geo eng rus
პარასკევი, 24 მარტი, 2017. 06:06
"ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა"
2017-01-11 10:30:15
+
-

საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, - ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით სტატისტიკას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

 

 


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ის, რომ 2016 წელს საქართველოს 6 მილიონ 350 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და მიღებულია 2 მილიარდზე მეტი შემოსავალი, ძალიან კარგი შედეგია.

 

 

„ეს არის იმ საერთო ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ასევე, საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოზიციონირების კუთხით. ვფიქრობთ, ინვესტიციები, რომლებსაც ვახორციელებთ ოთხსეზონიანი კურორტების შექმნის, ასევე ტურისტული მიმართულებებისკენ ახალი გზების მშენებლობის კუთხით და ზამთრის კურორტებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების განხორციელების მიმართულებით, კიდევ უფრო გასაფართოებელია, რადგან მას მოაქვს კონკრეტული შედეგები, ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დამატებითი შემოსავლის სახით. ეს მიმართულება გაგრძელდება და გაძლიერდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე მისასალმებელი შედეგია ის, რომ წელს, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ საქართველო, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ, ხოლო ზოგიერთმა გამოცემამ - მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ახალ ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.