geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:13
KTW ჯგუფი სასტუმროს ბიზნესში შედის
2017-01-09 11:00:52
+
-

ინტერვიუ ღვინის მწარმოებელი კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის" ხელმძღვანელ ზურაბ ჩხაიძესთან

 


- 2016 წელი კოპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობისთვის" როგორი წელი იყო, რა იყო მთავარი გამოწვევა და მთავარი მიღწევა, რას გამოყოფდით?


-2016 წელი საკმაოდ პოზიტიური იყო KTW ჯგუფისთვის, ვინაიდან ის გეგმები, რომელიც გაწერილი გვქონდა, განვახორციელეთ, ჩავდეთ ინვესტიციები როგორც კახეთის რეგიონში, ასევე დასავლეთ საქართველოში (გურიაში), ქართლში.


-ბიზნესმენების უმრავლესობა ყურადღებას ლარის კურსზე ამახვილებს. თქვენს შემთხვევაში 2016 წელს მთავარი გამოწვევა რა იყო?


-ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ალბათ, ის იყო, რომ გავაფართოეთ წარმოება.მაგალითად, ველისციხეში მუკუზანის ზონაში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქარხანა გვაქვს. ალბათ, ეს იყო გამოწვევა. ასევე გამოწვევა იყო ბაზრების დივერსიფიკაცია და განვითარება.


-თქვენ  ყურძნის უნიკალური ჯიშების გაცოცხლებას გეგმავდით. ამ მიმართულებით რამდენად მოახერხეთ გეგმების განხორციელება?


-ჩვენ დავარიგეთ იშვიათი ჯიშები, გადავეცით მოსახლეობას აჭარაში, გურიაში. გარდა ამისა, 2 წლის წინ ჩავყარეთ საგურამოში ვაზი. გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ 2016 წელს ერთ-ერთი გამოწვევა გურამიშვილის მარანი იყო. ეს ჩემთვის ძალიან სათუთი თემაა, რადგან მინდოდა, რომ თვალშისაცემად სასიამოვნო ყოფილიყო ტურისტებისათვის და ზოგადად, ვიზიტორებისათვის. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით განვითარებას გავაგრძელებთ,რადგან საქართველოს ყველა კუთხეში არის გამორჩეული ჯიში და რომელიც ჯერ ცნობილი არ არის.


-2016 წელს კომპანიის საექსორტო სიას რომელი ახალი ქვეყნები დაემატა?


-ქართული ღვინის იმიჯი ექსპორტზე დგას, ვინაიდან მოხმარების კუთხით პატარა ქვეყანა ვართ. არის ტრადიციული ბაზრები,სადაც ქართული ღვინო ყოველთვის მოთხოვნადი იყო, თუმცა, არის ისეთებიც,სადაც ქართულ ღვინოზე არაფერი იციან. KTW ჯგუფის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ჩინეთში 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ექსპორტის  დაახლოებით 300 პროცენტიანი ზრდა გვქონდა. ვფიქრობ, რომ ექსპორტის კუთხით 2017 წელი ბევრად უფრო წარმატებული იქნება. ექსპორტის ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პირდაპირ არის დაკავშირებული ლარის კურსზე. რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს ექსპორტი იმისთვის, რომ ქვეყანში უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს.


-ადგილობრივი ბაზარზე ბოთლის ღვინის მოხმარება იზრდება?


-ბოლო წლების განმავლობაში ბოთლის ღვინის მოხმარებამ იმატა.  ყოველი წელი ამ მხრივ პოზიტივია. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხარისხი საკმაოდ ამაღლდა.


-ღვინის გარდა მინდა რომ საკონსერვო საწარმო „ნენაზე" გკითხოთ. ეს შედარებით ახალგაზრდა ბრენდია, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა და ასორტიმენტის გამრავალფეროვნების კუთხით იზრდება. ამ ბრენდმა თქვენი ჯგუფის იმედები გაამართლა?


- „ნენამ" თავისი ადგილი დაიმკვიდრა ბაზარზე. ყოველ თვე გვეზრდება ასორტიმენტი. „ნენას" პროდუქცია უკვე ევროპის ქვეყნებში გადის. ის გადაიტვირთა რუსეთშიც. 3 თვეში უკვე მესამე კონტეინერი გავუშვით ჩინეთის მიმართულებითაც. ჩვენ მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი გვაქვს „ნენას" გაფართოება. სავარაუდოდ, დავამატებთ ბოსტნეულის ხაზს და ეს სავარაუდოდ, ჩოხატაურში მოხდება.


-რა ოდენობის ინვესტიციას განახორციელებთ?


-ასე გამიჭირდება თქმა. ალბათ, 500 000 ლარზე ნაკლებად არ იქნება. თუმცა, რაც იქნება ამას „კახური ტრადიციული მეღვინეობა" დააფინანსებს.


-მიმდინარე წელს რაიმე ახალი მიმართულების ათვისებას ხომ არ გეგმავთ?


-სურვილი ერთია, საშუალება და განხორციელება მეორე. ვფიქრობ, რომ გურიაში ინვესტიცია გაგრძედება, ასევე ხობში, ჩვენ იქ თხილის პლანტაციებს ვაშენებთ, ამას მიებმება თხილის გადამამუშავებელი ქარხნის საწარმო „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ გურიაში, სოფელ ასკანაში ქარხნის მშენებლობას. გაგრძლედება ინვესტიცია კახეთში. საგურამოს პროექტი (გურამიშვილის მარანი) იმდენად საინტერესოა, რომ შესაძლოა, იქ შექმნათ ღამის დასარჩენი, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო. ეს არის სამომავლო გეგმა. არ გამოვრიცხავ კახეთში სასტუმროს მშენებლობასაც, თუმცა, ვერ გავაჯერებ იმ ადგილს, რადგან ფასი მოემატება. მგონია, რომ 2017 წელი ბევრად საინტერესო წელი იქნება.


-ანუ პრემიერის ოპტიმიზმს, რომ 2017 წელი მაგარი წელი იქნება, იზიარებთ?


-მე ვიზიარებ იმ კურსს და მიმართულებას,რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. აქედან იწყება ახალი ბიზნესის განხორციელება. თქვენ იცით, რომ სუბსიდირებულია საბანკო პროცენტის გარკვეული ნაწილი, რაც საკმაოდ დიდი მხარდაჭერაა. მე ვეთანხმები პრემიერის და მთავრობის პოზიციას. ის კურსი, რომელიც აიღო  ბიძინა ივანიშვილმა, უნდა გაგრძელდეს.


-დღეს სად საჭიროებს ბიზნესი ყველაზე მეტად წახალისებას?


-ვერ გამოვყოფ ცალკე რომელიმე მიმართულებას. ეს კომპლექსურია. ამას თან უნდა სდევდეს პროფესიული, ტექნიკური განათლების სასწავლებლები. წინამძღვრიაანთ კარში გაიხსნა სასწავლებელი. ასეთი მიმართულებები უნდა არსებობდეს ყველა რეგიონში. იქ ნასწავლი კადრები ჩათვალეთ რომ დასაქმებულია, რადგან ტექნიკურ პროფესიებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.


 

1 Jan, 1970