geo eng rus
პარასკევი, 24 მარტი, 2017. 05:59
გიორგი ცუცქირიძე: „ჩვენ გვჭირდება თავისებური სიმბიოზი ეკონომიკურ პოლიტიკაში და არა გადახრა მარჯვნივ ან მარცხნივ"
2017-01-10 10:00:43
+
-

რა სახის ეკონომიკური პოლიტიკა გვჭირდება, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამ და სხვა საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან:

 


-მთავრობის მიერ გამოცხადებული სწრაფი ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა რა მოდელზე შეიძლება აიგოს, რამდენად მისაღებია დღეს სახელმწიფო პროტექციონიზმი, მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში იყო, სადაც სახელმწიფო პროტექციონიზმი არა თუ უცხო ხილი, არამედ წამყვანი მდგენელიც კი გახლდათ?

 


-თანამედროვე ეკონომიკური მოდელები ეყრდნობიან თეორიულ პოსტულატებს, რაზეც შემდეგ არის ბაზირებული ესა თუ ის მოდელი. თანამედროვე ეკონომიკის განვითარება ჩვენ პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ძირითად პერიოდად:კ ეინსიანისტური ეკონომიკის პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია უდიდესი ევროპელი ეკონომისტის კეინსის მოძღვრებასთან, რომელიც დომინირებდა 1936 წლიდან 1970-იან წლებამდე. ამ იდეოლოგიურმა პლათფორმამ უდიდესი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის ეკონომიკურ და ინდუსტრიულ აღორძინებაში და ცნობილი „მარშალის გეგმაც" პრაქტიკულად მასზე იყო დაშენებული.

 


ნეო-ლიბერალური ეკონომიკის დომინირების პერიოდი დაიწყო გასული საუკუნის 70-იან წლებში,გარკვეულწილად დღესაც გრძელდება და მას არანაკლები როლი აქვს თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური და განსაკუთრებით ფინანსური არქიტექტურის ფორმირებაში. ეს თეორია დაკავშირებულია თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტების ფრიდრიხ ჰაიეკის და მილტონ ფრიდმანის სახელთან. თუმცა ორივე ამ მიმართულების მთავარი სუსტი წერტილი გლობალური კრიზისები აღმოჩნდა. როგორც კეინსიანიზმი დამთავრდა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაწყებული გლობალური კრიზისის შემდეგ, ასევე 2007-2009 წლების გლობალური კრიზისის შემდგომ აქტიურად განიხილება ნეოლიბერალური მიმართულების დეკადანსი.

 


შორს რომ არ წავიდე განვმარტავ, რომ აქ ერთმანეთს ეჯახება ბაზრის გაგების ორი ძირითადი ხედვა: კეინსიანისტური დოქტრინის მიხედვით სახელმწიფო რეგულირებას აქვთ მთავარი როლი, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მოთხოვნის სტიმულირებას ენიჭება უპირატესობა, სადაც წარმოების სტიმულირებას და დასაქმებას აქვს ეკონომიკის წამყვანი ფუნქცია. ამის საწინააღმდეგოდ ნეოლიბერალური მიდგომის მიხედვით, უპირატესობა კერძო ინიციატივას და ბაზარს, მიწოდების სტიმულირებას ენიჭება, სახელმწიფო ჩარევა და რეგულაციები კი პირიქით, განიხილება პირადი ინიციატივის შეზღუდვის და ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად;

 


ნეოლიბერალურ დოქტრინას ბუნებრივია, ჰქონდა თავისი ხიბლი, სხვა შემთხვევაში ის ვერ ჩაანაცვლებდა კეინსიანიზმს და ვერ გახდებოდა უკანასკნელი 45 წლის მანძილზე დომინანტური ეკონომიკური და პოლიტიკური პლატფორმა, მაგრამ 2007 წელს დაწყებულმა გლობალურმა კრიზისმა ბზარები შეიტანა ამ ჭეშმარიტების პარადიგმაში, რომ თავისუფალი ბაზარი ანუ "არარეგულირებადი საბაზრო კაპიტალიზმი" თვითონ მოიტანს ეკონომიკურ ეფექტს, დასაქმებას და საყოველთაო კეთილდღეობას.

 


ჩვენთვის ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი, რომ მხოლოდ მომსახურების სერვისების განვითარებით, დაბალი გადასახადებით და დერეგულაციებით ეკონომიკის მდგრადი ზრდის და შესაბამისად დასაქმების და კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია.

 


-ექსპერტთა არც თუ მცირე ნაწილი უარყოფითად აფასებს სახელმწიფოს ჩართულობას ეკონომიკაში და რეგულაციების ზრდას , რაც ზრდის ბიუროკრატიას და ადმინისტრაციულ ხარჯებს, რამდენად მისაღებია სახელმწიფო პროტექციონიზმი?


 

-დღეს რატომღაც არასწორი ნარატივია ჩამოყალიბებული,თითქოს ინდუსტრიული პოლიტიკა და სახელმწიფოს ჩართულობა მხოლოდ რეგულაციებზე, სუბსიდიებზე და პროტექციონიზმზე იგება, რაც ზრდის ბიუროკრატიას, ადმინისტრაციულ ხარჯებს და ზღუდავს ბაზარს. ამის შედეგად ამ სახის ეკონომიკური პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, პირიქით ამან ეკონომიკის სერიოზული შენელება შეიძლება გამოიწვიოს. ამ მოსაზრებას ლიბერალური ეკონომიკის მოხრეები გამოთქვავენ.მაგრამ რეალურად თუ ჩვენ გავაანალიზებთ განვითარებადი და არა მხოლოდ ამ ტიპის ეკონომიკური ქვეყნების გამოცდილებას და მათ მიერ განვლილ გზას ეკონომიკის ტრანსფორმირების თვალსაზრისით, ვნახავთ, რომ ყველაზე მაღალი და ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ არა იმ ქვეყნებს სადაც ნეო-ლიბერალური ჩარჩო და დერეგულაციების პოლიტიკა იყო აპრიორი, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს,სადაც ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 7 %, ცალკეულ პერიოდებში კი 12 %-ზე მეტიც კი იყო და ამ მაჩვენებლებში სახელმწიფო პროტექციონიზმს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

 

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების(სინგაპური, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, ტაივანი, ვიეტნამი)ინდუსტრიულიპოლიტიკა მოიცავდა არა უბრალოდ სახელმწიფო სუბსიდიებს და სავაჭრო პროტექციონიზმს(ტარიფების ზრდა, საიმპორტო აკრძალვები, კვოტები, ისეთი საშინაო რეგულაციები, რომლებიც იმპორტის შეზღუდვისაკენ არის მიმართული), არამედ ღონისძიებათა ერთობლიობას ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების (განსაკუთრებით მსხვილმასშტაბიანი სერიული წარმოების ხელშემწყობი ლიცენზირებით) ექსპორტის სტიმულირების მიმართულებით.

 


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ეკონომიკას ნაკლებ დივერსიფიცირებული ხასიათი აქვს, გვაქვს სერიოზული პრობლემები ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის კუთხით, მე არ მიმაჩნია გამართლებულად, ეკონომიკური პოლიტიკა აპრიორში პროტექციონისტულ პრიორიტეტებზე აიგოს. ჯერ ერთი ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, სერიოზულ პრობლემებს შექმნის საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან, ინტეგრაციის დონიდან და სავაჭრო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 


ბუნებრივია, ღია პროტექციონისტული პოლიტიკა ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს, გარდა ამისა, პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა წამგებიანი უფრო იქნება ჩვენთვის, რადგან საერთაშორისო ინტეგრაციის დონე და თუნდაც ინტერნეტ ტექნოლოგიების და ელექტრონული კომერციის განვითარება ამ სტრატეგიას წამგებიანად აქცევს. დღეს არ არის გასული საუკუნე, როდესაც 30-იან წლებში „თავისუფალი ვაჭრობის" დოქტრინამ კრახი განიცადა და იგი შეცვალა ეკონომიკის კეინსიანისტურმა გაგებამ.

 


ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ცალსახად იმპორტზე კვოტების ან გადასახადების აწევაზე და თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გამოცდილებას გავიზიარებთ გაცილებით მომგებიანი ექსპორტის, როგორც საქონლის ასევე მომსახურების ექსპორტის განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ხელისშეწყობა იქნება, პირველ რიგში სერიული წარმოების ხელშემწყობა და განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ინდუსტრიის იმ დარგებისათვის, რომლებიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

 


აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ეს პოლიტიკა უკვე ხორციელდება და მიუხედავად ამ სტრატეგიის კრიტიკისა, მისი ალტერნატივა დღეს უბრალოდ არ არსებობს. ბოლო 2-3 წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაანონსებული და დაწყებული პროექტები-აწარმოე საქართველოში, დანერგე მომავალი, იაფი აგროკრედიტის პროგრამა, აგრეთვე „სტარტაპ" საქართველო, რომელიც ინოვაციურ პროექტებს აფინანსებს, ამ მიმართულებების გაძლიერებას ემსახურება.

 


სწორედ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე იყო დაფუძნებული ირლანდიური სტრატეგია, რომელიც გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში დაიწყო და ათი წლის მანძილზე ირლანდიის ეკონომიკა, ზრდის მაჩვენებელის კუთხით, ორჯერ აღემატებოდა საერთო ევროპულ საშუალო მაჩვენებელს და ყოველწლიურად 5% შეადგენდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი ფაქტიურად 0-ზე ჩამოვიდა.

 


ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს კიდევ ერთ პარდიგმას. თუ ეკონომიკური ზრდის პროცესში, ეკონომიკური და ფინანსური სარგებელი არ ან ნაკლებად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე და დასაქმებაზე, უკვე თავად ზრდის პროცესი დაზარალდება და სწრაფი ეკონომიკური ზრდა შენელდება სოციალური და პოლიტიკური მდგენელის გამო. იგი შეიძლება გახდეს სოციალური გამოსვლების და პოლიტიკური კრიზისების წინაპირობაც კი.

 


ჩვენივე გამოცდილების კიდევ ერთი პარადიგმა არის ის, რომ ეკონომიკური ზრდის და მისი შედეგის გადანაწილება მხოლოდ საბაზრო ძალების სამართლიანობის იმედით არ შეიძლება. მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო პროტექციონიზმმა არ უნდა შექმნას ისეთი რეგულაციები, რომელმაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკური ზრდა. ჩვენ რეალურად გვჭირდება თავისებური სიმბიოზი ეკონომიკურ პოლიტიკაში და არა გადახრა მარჯვნივ ან მარცხნივ.

 


როდესაც მთავრობის მიერ ხდება სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე აქცენტების გადატანა, ეს აბსოლიტურად სწორი სტრატეგიაა, სიღარიბის დაძლევა მდგრადი ანუ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პროცესის გარეშე შეუძლებელია. ამას ადასტურებს პრაქტიკულად ყველა განვითარებადი ქვეყნების მაგალითი.

 

 

აღსანიშნავია, რომ „მარშალის გეგმის" შემდგომ პერიოდში ინდუსტრიული პოლიტიკა მხოლოდ აზიით არ შემოიფარგლებოდა. არაერთი ევროპული ქვეყანადა არა მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნები ფინეთი ან ნორვეგია, არამედ ავსტრიაც, გასული საუკუნის 80-იან წლებში ასევე ატარებდნენ ინდუსტრიულ პოლიტიკას, არა მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაკრედიტებით, არამედ საექსპორტო მარკეტინგული მომსახურებით და შესაბამისად, საშუალო ევროპულზე გაცილებით მაღალი ზრდის ტემპები ჰქონდათ.

 

 

ცალკე გამოსაყოფია ამერიკის შეერთებული შტატები, ქვეყანა №1 ეკონომიკით, სადაც მოხდა ფრიდმანის და ჰაიეკის ეკონომიკური იდეების პრაქტიკული დანერგვა. ბევრი ამ პერიოდს რატომღაც მხოლოდ რეიგანის პრეზიდენტობის ეპოქასთან აკავშირებს, რომელიც რეიგანომიკის სახელითაც არის ცნობილი, მაგრამ გასული საუკუნის 70-იან წლებში მისი დანერგვა დაიწყო არა მხოლოდ ჩილეში, არამედ სწორედ აშშ-ში პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის დროს, რომლის მრჩეველიც იყო მილტონ ფრიდმანი. ამხელა შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ ამავე პერიოდში აშშ-ში დაიწყო ინდუსტრიული პოლიტიკის ახალი პროგრამა თავდაცვითი და ჯანდაცვის სფეროების მხარდასაჭერად. ცნობისათვის 1950-1980-იან წლებში აშშ-ის დანახარჯების 65 %-მდეც კი ფედერალური მთავრობის წილად მოდიოდა, მაშინ როდესაც ისეთ ინდუსტრიული პოლიტიკის მხარდამჭერ ქვეყნებში როგორებიც სამხრეთ კორეა და იაპონიაა, საშუალოდ 20 % თუ იყო. დღეს ბევრი ცნობილი ეკონომისტი სამართლიანად აღიარებს, რომ ღია ბაზრის დოქტრინასთან ერთად, რომ არ ყოფილიყო ინდუსტრიული პოლიტიკის ელემენტების სიმბიოზი, აშშ-ის ამხელა ტექნოლოგიური უპირატესობა არ ექნებოდა არც სამხედრო და არც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ინტერნეტიც და გენური ინჟინერიის თანამედროვე მიმართულებებიც სწორედ აშშ-ში შეიქმნა სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით და დაფინანსებით.

 

 


-საბანკო სექტორი დღეს ნაკლებად აფინანსებს ეკონომიკის რეალურ სექტორს და ძირითადად ვაჭრობის და შესაბამისად იმპორტის დაფინანსებას ახდენს, აქედან გამომდინარე, უნდა იყოს თუ არა ჩართული უფრო აქტიურად ადგილობრივი წარმოების განითარებაში?

 

 

-ექსპორტის თუნდაც ის 3 მილიარდიანი მაჩვენებლი, რომელსაც მე შევეხე, აბა ვისი დაფინანსებულია? კომერციული ბანკი არის წმინდა კომერციული სტრუქტურა და აფინანსებს იმ რისკების მიხედვით, რაც მისი ოპერაციებისათვის რისკი-მოგების პრინციპით არის ადექვატური. სხვა შემთხვევაში ბანკი უბრალოდ ზარალზე გავა ან სულაც სერიოზული ლიკვიდობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. ყველა ის სამთავრობო პროექტი, რომელიც მიმართულია მეწარმეობის ხელშესაწყობად და სადაც სახელმწიფო ბანკებს რისკების ნაწილში შეეხიდა იქნება ეს „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი" თუ ,,იაფი აგრო სესხის" პროგრამა, სწორედ საბანკო სექტორის მიერ ფინანსდება.

 

 

რახან თქვენ გარკვეულწილად შეეხეთ, მეც მინდა განვავრცო პატრიოტიზმის თემა. პატრიოტიზმი სულაც არ ნიშნავს ფობიებს და სხვის მიუღებლობას. არამედ პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემას და იდენტობას გულისხმობს. გასულ წელს ერთ-ერთ კონფერენციაზე, რომელზეც ბიზნესის დაკრედიტების ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილებოდა, შესვენებებისას შემოთავაზებულ წვენების ასორტიმენტში არც ერთი ქართული დასახელების წვენი არ ყოფილა. არადა რომ არ გვქონდეს კიდევ მესმის. ქართული პროდუქცია ხარისხით არა თუ ჩამოუვარდება აქ შემოტანილ უცხოურ წვენებს, რამედ ჯობია და ფასიც მისაღებია. ჩემი გულისტკივილი სიტყვით გამოსვლაშიც გამოვხატე, და საინტერესო ის არის, რომ კონფერენციის მასპინძლებიც კი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩნენ, ამაზე არ გვიფიქრია და მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთო.

 


აი სწორედ აქიდან იწყება ის სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი და ნიჰილიზმი, რომლის გარეშეც ჩვენი ეკონომიკა ვერასოდეს ფეხზე ვერ დადგება. სწორედ ეს ნიჰილიზმია უარყოფითად, რომ მოქმედებს მომავლის პერსპექტივებზე, ჩვენი ეკონომიკის შესაძლებლობებზე, ნეგატიურად ზემოქმედებს სავალუტო კურსზე და არასწორ მოლოდინებს უწყობს ხელს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეკონომიკაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, იმპორტული პროდუქციის შეძენისას, ჩვენ ვაფინანსებთ არა ქართულ ეკონომიკას, არამედ უცხო ქვეყნებისას, ხოლო ჩვენი გადახდილი თანხები კონვერტირდება უცხოურ ვალუტაში და გადის ქვეყნის გარეთ, მაშინ როდესაც ქართული პროდუქციის შეძენისას ფულის დიდი ნაწილი აქ დარჩება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ბიუჯეტის დეფიციტსაც და ლარზე ზეწოლასაც.

 

რამდენი ახალი საწარმოც არ უნდა გაიხსნას თუნდაც „აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში, თუ მან პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხა და გაყიდვების მაშტაბები არ გაზარდა ის ვერ განვითარდება. მე არაერთი მეწარმისგან გამიგია, რომ მათ უჭირთ თავიანთი პროდუქციის შეტანა სუპერმარკეტებში და სხვა სარეალიზაციო ობიექტებში. უნდა გვახსოვდეს ქართული ეკონომიკის დაფინანსება გულისხმობს, არა მხოლოდ ლარის გამყარებას, არამედ სამუშაო ადგილების შექმნას და მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში, თავისი ყველა სიკეთით, იქნება ეს პენსიების ზრდა თუ სხვა სახის სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

 

 

-არ შემიძლია გვერდი ავუაროთ ლარის კურსის ქცევას, მაინც რა სჭირს ლარს და რატომ ვერ ხერხდება მისი დასტაბილურება?

 


-არ მინდა განვმეორდე ტრადიციულ შეფასებებში, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ლარის კურსზე ზემოქმედების ყველაზე ზუსტი ბარომეტრი არის საგადამხდელო ბალანსი და მისი დეფიციტი. ზოგადად თუ შევაფასებთ 2003 -2012 წლებში ეკონომიკის განვითარების საერთო სურათს, თვალნათლივ ჩანს ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი-საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდა, რომელიც საგადამხდელო ბალანსიის დეფიციტის ზრდით მიმდინარეობდა. მაგალითისათვის თუ 2003 წელს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი იყო - 676 მლნ აშშ დოლარი, მათ შორის ექსპორტი 743 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი -1.420 მლნ აშშ დოლარი, რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, მისი მაჩვენებელი -363 მლნ აშშ დოლარი იყო .

 

 

2012 წლისათვის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა უკვე კატასროფულ მაჩვენებელს მიაღწია- 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის ექსპორტი 3.3 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი - 7.7 მლრდ აშშ დოლარი იყო. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა კი 1.82 მლრდ აშშ დოლარი, ანუ მშპ-ის(15. 846 მლნ აშშ დოლარი) 11 % შეადგინა;

 


აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ამავე პერიოდში ექსპორტი გაიზარდა 4,4 ჯერ, ხოლო იმპორტი 5.4 ჯერ. მაგრამ ამავდროულად მიუხედავად ეკონომიკის ზრდისა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 363 მლნ შშ დოლარიდან 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე ანუ ასევე 5 ჯერ გაიზარდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაბალანსება ვერ მოახერხა ვერც ეერთმა ფუნდამენტურმა ეკონომიკურმა ფაქტორმა, ვერც საქონლის ექსპორტმა, ვერც მომსახურების ექსპორტმა, ვერც უცხოურმა ინვესტიციებმა და ვერც ფულადმა გზავნილებმა.

 


უცხოური ინვესტიციების პიკი 2007 წელზე მოდის, როდესაც ქვეყანაში 2 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა მისი მაჩვენებელი მშპ-სთან მხოლოდ 13 % იყო, მაგრამ რეალურად 2 ჯერ ჩამორჩებოდა სწრაფი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის სასურველ მაჩვენებელს.

 


ცალკეა გამოსაყოფი 2007-2012 წლები, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი შოკების ზეგავლენასთან ქვეყნის ეკონომიკაზე. ასევე ცალკე შეიძლება განვიხილოთ 2012-2016 წლები.

 

 

2007-2012 წლებში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ორნაწილად შეიძლება გავყოთ 2007-2008 წლებად და 2008 წლიდან 2012 წლამდე პერიოდებად.2007-2008 წლებში რომელიც გლობალურ კრიზის უკავშირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თავის ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა -2 მლრდ აშშ დოლარიდან გაიზარდა -2. 8 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც მშპ-ის 30 %-ზე მეტი იყო. ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი მაღალი დოლარიზაციის და დეინდუსტრიალიზებული ეკონომიკების საგარეო შოკებზე ზე-მგრძნობიარე დამოკიდებულებისა.

 

 

რაც შეეხება 2008-2012 წლების პერიოდს ამ ინტერვალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა - 2. 8 მლრდ აშშ დოლარიდან - 1. 9 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც ექსპორტის ზრდის შედეგი იყო; ამავე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსიც სტაბილური იყო, რაც უკვე დაკავშირებულია არა უცხოური ინვესტიციების (ინვესტიციები ამ პერიოდში არა თუ გაიზარდა არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა და 2009-2012 წლებში მაქსიმუმს 2011 წელს მიაღწია 1, 1 მლრდ აშშ დოლარი) ან ეკონომიკის დივერსიფიკაციის ზრდასთან, არამედ საერთაშორისო დახმარების პროგრამასთან რომელიც ქვეყანამ რუსეთთან გადატანილი სამხედრო დაპირისპირების შემდგომ პერიოდში მიიღო რამდენიმე მილიარდიანი დახმარების სახით.

 

 

ამის მაგალითია თუნდაც ექსპორტის სტრუქტურა. 2012 წლის მიხედვით, სასაქონლო ექსპორტის ჯგუფებში საექსპორტო საქონლის სტრუქტურა. აქ წამყვანი ადგილი უჭირავს შავ ლითონებს, სასუქებს და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს, ციტრუსებს და ალკოჰოლიან სასმელებს, რაც მთლიანი ექსპორტის 70 % უჭირავს.

 


რაც შეეხება 2012 -2016 წლებს, ამ პერიოდში მიდინარე ანგარიშის დეფიციტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო 2013 წელს - 937 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც მშპ-ის 6 %-ია და პირველ რიგში საქონლის და მომსახურების ექსპორტის ზრდის გამო, ამ პერიოდში შემცირდა უარყოფითი სავაჭრო სალდოც -4 401 მლნ აშშ დოლარიდან -3 653 მლნ აშშ დოლარამდე;

 

 

თუმცა ამის შემდეგ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კვლავ გაიზარდა და 2015 წელს -1 669 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გაიზარდა უარყოფითი სავაჭრო სალდოც -4 475 მლნ აშშ დოლარამდე, რაც პირველ რიგში ექსპორტის ღირებულების შემცირების გამო მოხდა.

 

 

-დღეს ექსპერტრთა ნაწილი სწორედ ამ მაჩვენებლებს ეყრდნობა როდესაც ეჭქვეშ აყენებს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის და სამთავრობო პროგრამების ეფექტურობას, რამდენად ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?

 

 

– სამწუხაროდ ამ შეფასებების ნაწილი სუბიექტურია და ტენდენციურობით გამოირჩევა. იგივეს ვიტყვი ლარიზაციის პროგრამის შესახებაც. პროგრამა ჯერ არ დაწყებულა და უკვე ცალსახა უარყოფითი დასკვნებია გამოტანილი. ეს განსაკუთრებით პოლიტიკური კუთხით გაკეთებულ შეფასებებს ეხება.

 

 

ექსპორტის შემცირებას რაც შეეხება, იგი დაკავშირებულია 2014-2015 წლებში განვითარებულ გლობალურ შოკებთან, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაიაფებას და აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მკვეთრ გაძვირებას მოყვა. შედეგად, ჩვენს ძირითად საექსპორტო ქვეყნებში კრიზისული ტრენდი და საექსპორტო საქონელზე ფასების ვარდნა გამოიწვია და თუნდაც მიმდინარე წელს ექსპორტის შემცირება ექსპორტის ღირებულების შემცირების გამო მოხდა და არა გაყიდვების მოცულობის შემცირების გამო. რაც მთავარია აქაც გამოჩნდა გასული ათწლეულის შეცდომების შედეგები. ჩვენი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფები პრაქტიკულად იგივე დარჩა, ხოლო ახალი სერიული წარმოების სასაქონლო ჯგუფების განვითარებას დრო სჭირდება მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა ექსპორტში რეექსპორტის წილი და გაიზარდა იგივე ფარმაცევტული წარმოების წილი.მიმაჩნია, რომ 2014 წელს ექსპორტის ამ ტრადიციულმა ჯგუფებმა სერიოზული გაფართოების მიმართულებით თავისი თავი ამოწურეს.

 

 

ეკონომიკის დივერსიფიკაციის, ახალი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების დაფინანსების და ახალი სერიული წარმოების პროდუქციის გარეშე ანუ რეინდუსტრიული პოლიტიკის ხელშეწყობის გარეშე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩება და მომავალშიც სერიოზულ დაწოლას მოახდენს ლარის კურსზე;

 

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე აქცენტების გადატანა, ეკონომიკის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განვითარება და ლარიზაციის ხელშეწყობა არის გზა რეინდუსტრიალიზაციისაკენ და საბოლოოდ ამ პრობლემის გადაჭრისაკენ. ნებისმიერ სერიოზულ პროექტს პირველი ეფექტის მისაღებად სჭირდება დრო, საშუალოდ 3-5 წელი მაინც და დარწმუნებული ვარ, დადებით შედეგებს ჩვენ უკვე უახლოესი 2 წლის მანძილზე, 2017-2018 წლებში მივიღებთ.

 

 

აქვე მსურს აღვნიშნო პირველი ქართული აგროჰაბის შექმნა, სადაც ათასზე მეტი მაღალხარისხიანი ქართული აგროპროდუქციაა წარმოდგენილი. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა, თავად აგროჰაბი ფლობს რამდენიმე საწარმოს, რომელიც „იაფი აგროკრედიტის" ფარგლებში გაიხსნა და რაც ძალზე მნიშვნელოვანია იგი ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე მომძლავრებული იმპორტული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩანაცვლებას. ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაცია, საბანკო და და ფინანსური სექტორის განვითარება, ასევე ტურიზმის როგორც მომსახურების სფეროს განვითარება კარგია, მაგრამ არასაკმარისი. სწრაფი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის, ჩვენ ამავდროულად გვჭირდება ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა, თუნდაც კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობა, რომელიც ასევე დააფინანსებს ტურიზმს, და უცხოურ კომპონენტებზე დამოკიდებულ ადგილობრივ სამრეწველო წარმოებას.