geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 09:25
Beard.ge - წვერის მოვლის ქართული პროდუქცია, რომელიც იმპორტირებულის ჩანაცვლებას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს
2017-01-08 18:55:45
+
-

ჰიგიენური და გამაჯანსაღებელი პროდუქცია, სავარცხლები და ჯაგრისები, საახალწლო მორთულობები და ვიკინგური სამაგრები, ეს ყველაფერი არაა, რასაც კომპანია Beard.ge მამაკაცებს წვერის მოვლისთვის სთავაზობს. ამ ახალი ბიზნესის დეტალებზე businesscontract.ge მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ირაკლი ძაგანიშვილს ესაუბრა.

 

- რა არის beard.ge, მოგვიყევით თქვენი ბიზნესის შესახებ და საიდან გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა?

 

- beard.ge არის სტარტაპ კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ჯანსაღი და ორგანული ინგრედიენტებისგან შექმნილ წვერის მოვლის პროდუქციას. საკუთარ თავს წვერის დიდ გულშემატკივრებს ვეძახით.თავიდან გვინდოდა მსგავსი პროდუქცია მეგობრისთვის გვეჩუქებინა და სამწუხაროდ საქართველოში ვერ მივაკვლიეთ, არ არის საუბარი ხარისხიან პროდუქციაზე. სწორედ აქედან გაჩნდა ამ ბიზნესის იდეაც. კაცების თავის მოვლის კულტურას, გენდერზე დამახინჯებული წარმოდგენები აბრკოლებს და ჩვენ ამ პრობლემის შემსუბუქებას წვერის მოვლის საშუალებების პოპულარიზაციით ვცდილობთ.

 

- შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტები არ გყავთ?

 

- ქართულ ბაზარზე აქამდე კონკურენტი არ გვყოლია, ყოველშემთხვევაში მსგავსი წვერის მოვლის საშუალებების დაბრენდვა არავის გაუკეთებია.
ჩვენი ძირითადად პროდუქცია beard.ge-ს სახელით არის გამოშვებული და ქარხნები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ჩვენი დაბრენდვით აწარმოებენ წვერის მოვლის საშუალებებს. პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს, მაგრამ ძირითადი მომწოდებლები ამერიკა და მაროკოა.

 

კომპანიის მთავარი მიმართულება პროდუქციის საქართველოში წარმოებაა, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. გვინდა, რომ უფრო განვავითაროთ ეს ხაზი. აი მაგალითად, საქართველოში ჩვენი ბიზნესისთვის მზადდება ვიკინგური სტილის ძველებური ხელნაკეთი წვერის სამაგრები, რომლებიც ქართული ორნამენტებითაა გაკეთებული და თითოეული მათგანი უნიკალურია.

 

- რამდენი სახეობის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს და როგორია ფასები თქვენს ნაწარმზე?

 

ამეტაპზე 20 სახეობის პროდუქცია გვაქვს და ყოველდღე უფრო მრავალფეროვანს ვხდით ჩვენს ნაწარმს. სახალისო კატეგორიებიც ავირჩიეთ, როგორიცაა წვერის საახალწლო მორთულობები, ბურთები რომელიც წვერს ნამდვილ ნაძვისხედ აქცევს.

 

რაც შეეხება ფასებს, 7.95 ლარიდან - 48,95 ლარამდე მერყეობს.

 

3 000 დოლარამდე ინვესტიციის ჩადება დაგვჭირდა თავიდან, მაშინ პროდუქცია სატესტო რეჟიმში გვქონდა ჩაშვებული და არჩევანიც ძალიან მცირე იყო. სულ 5 სახის პროდუქტით ვიყავით წარმოდგენილნი.

 

- უკვე 5 თვე გავიდა, გაამართლა თუ არა ამ ბიზნესმა?

 

Beard.ge - ს გახსნიდან ერთ თვეში წვერის მოვლის საშუალებებზე მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველაზე მეტად რამაც გაგვაოცა იყო ის, რომ
ჩვენი მომხმარებლები გარდა ახალგაზრდებისა, არიან მამაოებიც. ჩვენს გუნდს არ გვქონდა გათვლილი, რომ მომხმარებლის სეგმენტის უმეტესობა მამაოები იქნებოდნენ, თუმცა ეს ფაქტი ძალიან გვახარებს.

 

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

2017 წელს ვგეგმავთ თბილისის ყველა მოლში გვქონდეს ჩვენი სტენდი და ასევე ვფიქრობთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც, აზერბაიჯანსა ან უკრაინაში. ქართული ნაწარმი მაქსიმუმ 6 თვეში გვექნება და ნელ-ნელა ბაზარზეც გამოჩნდება.

 

მომავალ წელს ასევე ვგეგმავთ გავაკეთოთ საქართველოში დამზადებული ისეთი მრავალფეროვანი პროდუქციის ხაზი, რომელიც იმპორტირებულ პროდუქციას ჩაანაცვლებს. უკვე დამზადებული გვაქვს საქართველოში წვერის საპონიდა ზეთი, უბრალოდ გატესტვის რეჟიმში ვართ, უნდა გაიაროს ყველანაირი შემოწმება, რომ ნამდვილად უსაფრთხო და სასარგებლოა. ასევე ვგეგმავთ აბსოლუტურად ყველა იმპორტირებული პროდუქტების ალტერნატივა შევქმნათ და ყველაფრის წარმოება საქართველოში მოხდეს. ყველაფერი რაც საქართველოში იქნება წარმოებული beard.ge-ს სახელით გამოვა.

 

წინასაახალწლოდ მომხმარებლებს ვთავაზობთ ახალ პროდუქტს, ეს არის გარეული ღორის ჯაგრისგან დამზადებული წვერის ჯაგრისიდა გვექნება საახალწლო ფასდაკლებებიც.

 

"ბიზნესკონტრაქტი"