიწყებოდა.


კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა კურორტ „გომარდულის" ყადაღის მოხსნა და ხომ არ დარჩება აჭარის მთავრობის წარმომადგენლების მაშინდელი დაპირება დაპირებად, ქათამაძე განმარტავს, რომ ამ დროისთვის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყადაღის მოსახსნელად საჭირო დოკუმენტიას ამზადებს. „გომარდულის" წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ გაზაფხულამდე აჭარის მთავრობა თავის დაპირებას შეასრულებს და კურორტს ყადაღას მოუხსნის. ქათამაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის კურორტის რეაბილიტაცია აუცილებლად დაიწყება.


როგორც ქათამაძე განმარტავს, ასევე ამ დრომდე გადაუწყვეტელია წლების წინ შემოსავლების სამსახურის მიერ აქციონერებისთვის დაკისრებული საბიუჯეტო დავალიანების საკითხი, რომელიც ჯამში ნახევარ მილიონს ლარს შეადგენს.



„ახლა მიდის მოლაპარაკება, ამ თანხას გადაგვივადებენ, გაგვინახევრებენ თუ ჩამოგვაწერენ. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ის რომ საკითხი დადებითად მოგვარდება, ეს გარკვეულია"-აცხადებს ქათამაძე.



მისი განმარტებით, კურორტი წელს ისევ პარალიზებულია, სრულად ფუნქციონირებას მომავალი სეზონისთვის შეძლებს. როგორც ქათამაძე განმარტავს, შედგენილია კურორტის გენერალური განვითარების გეგმა, სადაც გაწერილია ის ვალდებულებები, რაც აქციონერებს აქვთ აღებული.



ქათამაძე დეტალურად ვერ აკონკრეტებს, როდის დასრულდება „გომარდულის" რეაბილიტაცია, რა ოდენობის ინვესტიცია დაიხარჯება და რა სახის ინფრასტრუქტურა მოეწყობა, თუმცა, აცხადებს, რომ კურორტზე მოხდება კოტეჯების დამატება,აშენდება სტადიონი, აუზი.



შეგახსენებთ, ყადაღის გამო კურორტი მეოთხე წელია გაჩერებულია. სს „გომარდულის" დირექტორი ჯემალ დარჩიძე 2015 წელს „კომერსანტთან" განმარტავდა, რომ შემოსავლების სამსახურმა აქციონერებს საბიუჯეტო დავალიანება დააკისრა მიწის გადასახადის სახით, 126 000 ლარის ოდენობით, რასაც 2011 წლის შეთანხმება არ ითვალისწინებდა.



დარჩიძე აცხადებდა, რომ 2011 წლის ივლისში მათ 57 ჰექტარი მიწის ფართობი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ მფლობელობაში. იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, სააქციო საზოგადოება „გომარდული" მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო. თუმცა, 3 წლის წინ დაკისრებული 126 000 ლარის ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააქციო საზოგადოების მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდა.



როგორც „გომარდულის" მფლობელები აცხადებდნენ, კურორტი ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ამ დროისთვის კურორტზე 5 სასტუმრო სახლი და რესტორანია. ჯამში კი შესაძლებელია 60 ვიზიტორის სტუმრობა. ქათამაძე აცხადებს, რომ კურორტზე დამსვენებლები წელსაც არიან, თუმცა იმის გამო, რომ არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, კვების ობიექტები, გართობის საშუალებები, მათი რაოდენობა მცირეა.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი