geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 12:40
უძრავი ქონების სააგენტოები - განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ფართები სიძვირის გამო ვერ ქირავდება
2017-01-11 18:30:01
+
-

განახლებული აღმაშენებლის გამზირზე კომერციულ ფართებზე ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას უძრავი ქონების სააგენტოს მფლობელებმა განაცხადეს, ამჟამად კვადრატულის ფასი 30$-დან 50$-ის ფარგლებში მერყეობს. მათი თქმით, ფართის დამქირავებლები ფასების დასტაბილურებას ელოდებიან.

 


„კომერსანტი" დაინტერესდა, მოთხოვნადია თუ არა აღნიშნული ტერიტორია, გახსნის შემდგომ გაიზარდა თუ არა ფასები და ძირითადად, რა დანიშნულებით ხდება კომერციული ფართების ქირაობა?

 

 

უძრავი ქონების სააგენტო „კიბე.ჯის" მფლობელი ნელი გოგუაძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ განახლებულ აღმაშენებელზე კომერციულ ფართებზე ფასებმა სექტემბრის შემდგომ მოიმატა და ახლა კვადრატულის ფასი 35$-დან 50$-ის ფარგლებში მერყეობს.

 

 

„განახლებულ აღმაშენებელზე კომერციული ფართების გაქირავების მოთხოვნა არ გვაქვს, რადგან ფასებმა კატასტროფულად აიწია. კვადრატულის ფასი 35$-დან 50$-ის ფარგლებში მერყეობს. სექტემბერთან შედარებით ფასებმა სავარაუდოდ 20%-ით მოიმატა.

 


ამ პირობებით გაქირავება ძალიან გაჭირდება, თუმცა ფართების მფლობელები როდესაც ნახავენ, რომ ფართის დაქირავების მსურველები აღარაა, იძულებულები იქნებიან ფასებს დაწიონ. დრო სჭირდება იმას, რომ ეს ქუჩა აქტიური გახდეს." - განაცხადა გოგუაძემ.

 

 

რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე ფასების ზრდაზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტო „რემაქს კაპიტალშიც". როგორც ჩვენთან საუბრისას სააგენტოს მმართველმა პარტნიორმა მარიამ ასათიანმა განაცხადა, ფართის დამქირავებლები ფასების დასტაბილურებას ელოდებიან.

 

 

„განახლებულ აღმაშენებელზე ამ მომენტისთვის ფასები ძალიან ჩამოუყალიბებელია. ქუჩის გახსნის შემდგომ კომერციულ ფართებზე ფასებმა კოლოსალურად იმატა. არის შემთხვევები როდესაც კვადრატულზე ფასი 30$-დან - 50$-მდე მერყეობს. მესაკუთრეებიც გაუგებრობაში არიან და არ იციან რა ფასი დაადონ ფართებს. დამქირავებლები კი ფასის დასტაბილურებას ელოდებიან.

 

 

ქუჩის გახსნის შემდგომ ფასებმა 2-3-ჯერ მოიმატა. განახლებულ მარჯანიშვილზე კომერციული ფართების გაქირავების თვალსაზრისით ჯერ-ჯერობით დატვირთულობა არ არის. ამას როგორც ფასები, ისე ზამთრის სეზონი განაპირობებს." - განუცხადა „კომერსანტს" ასათიანმა.

 

 

უძრავი ქონების სააგენტო „რენტალსის" მმართველი პარტნიორის ზურაბ ერისთავის განმარტებით, განახლებულ აღმაშენებელზე ამჟამად კომერციულ ფართებზე ფასები საკმაოდ მაღალია. მისი განცხადებით, ყველაზე მოთხოვნადი ღვინის მაღაზიისა და რესტორნებისთვის განკუთვნილი კომერციული ფართებია.

 

 

„განახლებულ აღმაშენებელზე სექტემბრის შემდგომ კომერციულ ფართებზე მოთხოვნა გაიზარდა. ძირითადად მოთხოვნა ღვინის მაღაზიებსა და რესტორნებზეა. ამ ქუჩის ადგილმდებარეობა ხელსაყრელია. განახლებულ აღმაშენებელზე კომერციულ ფართებზე ფასები მაღალია და ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ქუჩა ახალი განვითარებულია. ეს პროცესი დროთა განმავლობაში დასტაბილურდება." - აღნიშნა ერისთავმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბრის ბოლოს განხორციელდა.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე