geo eng rus
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017. 08:49
Weg - საქართველო ეკოლოგიური და ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა
2017-01-10 17:00:09
+
-

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, ირკვეევა, რომ შეშის წლიური მოხმარება საქართველოში დაახლოებით 2,5 მილიონ მ3-ს შეადგენს, რაც ოთხჯერ აღემატება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დასაშვებ მოცულობას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" World Exprerience for Georgia-დან აცნობეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გათბობა 75%-ით ტყეების უნებართვო ჩეხვა-განადგურების ხარჯზე ხდება.

 

Weg-ის ინფორმაციით, შეშა საქართველოში წარმოებული მთლიანი ენერგიის 30-35%-ს შეადგენს და მასზე რეგიონების მოსახლეობის 90%-ია დამოკიდებული, თუმცა, ეს რესურსი სახელმწიფო ენერგეტიკულ პოლიტიკაში გათვალისწინებული არ არის. შეშა, ძირითადად, გაშრობის გარეშე იწვება დაუთბუნებელ საცხოვრებლებში და არაეფექტურ ღუმელებში, რაც მერქნული რესურსის უმიზნო ფლანგვას და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. მოჭარბებული ჭრის შედეგად ტყის მასივების განადგურება იწვევს ნიადაგის ეროზიას, ბიომრავალფეროვნების დაკარგვას, წყალმოვარდნებს, მეწყერებს და სხვა კატასტროფულ მოვლენებს. ოცწლიანი განუწყვეტელი ზეწოლის შედეგად ტყის დეგრადაცია კრიტიკულ ზღვრამდეა მისული. სპეციალისტები, ეკოლოგიური პრობლემების გამძაფრებასთან ერთად, ხელმისაწვდომი შეშის მოცულობების მკვეთრ შემცირებასაც პროგნოზირებენ.

 

„აუცილებელია სასწრაფო სახელმწიფო რეაგირება, იმისათვის, რომ ავიცილოთ ეკოლოგიური კატასტროფა და ენერგეტიკული შიმშილი, რაც რეგიონების მოსახლეობისგან დაცლას გამოიწვევს.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მომზადებულია სატყეო რეფორმის პროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტყეების მდგრადი მართვა. პარალელურად, განიხილება მომხმარებელთა სათბობით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის პროექტი, მანამდე კი ენერგეტიკის სამინისტრო ახორციელებს რეგიონების გაზიფიცირებას. თუმცა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ღონისძიებათა ტემპი და ეფექტურობა არასაკმარისია და აუცილებელია უფრო ენერგიული და მრავალმხრივი ქმედება.

 

გაზიფიცირება მხოლოდ ნაწილობრივ წყვეტს პრობლემას, ვინაიდან მიუხედავად გაზიფიცირებისა, სოფლის მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა გასათბობად მაინც შეშას იყენებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიით დგინდება, რომ გამოკვლეულ რაიონებში აბონენტების 53% სათბობად გაზს საერთოდ არ იყენებს, ხოლო 10-15% გაზით მხოლოდ ნაწილობრივ თბება. მოშორებული რეგიონების გაზიფიცირება ეკონომიკურად გაუმართლებელ ხარჯებს და დროს მოითხოვს. ამასთან, მოსახლეობის მიერ გაზის მოხმარების გაზრდა საქართველოს უფრო მეტად გახდის დამოკიდებულს გარე წყაროებზე/იმპორტირებულ რესურსებზე. ეს გამოიწვევს შეშით გათბობასთან დაკავშირებული შიდა ეკონომიკური აქტივობის შეჩერებას, რომლის მოცულობაც წელიწადში 150-200 მილიონ ლარს შეადგენს. საჭიროა გათბობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული საშუალებების მოძიება, რაც ქვეყნის ეკონომიკას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არ დააზარალებს", - ნათქვამია Weg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ასეთი რესურსი სოფლის და სატყეო მეურნეობის ნარჩენებია, რაც შეიძლება გამოვიყენოთ თანამედროვე ბიოსათბობის - ბრიკეტების, პელეტების, ნაფოტების მისაღებად. ამ მიმართულებას აქტიურად ავითარებენ ევროკავშირის და ყოფილი საბჭოთა ქვეყნები. ჩვენშიც, ტყის ჭრის ნარჩენების, სახერხებში დარჩენილი ნახერხის, გამოუყენებელი წალამის, ხეხილის ნასხლავების, თხილის ნაჭუჭის, თუ სხვა სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების ჯამური ენერგეტიკული ღირებულება თითქმის უტოლდება გამოყენებული შეშისას. დამუშავების პროცესშია თანამედროვე ბიოსათბობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელმაც ნარჩენების ენერგეტიკული გამოყენება და ამ მიმართულებით მწვანე ეკონომიკის განვითარება უნდა უზრუნველყოს.

 

უმნიშვნელოვანესი რესურსია ასევე ენერგოეფექტურობის გაზრდა. ეფექტური ღუმელების დანერგვით და შენობების დათბუნებით შესაძლებელია შეშის მოხმარების კიდევ 30-40%-ით შემცირება, რაც განხილვის პროცესში მყოფი ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის ნაწილია.

 

ამ და სხვა შესაძლებლობების გამოსაყენებლად საჭიროა დარგობრივი სამინისტროების ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მოქმედება. აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩამოყალიბდეს და ამუშავდეს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო იმისათვის, რომ სოფლის მოსახლეობის გათბობა კანონიერების და მდგრადი განვითარების ჩარჩოებში მოექცეს.

 

„სათბობად შეშის მასიურმა გამოყენებამ ქვეყანა უკვე დააყენა ეკოლოგიური და ენერგეტიკული კრიზისის წინაშე. მისი გაზით ჩანაცვლება ქვეყნისთვის არახარჯთეფექტური და ნაწილობრივ სახიფათოც იქნება, რადგან ერთი მხრივ, გაზრდის იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულებას, მეორე მხრივ კი, საჭირო გახდება ყველა რეგიონის გაზიფიკაცია, რაც გაუმართლებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

 

ამ პირობებში, არსებობს რამდენიმე გზა იმისთვის, რომ გათბობისას იმავე შედეგის მისაღებად შეშის გაცილებით ნაკლები მოცულობა გახდეს საკმარისი, მაგ. სატყეო სამეურნეო ნარჩენების გამოყენება, ეფექტური ღუმელები და შენობების დათბუნება; შეშის დანარჩენი ნაწილი კი შეიძლება ჩანაცვლდეს თანამედროვე ბიოსაწვავით: ბრიკეტებით, პელეტებით, ნაფოტებით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge