geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 12:33
ზურაბ გვასალია: თავი დავანებოთ სენსაციების ტირაჟირებას და უფრო მეტად არგუმენტირებულ რეკომენდაციებზე ვიფიქროთ
2017-01-12 10:00:31
+
-

ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ საბანკო სექტორში და კერძოდ ერთ-ერთ მსხვილ ბანკში ლიკვიდობის სერიოზული პრობლემებია, რასაც გაზრდილი რეფინანსირების სესხების მოცულობაც ადასტურებს.  საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი  ზურაბ გვასალია კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამის რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს.


"ლიკვიდობის პრობლემის რეფინანსირების სესხებთან პირდაპირ დაკავშირება, არასწორია , ასევე არასწორი და მიუღებელია მინიშნებებით რომელიღაც ბანკზე და ვითომდა ამ ბანკის გადასარჩენად ხელისუფლების რაღაც მცდელობებზე საუბარი. ექსპერტებსაც ვურჩევდი ასეთი მკვეთრი და რადიკალური, მე ვიტყოდი სკანდალური განცხადებების გაკეთებისაგან თავი შეიკავონ. საბანკო სექტორის უკან დგანან არა მხოლოდ მისი კლიენტები და ინვესტორები, არამედ საბანკო ტრანსაქციებზე და მის გამართულ ფუნქციონირებაზე დგას საფინანსო და ეკონომიკური სისტემა მთლიანად.

 

აქედან გამომდინარე, ექსპერტული შეფასებებისას, გაცილებით მეტი დაფიქრება, ობიექტურობა და ანალიზია საჭირო.


დავიწყებ რეფინანსირების სესხებით. მართალია, ამ სახის სესხები მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტია, მაგრამ მისი მოცულობის ზრდა როგორც ზოგიერთ ექსპერტს ჰგონია ავტომატურად მათემატიკური დაჯამებით კი არ იზომება და იზრდება, არამედ ხდება რა მისი დაფარვა, რეფინანსირდება ახალი, ზოგჯერ გაზრდილი ან შემცირებული მოცულობით. თვალსაჩინოებისათვის ვიტყვი, რომ ამ სახის აუქციონები კვირაში ერთხელ ტარდება და თუ წინა რეფინანსირების მოცულობა იყო 1 მლრდ ლარი, და ახალი რეფინანსირების თანხამ უკვე შეადგინა 1,250 მლრდ ლარი, ეს ნიშნავს, რომ დამატებით ეკონომიკას მიეწოდა მხოლოდ 250 მლნ ლარი. ანალოგიურად თუ დეკემბრის თვეში რეფინანსირებული სესხების მოცულობა იყო 1, 350 მლნ ლარი იანვრის აუქციონის შედეგად მისი მოცულობა 1, 1 მლრდ ლარია ანუ ეკონომიკიდან ამჯერად ამოვიდა 200 მლნ ლარი. გარად ამისა, მსურს ხაზი კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას გავუსვა. ამ ტიპის სესხები გაიცემა კომერციულ ბანკებზე მაღალლიკვიდური, როგორც წესი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გირაოთი.


უფრო გასაგები რომ გახდეს ავხსნი, რომ ბანკებს თავისუფალი ფულადი რესურსები მიმდინარე აქტივებში რომელიც აფინანსებს მიმდინარე ვალდებულებებს აქვთ ერთის მხრივ სალაროში და საკორესპოდენტო ანგარიშებზე და მეორეს მხრივ, თანხები განთავსებულია ფასიან ქაღალდებში და სესხებში. შესაბამისად, თუ კომერციულ ბანკს დასჭირდა დამატებითი ფინანსური რესურსი მიმდინარე ოპერაციების დასაფინანსებლად, მან ან უნდა გაყიდოს ფასიანი ქაღალდების ნაწილი, რაც დასაფინანსებელი ოპერაციების მოკლევადიანი მიზნიდან გამომდინარე შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, რადგან გრძელვადიან აქტივს ვყიდით მისი სიმწიფის დაგომამდე ან ამ აქტივის უზრუნველყოფით შეუძლია აიღოს მოკლევადიანი სესხი ეროვნული ბანკისაგან. რეფინანსირების სესხის დანიშნულებაც სწორედ ეს არის.


აქედან გამომდინარე, რეფინანსირების სესხები ემსახურება რა მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვას, ამავდროულად ემსახურება ფულის შეშვებას ეკონომიკაში.


რაც შეეხება ზოგადად ლიკვიდობის პრობლემას, მას სხვა ინდიკატორებით აკვირდებიან. პირველ რიგში, ეს არის თავად ლიკვიდობის კოეფიციენტები. აქ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ როგორც ლიკვიდური აქტივების პროპორცია მთლიან აქტივებთან მიმართებაში, ასევე თავად ლიკვიდობის კოეფიციენტი , რომელიც იანგარიშება როგორც საშუალო ლიკვიდური აქტივების საშუალო ვალდებულებებთან თაფარდობა და უჩვენებს ბანკის უნარს მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრების თვალსაზრისით.


ლიკვიდური აქტივების მთლიან აქტივებთან თანაფარდობას და ლიკვიდობის კოეფიციენტს თუ გასული წლის ბოლოს მონაცემებს შევადარებთ თუნდაც გასული 2013-2015 წლების საშუალო მაჩვენებლებს ვნახავთ, რომ არც ერთი და არც მეორე კოეფიციენტის მაჩვენებელი გაუარესებული არ არის და მცირედით გაუმჯობესებულია და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ნორმას არა თუ ჩამორჩება, არამედ აღემატება კიდეც. ასე მაგალითად, საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტი არის 41 %, ხოლო გასულ წლებში მისი საშუალო სიდიდე 39 %-ი იყო. აქვე განვმარტავ, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნების მიხედვით საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 30 %-ზე ნაკლები.


რაც შეეხება ლიკვიდური აქტივების პროპორცია მთლიან აქტივებში 24 %-ია, ხოლო გასული წლების მიხედვით მისი საშუალო სიდიდე 24 %-ის ფარგლებში იყო, 2014 წელს კი კიდევ უფრო ნაკლები -22 % იყო.


მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის პრობლემური სესხების წილის ზრდა საკრედიტო პორთფელში, რამაც შეიძლება ლიკვიდობის პრობლემები გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ პრობლემური სესხების ხვედრითი წილს აქტივებში ბოლო წლებში 3 %-ს არ აცდენია, ხოლო გასული წლის ბოლოს მისი მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები 2.7 % იყო. ჩვენ თუ ამ პარამეტრს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ ვნახავთ, რომ ჩვენთან არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე როგორც ჩვენნაირი ტიპის ეკონომიკის ქვეყნებთან, ასევე გაცილებით განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებთან შედარებითაც კი. ასე მაგალითად უკრაინაში მისი მაჩვენებელია-28 %, რუსეთში 8,3 %, მოლდოვა -11 %, სომხეთი - 7,9, ლიტვა- 5,7 %, ლატვია - 4,6 %, %, ჩეხეთი - 5,5% . პოლონეთი -4,3 %.


ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საუბარი ლიკვიდობის პრობლემეზე, მით უმეტეს წამყვან საბანკო დაწესებულებებში, არის არასწორი და ჩემი რჩევა იქნებოდა თავი დავანებოთ სენსაციების ტირაჟირებას და უფრო მეტად არგუმენტირებულ რეკომენდაციებზე ვიფიქროთ", – აცხადებს ზურაბ გვასალია.