geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 09:26
სკოლის მოსწავლეების მიერ დაწყებული ბიზნესი - „სწავლისა და ბიზნესის ერთმანეთთან შეთავსება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს“
2017-01-10 10:00:04
+
-

Wasted Concept Store სკოლის 5 მოსწავლის მიერ წამოწყებული ბიზნესია, რომელმაც თინეიჯერებში პოპულარობა საკმაოდ მცირე დროში მოიპოვა. მაღაზია ფალიაშვილის ქუჩაზე 2016 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა. Wasted Concept Store-ს ერთ-ერთმა დამფუძნებლებმა სოფო ჩიქოვანმა სამოსის კონცეფციასა და მაღაზიის საფასო პოლიტიკის შესახებ „კომერსანტთან" ისაუბრა.

 

„გარშემო მყოფებს ჩვენი ჩაცმულობის სტილი ყოველთვის ძალიან მოსწონდათ. მაღაზიის გახსნის იდეა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა და განვახორციელეთ კიდეც. ჩვენ ერთმანეთი სკოლაში გავიცანით და დავმეგობრდით, ხოლო ბიზნესის წამოწყების იდეა ნელ-ნელა მოვიდა.  სახელწოდებაზე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდით, რადგან ჟღერადობასა და შინაარსს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბოლოს კი Wasted Concept Store-ზე შევჯერდით." - აღნიშნა სოფო ჩიქოვანმა.

მან სამოსის კონცეფციაზე და საფასო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ჩიქოვანის თქმით, მცირე ბიზნესს ხელშეწყობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

 

„ჩვენი სამოსი ვინტაჟურია და ახლა ის მოდაშია. განსაკუთრებით მოსაწონი კი თინეიჯერებისთვისაა. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ის ყველა სეგმენტზეა გათვლილი. ჩვენთან სამოსის ყიდვა შეგიძლიათ, როგორც 5, ისე 60 ლარად. სწავლისა და ბიზნესის ერთმანეთთან შეთავსება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა არ გვიჭირს.

 


როდესაც ხედავ, რომ 16 წლის მოზარდს საკუთარი პროექტი აქვს და უსაქმოდ არ არის, ყველანაირად უნდა ეცადო, რომ დაფინანსებით მას ხელი შეუწყო. ვისურვებდი, რომ დიდმა კომპანიებმა პატარა კომპანიებს ხელი უფრო მეტად შეუწყონ." - განმარტა „კომერსანტთან" საუბრისას სოფო ჩიქოვანმა.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე