geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:34
ლაშა პაპაშვილი: "ლარიზაციის პროგრამაში კომუნიკაციის ნაკლებობას ვხედავ"
2017-01-12 10:20:53
+
-

„ლარიზაციის პროგრამაზე მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს" -ამ შეფასებით ყოფილი ბანკირი ლაშა პაპაშვილი მთავრობის მიერ გუშინ დამტკიცებულ ლარიზაციის გეგმას ეხმაურება. მისი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მეტი კომუნიკაცია, პიარი და ახსნა-განმარტება, იმასთან დაკავშირებით, თუ რაში ეხმარება მსესხებელს სახელმწიფო და რას იღებს თავის თავზე ბანკი.

 

„საჭიროა მეტი გადაცემები, სადაც განმარტებული იქნება, სად არის რისკი,რაში ეხმარება სახელმწიფო, რას იღებს თავის თავზე ბანკი. ამგვარი კომუნიკაციის ნაკლებობას ვხედავ. სხვა დანარჩენი, ბიზნესის მხრივ აწყობილია. ადამიანი, რომელიც დღე და ღამე დაზგასთან დგას ან ოფის-მენეჯერია და თავის საქმეშია გართული, შეიძლება ვერ იყოს ინფორმირებული და არ იცოდეს პროცესის მიმდინარეობა. ვიღაცამ ეს კარგად უნდა აუხსნას. დასვან ექსპერტები, თუმცა, არა პოლიტიკური ოპონენტები, არამედ უბრალოდ ექსპერტები, რომლებიც განმარტავენ ფაქტებს და არა ნიშნის მოგებით დაიწყებენ საუბარს"-აცხადებს პაპაშვილი.



კითხვაზე, იქნება თუ არა მთავრობის მიერ დამტკიცებული ლარიზაციის გეგმა კომერციული ბანკებისთვის მომგებიანი, პაპაშვილი განმარტავს, რომ ლარიზაციის პროგრამა წამგებიანი არ იქნება. მისი განცხადებითმ ბანკი მაშინ არის მოგებული, როდესაც თავისი კლიენტია მოგებული. აქედან გამომდინარე, თუ მისი კლიენტი ზარალშია, ბანკი ბედნიერი ვერ იქნება.


„თუ ასეთი ბანკი აღმოჩნდება დედამიწის ზურგზე, ის რეგულატორმა აუცილებლად უნდა დახუროს.სახელმწიფომ ზარალი თავის თავზე აიღო, შეჭირვებულ მოსახლეობას უნდა დაეხმაროს, ამაში კი ბანკი არაფერს არ წააგებს, თუ უფრო ბედნიერი კლიენტი ეყოლება, ფულს უფრო ბედნიერად მოიგებს"-აცხადებს პაპაშვილი.

 

მისივე შეფასებით, ლარიზაციის პროგრამა ლარის კურსს გაამყარებს.

 

შეგახსენებთ, მთავრობამ სესხების გალარების გეგმა დღეს დაამტკიცა. როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, გალარების ერთჯერადი სუბსიდირება შეიძლება 33 ათას სესხს შეეხოს, თუმცა, მსესხებელთა ზუსტი ოდენობა ახლო პერიოდში დაზუსტდება.



"აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1 იანვრისთვის. თუ მათ 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს , ამ შემთხვევაში 28 ნოემბრისთვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა"-განმარტავს ფინანსთა მინისტრი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი