geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:44
Bros Eyewear: "ქართული ბრენდისთვის ყველაზე დიდი ხელშეწყობა იქნება ის, რომ პროდუქცია ქართველებმა იყიდონ"
2017-02-17 17:00:12
+
-

Bros Eyewear-ი ორი ძმის მიერ წამოწყებული ხის სათვალეების ბიზნესია. როგორც „კომერსანტთან" ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი გამთენაძე აცხადებს, ექსპერიმენტი მალე ბიზნესად იქცა. მისი თქმით, ბრენდისთვის ყველაზე დიდი ხელშეწყობა იქნება ის, რომ ქვეყანაში დამზადებული პროდუქცია იყიდოს ქართველმა.

 

- ხის სათვალეების შექმნა არც ისე მარტივია, რადგან მას დამუშავება და ფორმის მიცემა სჭირდება. საჭირო ცოდნის გარეშე ვერც მისი კონსტრუქციის აწყობა ვერ მოხდება. როგორც გაჩნდა Bros Eyewear-ის შექმნის იდეა?


– თავდაპირველად იდეა ექსპერიმენტის დონეზე იყო. როგორც პროდუქტი შემდგომ დაიხვეწა და ამას მაშინვე კომერციული სახე არ ჰქონია. ამ ყველაფრის შექმნას თავისთავად ცოდნა სჭირდებოდა და სირთულეებთან ასოცირდებოდა. მე პროფესიით ავიამოდელისტი ვარ და ტექნოლოგიებთან შეხება მუდმივად მქონდა. შესაბამისად, სათვალის კონსტრუქციის აგება თავისუფლად შემეძლო. ტექნოლოგიურად აქ გარკვეული სირთულეები და გარკვეული ნიუანსები იყო, რაც გადავლახეთ. ჩვენ ძმები, ამ სათვალეების დიზაინზე თავად ვზრუნავთ.

 

 

– ამბობთ, რომ სირთულეები უკვე გადალახეთ, თუმცა საინტერესოა თავდაპირველი ნამუშევარი ვისთვის შეიქმნა და როდის?

 

– სამი წლის წინ ხის სათვალის პროტოტიპი გავაკეთეთ და 2015 წელს კომპანიის ჩამოყალიბება დავიწყეთ. ბაზარზეც ამავე წელს გამოვედით. სახელწოდება ითარგმნება შემდგომ - „ძმები სათვალეები". სხვათაშორის იდეა ძალიან სპონტანურად მოვიდა პირველი სათვალე ჩვენი დისთვის შევქმენით და მივხვდით, რომ ეს საქმე როგორც ბიზნესი გაამართლებდა. ასევ მოვედით დღემდე.


– აქამდე მოხვედით, თუმცა ამ წლების განმავლობაში კონკურენციამაც იმატა, რადგან ბაზარზე სხვა მსგავსი სახის ბევრი კომპანია გამოჩნდა. როგორ უწევთ სხვებს კონკურენციას და რითი ხართ მათგან გამორჩეულები?

 

– თავდაპირველად, როდესაც პროდუქციის შექმნა დავიწყეთ, ანალოგიურად დახვეწილი და ხარისხიანი ბრენდი საქართველოში არ იყო. ჩვენ როდესაც დავიწყეთ, მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი ქმნიდა მსგავს ნაწარმს. გვსურდა, რომ ქართული ხარისხიანი პროდუქცია შეგვექმნა. ასევე მივიჩნევდით, რომ აუცილებლად ხელნაკეთი და მაქსიმალურად დახვეწილი უნდა ყოფილიყო.

 

მას საკუთარი ხელებით ჩვენივე სახელოსნოში ვამუშავებთ. თავდაპირველად, ხის მასალას ვიღებთ და ნელ-ნელა ვაძლევთ საბოლოო სახეს. ამჟამად 9 მოდელი გვაქვს შექმნილი და რეალიზაციაში ყველა მათგანია ჩაშვებული. სათვალეები განსხვავდება როგორც ფორმით, ისე ფერით. საბოლოო ჯამში, კარგ ვარიაციებს ვიღებთ. მოდელების დამატებას თავისთავად ვაპირებთ და ამჟამად საგაზაფხულო კოლექციაზეც ვმუშაობთ.

 

ჩვენ ხარისხის თვალსაზრისით თავიდანვე შევძელით ბაზარზე თავის დამკვიდრება. დრო რომ გავა, რა თქმა უნდა, კონკურენცია მოიმატებს, თუმცა ამისთვის ჩვენ მზად ვართ.

 


– ალბათ, დამეთანხმებით იმაში, რომ ხელნაკეთი და თან ნატურალური ნივთი ბაზარზე ჩვეულებრივთან შედარებით ყოველთვის ძვირია. Bros Eyewear-ი იქცა ბრენდად, რომელიც უკვე ცნობადია. საინტერესოა, როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა და რომელ სეგენტზეა ის გათვლილი?

 

– დაგეთანხმებით იმაში, რომ ხელნაკეთი ნივთები ძვირად ფასობს. ჩვენთან ფასს სათვალის ლინზის ხარსხიც განაპირობებს. ფასი 240 ლარიდან 425 ლარამდე მერყეობს და ის ხის მასალის მიხედვით, ასევე ლინზის დამატებითი კომფორტის მიხედვით განისაზღვრება.

 

ჩვენი ბრენდის შუშა პოლარიზებულია, რომელიც დამატებით თანხას მოითხოვს და სტანდარტულ ლინზაზე გაცილებით ძვირი ღირს. რაც შეეხება ფერად სათვალეებს ის იტალიური ბრენდის პიგმენტითაა დაფერილი და ეკოსერთიფიკატი გააჩნია. რაც მთავარია სათვალეების ფერი დროს უძლებს.

 

ამჟამად „შოურუმი" გვაქვს ძველ თბილისში, თუმცა კონკრეტულად სათვალეების მაღაზია არა. იქ წარმოდგენილია ადგილზე გამზადებული სათვალეები, თუმცა შეკვეთებსაც იქვე ვიღებთ. ასევე ვთანამშრომლობთ ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ბრენდ MACH&MACH-თან და მათთან კოლაბორაციაში ვართ.

 

– საკმაოდ წარმატებულები ხართ, თუმცა ამ ეტაპზე მაღაზია არ გაქვთ. სამომავლოდ თუ გეგმავთ მაღაზიის გახსნას?

 

– გაყიდვების სწრაფი ტემპიდან გამომდიანრე მაღაზიის გახსნა იგეგმება. თავდაპირველად ამის საშუალება არ იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მივალთ ამ ეტაპამდე. მიზანიც სწორედ ესაა. ჯერ-ჯერობით სათვალეების ხაზს მივყვებით და მასზე ვართ აქცენტირებულები.


ასევე Fashion Week-ზე გასვლა გეგმაში გვაქვს და ამაზე ვმუშობთ, სამომავლოდ მოლაპარაკებები იგეგმება.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის და ზოგადად, ქართული ბრენდისთვის ყველაზე დიდი ხელშეწყობა იქნება ის, რომ ქვეყანაში დამზადებული პროდუქცია იყიდოს ქართველმა. ეს ბრენდის წინსვლას დაეხმარება.
Bros Eyewear-ი ტურისტებშიც ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს და ჩვენ მაღაზიაში სპეციალურად რუსეთიდან ჩამოდიან.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე